fbpx
მედიცინამსოფლიოსაქართველო

ისრაელისა და საქართველოს შემთხვევების შედარება: მუშაობს თუ არა COVID-19-ის ვაქცინა

მთავარი მსგავსება კი ამ ორ სახელმწიფოს შორის ისაა, რომ COVID-19-ით გარდაცვლილთა 99% მოსახლეობის იმ ნაწილზე მოდის, რომელსაც ვაქცინა არ აქვს მიღებული

მსოფლიოს მასშტაბით COVID-19-ის პანდემიის მეოთხე ტალღა მძვინვარებს, რომლის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტიან საშუალებად ჯანდაცვის ექსპერტები ვაქცინას ასახელებენ. 

მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის ეფექტიანობას ასეულობით სამეცნიერო კვლევა და ქვეყნის მაგალითი ადასტურებს, მაინც არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ფაქტებს უგულებელყოფენ და ინფორმაციას შეგნებულად ამახინჯებენ, რათა ანტივაქსერული ნარატივები გაავრცელონ და დეზინფორმაციის საშუალებით მოსახლეობაში ვაქცინების მიმართ ნდობა შეამცირონ.

საქართველოში გავრცელებული ანტივაქსერული ნარატივებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ისრაელს უკავშირდება, რომელიც ასე ჟღერს:

ისრაელის მოსახლეობის თითქმის 60% სრულად აცრილია, თუმცა COVID-19 მაინც ვრცელდება და შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. რა საჭიროა ვაქცინა, თუკი ის ვირუსს ვერ აჩერებს?

პირველ რიგში, აღნიშნული დებულების გადამოწმება ძირითადი მაჩვენებლების შედარებით უნდა დავიწყოთ.

ისრაელის მოსახლეობა 9.3 მილიონია, რაც თითქმის 2.5-ჯერ აღემატება საქართველოს მაჩვენებელს. მოსახლეობის 59.6% სრულადაა აცრილი, 64% კი – ერთი დოზით მაინც.

შედარებისთვის, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 5.4%-ა ვაქცინირებული, შესაბამისად, 3.5 მილიონზე მეტ მოქალაქეს ვაქცინა ჯერაც არ აქვს მიღებული.

საგულისხმოა, რომ ისრაელსა და საქართველოში გამოვლენილი შემთხვევების უდიდესი ნაწილი COVID-19-ის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ვარიანტზე, დელტაზე მოდის.

იმუნოლოგების თქმით, დელტა ვარიანტის წინააღმდეგ საზოგადოებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის მოსახლეობის 80%-ზე მეტის აცრაა საჭირო.

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის მოსახლეობის 60% ვაქცინირებულია, 3 მილიონზე მეტ მოქალაქეს აცრა ჯერაც არ მიუღია, რაც უკანასკნელ პერიოდში ინფიცირების შემთხვევების მკვეთრად ზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სახელდება.

რაც შეეხება კოვიდსტატისტიკას, უკანასკნელი 7 დღის მონაცემებით, საქართველოსა და ისრაელში COVID-19-ის ახალი შემთხვევების დადასტურების თითქმის მსგავსი მაჩვენებლებია [27 000], თუმცა ამ მონაცემების აბსოლუტურ რიცხვებში განხილვა რეალური სურათის აღქმაში ვერ დაგვეხმარება, რადგან ის მოსახლეობის რაოდენობას არ ითვალისწინებს.

მილიონ მოსახლეზე შემთხვევების რაოდენობით კი საქართველო ისრაელის მაჩვენებლებს თითქმის 2.3-ჯერ უსწრებს.

The New York Times-ის სტატისტიკის მიხედვით, ყოველ 100 000 მოსახლეზე COVID-19-ის გავრცელებით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

სიკვდილიანობის სტატისტიკა კიდევ უფრო სავალალოა, უკანასკნელ 7 დღეში საქართველოში 272 ადამიანი გარდაიცვალა, ანუ მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი 73-ს უტოლდება.

ამავე პერიოდში ისრაელში 72 ადამიანი გარდაიცვალა, სადაც მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი 8-ს შეადგენს.

შედარებისთვის, სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო ისრაელს 9-ჯერ აჭარბებს.

9-ჯერ მეტი სიკვდილიანობა -სწორედ ესაა ის სტატისტიკა, რომელიც ცხადყოფს ვაქცინების ეფექტიანობას.

ასევე, ვაქცინების ეფექტიანობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ მსოფლიოს მასშტაბით COVID-19-ით გარდაცვლილთა 90%-ზე მეტი იმ ადამიანებზე მოდის, რომელთაც ვაქცინა არ ჰქონდათ მიღებული.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის [CDC] ცნობით, ვაქცინირებულთა 99.99%-ზე მეტს არ ჰქონია COVID-19-ის ისეთი მძიმე ფორმა, რომელიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებდა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, 2021 წელს გარდაცვლილთა 99.7% აუცრელი იყო.

ისრაელისა და საქართველოს შემთხვევები ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულია: ერთ მხარეს გვაქვს ქვეყანა, სადაც მოსახლეობის 60% ვაქცინირებულია და მილიონში მხოლოდ 8 იღუპება COVID-19-ით, გარდაცვლილთა 99% კი აუცრელია.

მეორე მხარეს კი – საქართველო, სადაც მხოლოდ 5.4%-ია აცრილი და სიკვდილიანობის მაჩვენებელი 9-ჯერ აჭარბებს ისრაელის მონაცემებს, მილიონ მოსახლეში კი COVID-19-ით 73 ადამიანი იღუპება.

მთავარი მსგავსება კი ამ ორ სახელმწიფოს შორის ისაა, რომ COVID-19-ით გარდაცვლილთა 99% მოსახლეობის იმ ნაწილზე მოდის, რომელსაც ვაქცინა არ აქვს მიღებული.

tabula.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close