იტალიასაზოგადოება

კუნძულ სიცილიაზე შესაძლოა ევროპის ტემპერატურული რეკორდი დამყარდა, იტალიას ხვალიდან სიცხის ტალღა მოიცავს

Sias-ის ქსელის მონაცემებით, იტალიის კუნძულ სიცილიაზე, სირაკუზის პროვინციაში 11 აგვისტოს დღისით პლუს 48,8 გრადუსი (ცელსიუსით) დაფიქსირდა. ინფორმაციას „ანსა“ ავრცელებს.

წინა დღით, სამშაბათს თერმომეტრმა +47°C უჩვენა ლენტინიში (სიცილია).

თუ მონაცემები დადასტურდა შესაბამისი ანალიზის შედეგად, ეს იქნება ევროპის ტემპერატურული რეკორდი და მოიხსნება 1977 წელს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში დაფიქსირებულ ოფიციალური რეკორდი  – 48°C; აგრეთვე, არაოფიციალური რეკორდიც  – 48,5°C, რომელიც 1999 წელს კატენანუოვაში აღინიშნა (სიცილია – რედ.), –  ამბობს 3bmeteo.com-ის მეტეოროლოგი მანუელ მაზოლენი.

იტალიაში ტემპერატურის მატება აფრიკული ანტიციკლონით, „ლუციფერითაა“ გამოწვეული. პროგნოზის თანახმად, „ლუციფერი“ კონტინენტური იტალიის გავლით ჩრდილოეთით მიემართება.

ხვალიდან, დილის 8 საათიდან მოსალოდნელია ტემპერატურის მატება კამპანიაში, სადაც ანომალიური სიცხე, სულ ცოტა, 72 საათს გარძელდება. ტემპერატურა ამ პერიოდის საშუალო მაჩვენებელზე 7-8 გრადუსით მაღალი იქნება. შაბათიდან წითელი საფრთხის ზონად ცხადდება 17 ქალაქი: ანკონა, ბარი, ბოლონია, ბოლცანო, ბრეშია, კალიარი, კამპობასო, ფლორენცია, ფროზინონე, ლატინა, ნეაპოლი, პალერმო, პერუჯა, რიეტი, რომი, ტრიესტი და ვიტერბო.

სამოქალაქო დაცვის სამსახური აფრთხილებს მოქალაქეებს, არ გაჩერდნენ მზეში და არ დაკავდნენ სპორტით. განსაკუთრებით გასაფრთხილებლები არიან გულის დაავადების მქონე ადამიანები, ხანდაზმულები, ბავშვები და რისკჯგუფის წარმომადგენლები. რეკომენდებულია ბევრი სითხის დალევა და მსუბუქი საკვების მიღება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close