კრიმინალი

სამმაგი მკვლელობის ვერსიები – როგორ აღმოჩნდნენ მკვლელობის საქმეში ზვიადაურები

„ჩემმა შვილმა ზვიადაურები ესპანეთში, ემიგრაციაში გაიცნო და მას შემდეგ ძმებივით იყვნენ“,- ზვიადაურების საქმეზე დაკავებულის დედა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, სასტუმრო „რედისონთან“ ახლოს, რომელსაც აქაურები „მუხიანის ტყეს“ უწოდებენ, საგამოძიებო სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამ ადგილზე მკვლელობა მოხდა 16 აგვისტოს, დაახლოებით საღამოს შვიდ საათზე.

მკვლელობის ადგილთან მისასვლელი გზა საპატრულო პოლიციას აქვს გადაკეტილი. შორიდან მოჩანს საპატრულო ეკიპაჟები, გამომძიებლები და სახანძროს მანქანა. გამოძიება ადასტურებს, რომ მკვლელობა სწორედ ამ ტერიტორიაზე მოხდა, თუმცა დაპირისპირების მიზეზებსა და დეტალებზე არაფერს ამბობს.

„მუხიანის ტყე“ სოფლის განაპირა ტერიტორიაა, სადაც ახლა სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. აშენებენ დასასვენებელ კოტეჯებს და ღვინის ქარხანას, თუმცა ყველაზე ახლო სახლი ამ ადგილიდან დაახლოებით 200 მეტრშია.

შემთხვევის ადგილი

რადიო თავისუფლებას ორმა ინფორმირებულმა წყარომ მომხდარის სავარაუდო მოტივებზე ორი განსხვავებული ვერსია უამბო.

ერთის მიხედვით, წინანდალში მცირე ზომის ღვინის ქარხანას აშენებდნენ თავად ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური და მისი ძმა, თუმცა ოფიციალურ დოკუმენტებში მათი გვარი არ ჩანს. იქვე ახლოს მეორე, ტურისტული ობიექტი შენდება და დიდი ხანია მეზობლებს შორის დაპირისპირებაა. მხარეები ტერიტორიას ვერ იყოფენ. ამის გამო მათ ადრეც ბევრჯერ უჩხუბიათ – მომხდარა როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური დაპირისპირება.

მეორე წყაროს ვერსიით კი, თავდაპირველად დაპირისპირება მეზობელ მშენებლობებზე დასაქმებულ მუშებს შორის დაიწყო. მათ ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ ყოფით ნიადაგზე. „ვახშმის დაწყებამდე მუშები წაკამათდნენ, ცემენტი თქვენს ტერიტორიაზე რატომ არ მოზილეთო”, – უყვება წყარო რადიო თავისუფლებას და ამატებს, რომ ერთ-ერთმა მუშამ, რომელიც წარმოშობით ახმეტიდან არის და ზვიადაურების ახლობელია, დასახმარებლად ძმებს დაურეკა.

მისივე ინფორმაციით, თავდაპირველად „საქმის გასარჩევად“ ახმეტიდან წინანდალში ზურაბ ზვიადაურის ძმა – ზვიად ზვიადაური ჩავიდა. მისი მისვლიდან ცოტა ხანში კი ადგილზე რამდენჯერმე გაისროლეს, რა დროსაც დაიჭრა ზვიად ზვიადაური. გასროლის შემდეგ ადგილზე მყოფი ახმეტელი მუშებიდან ერთ-ერთმა დასახმარებლად ზურაბ ზვიადაურს დაურეკა.

ადგილზე მისულს, მას ძმა დაჭრილი დახვდა. ამის შემდეგ ზურაბ ზვიადაურმა მეგობრის ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლა მშენებლობაზე დასაქმებულ ნიკა კენჭოშვილს.

შსს ამბობს, რომ ადგილზე ორი სხვადასხვა – „სტეჩკინის“ ტიპის პისტოლეტიდან და „საიგას“ ტიპის ნახევრად ავტომატური იარაღიდან ისროდნენ. ორივე იარაღი გამოძიების ნივთმტკიცებებს შორისაა. ამ დაპირისპირების შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა და 2 დაიჭრა.

დაჭრილი ძმა და ახმეტელი ვასილ ცოცხალაშვილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში საკუთარი ავტომობილით მიიყვანა ზურაბ ზვიადაურმა, თუმცა ადგილზე ექიმებმა თქვეს, რომ ორივე მათგანი უკვე გარდაცვლილი იყო. ამავე კლინიკაში მიიყვანეს დაჭრილი ნიკა კენჭოშვილიც, ექიმებმა ამ შემთხვევაშიც თქვეს, რომ მათთან მოხვედრის მომენტში ის უკვე აღარ იყო ცოცხალი.

თელავის სხვა კლინიკაში მიიყვანეს კიდევ 2 დაჭრილი, რომლებსაც მრავლობითი დაზიანებები ჰქონდათ, თუმცა ექიმებმა მათი დახმარება შეძლეს.

დღეს, 17 აგვისტოს დილით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ორი ადამიანი: ერთი – ზურაბ ზვიადაური და მეორე – მისი ახლო ნათესავი ჯაბა ჯანგირაშვილი. სწორედ ჯანგირაშვილის იარაღიდან გაისროლა ზურაბ ზვიადაურმა. სამართალდამცავები ჯანგირაშვილს იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვას ედავებიან, რასაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.

რადიო თავისუფლება დაკავებული ჯაბა ჯანგირაშვილის დედას ესაუბრა. ლუიზა ბიჩინაშვილმა მომხდარი დაპირისპირების და მკვლელობის შესახებ თითქმის არაფერი იცის.

„ჩვენ თიანეთიდან ვართ. ჩემმა შვილმა ზვიადაურები ესპანეთში, ემიგრაციაში გაიცნო და მას შემდეგ ძმებივით იყვნენ. შემდეგ მათი ბავშვი მონათლა. ჩემი შვილის ქვისლი კახეთიდანაა, სამშენებლო მასალების ბიზნესი აქვს და ჯარჯიც თელავში იყო, მას ეხმარებოდა. რა მოხდა იქ, არაფერი ვიცი “, – ამბობს ჯაბა ჯანგირაშვილის დედა ლუიზა ბიჩინაშვილი.

გამოძიება ამტკიცებს, რომ თავდაპირველად ნიკა კენჭოშვილმა ესროლა ზვიად ზვიადაურს და მის ახლობელს ვასილ ცოცხალაშვილს. ამის შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა ზურაბ ზვიადაურმაც, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა 1994 წელს დაბადებული ნიკა კენჭოშვილი. ის დასავლეთ საქართველოდანაა და სახლში ჯერ არ გადაუსვენებიათ.

ოლიმპიური ჩემპიონი, ზურაბ ზვიადაური გასულ წელს ახმეტაში მომხდარი ჩხუბის დროს დაჭრეს. ზვიადაურის დაჭრას წინ უძღოდა სუფრაზე ნასვამი პირების ურთიერთშელაპარაკება.

ზურაბ ზვიადაურმა ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული 2004 წელს, ათენის ოლიმპიადაზე მოიპოვა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ზვიადაური 2012-2016 წლების მოწვევის პარლამენტში ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი იყო კოალიცია „ქართული ოცნებიდან“.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close