მსოფლიოპოლიტიკა

ახალ ზელანდიაში კორონავირუსის ერთი შემთხვევის გამო მკაცრი ლოქდაუნი გამოცხადდა

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 3-დღიანი ლოქდაუნი გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ერთ ადამიანს – 58 წლის მამაკაცს ოკლენდში კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევაა. პრემიერის თქმით, სავარაუდოა, რომ მამაკაცი ძალიან გადამდები ვარიანტით – დელტა შტამითაა ინფიცირებული. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მთელ ახალ ზელანდიაში ოთხშაბათიდან, 18 აგვისტოდან მინიმუმ სამი დღის განმავლობაში იმოქმედებს ყველაზე მკაცრი, მეოთხე დონის ლოქდაუნი, ხოლო მოსახლეობის მხრივ უდიდესი ქალაქი ოკლენდი და ზღვისპირა ქალაქი კორომანდელი, სადაც ინფიცირებულმა მამაკაცმა მოასწრო ყოფნა, 7 დღითი ჩაიკეტება.

ლოქდაუნის მოქმედებისას მხოლოდ აუცილებელი სამსახურები, აფთიაქები და მაღაზიები იმუშავებენ. სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები დისტანციურ სწავლებაზე გადავა.

„მინდა დავარწმუნო ახალი ზელანდია, რომ ჩვენ თავიდანვე ვემზადებოდით მოვლენათა ასეთი განვითარებისათვის. მკაცრმა და დროულმა მოქმედებებმა ადრე კარგად იმუშავა. იმის მიხედვით, რაც სხვა ქვეყნებში ხდება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რა შეიძლება მოხდეს, თუ ვერ შევძლებთ ვირუსს დავასწროთ. მხოლოდ ერთი შანსი გვაქვს“, – განაცხადა პრემიერმა.

ამჟამად მედიკოსები ამოწმებენ ყველას, ვისაც ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი. არდერნის თქმით, ლოქდაუნი კონტაქტების მინიმუმამდე შემცირების საშუალებაა, დროს მისცემს ხელისუფლებას, მეტი მონაცემი შეაგროვოს და მთელი ქვეყნის მოსახლეობას ტესტები ჩაუტაროს.

ახალ ზელანდიაში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 4,9 მლნ-ია, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 2926 შემთხვევა; ინფიცირებულთაგან გამოჯანმრთელდა 2857 ადამიანი, 26 კი დაიღუპა. ამჟამად აქტიური შემთხვევების რაოდენობა 43-ს უდრის, თუმცა არცერთი მათგანი არ არის ჰოსპიტალიზებული.

„ბიბისი“ წერს, რომ ახალმა ზელანდიამ ქვეყნის შიგნით კორონავირუსის დამარცხება შეძლო, თუმცა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრები დაკეტილი რჩება. ამასთან, ახალ ზელანდიაში ვაქცინაცია ნელი ტემპით მიმდინარეობს: ამ დროისთვის სრულად აცრილია მოსახლეობის 20%, ხოლო, სულ მცირე, ერთი დოზა მიღებული აქვს 33%-ს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close