ბავშვები ჯერ კიდევ დაბადებამდე ხედავენ სიზმრებს იმ სამყაროზე, რომელსაც უნდა მოევლინონ
წარმოიდგინეთ, როგორ გაახილეთ ახლად დაბადებულებმა თვალები პირველად. სამყარო იდუმალია, დაბრკოლებებით და უცნაური ფორმებითაა სავსე. მიუხედავად ამისა, ბავშვებს დიდი დრო არ სჭირდებათ ორიენტაციისთვის, მშობლებთან კავშირის დამყარებისა და კომუნიკაციის დასაწყებად. ალბათ, ერთხელ მაინც გაგჩენიათ კითხვა – როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი ასე სწრაფად?
ახალი კვლევის თანახმად, ბავშვები ჯერ კიდევ დაბადებამდე ხედავენ სიზმრებს იმ სამყაროზე, რომელსაც უნდა მოევლინონ და მნიშვნელოვან უნარებს ავითარებენ. მკვლევართა გუნდს პროფესორი მაიკლ კრეირი ხელმძღვანელობდა, რომელიც ნეირომეცნიერებაში, ოფთალმოლოგიასა და ვიზუალურ მეცნიერებებშია სპეციალიზებული. გუნდს სურდა გაეგო, რატომ ხდება ისე, რომ როდესაც ძუძუმწოვრები იბადებიან, ისინი უკვე მზად არიან სამყაროსთან ურთიერთობისათვის.
„როდესაც ძუძუმწოვრები გაახელენ თვალებს, საკმაოდ დახვეწილი ქცევის გამოვლენა შეუძლიათ. მაგრამ როგორ წარმოიქმნება სქემები, რომლებიც მოძრაობის აღქმის საშუალებას გვაძლევს? გამოდის, ჩვენ მრავალი ასეთი ქცევით ვიბადებით, ყოველ შემთხვევაში, ელემენტარული ფორმით“ – ამბობს კრეირი.
ბადურის უჩვეულო აქტივობა,
მეცნიერებმა აქტივობის ტალღები აღმოაჩინეს, რომლებიც ახალშობილი თაგვების ბადურისგან წარმოიშვა. ეს აქტივობა თვალის პირველ გახელამდე მიმდინარეობს და დაბადებიდან მალევე ქრება. მის ადგილს ნერვული გადაცემის ქსელი იკავებს, რომელიც ტვინში ვიზუალურ სტიმულს ატარებს და მწიფდება. მას შემდეგ, რაც ის ტვინამდე მიაღწევს, ინფორმაცია შესანახად კოდირდება.
ახალშობილის ამ ქმედებაში განსაკუთრებით უჩვეულო ის არის, რომ იგი იმავე ნიმუშს აჩვენებს, რომელიც მაშინ მოხდება, თუ ძუძუმწოვარი სადმე წინ მიიწევს. როგორც მკვლევრები წერენ, “ბადურის აქტივობის სპონტანური ტალღები იმავე ნიმუშს მიჰყვება, რასაც გარემოში რეალური მოძრაობა იწვევს”.
კრეირმა განმარტა, რომ ეს “ძილის მსგავსი აქტივობა” ევოლუციური განვითარების შედეგია, რადგან ის თაგვს ეხმარება, თვალის გახელის შემდეგ არსებული ქმედებებისთვის მოემზადოს. თავის მხრივ, ეს ცხოველს საშუალებას აძლევს, დაუყოვნებლივ უპასუხოს გარემოს საფრთხეებს.
რა ქმნის ტალღებს?
მეცნიერებმა ასევე გამოიკვლიეს, რა არის პასუხისმგებელი ბადურაში ტალღების წარმოქმნაზე. მათ ჩართეს და გამორთეს აქსონს მოკლებული ბადურის უჯრედები და აღმოაჩინეს, რომ მათი დაბლოკვა აჩერებს ბადურის ტალღების ნაკადს, რაც თაგვებს ხელს უშლის, დაბადებისას ვიზუალური მოძრაობისადმი რეაგირების უნარი განუვითარდეთ. ამასთან, ეს უჯრედები ზრდასრული თაგვისთვისაც მნიშვნელოვანია – მას გარემოს სტიმელებზე რეაგირებაზე აქვს გავლენა.
რა ხდება ჩვილი ბავშვების შემთხვევაში?
მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ყურადღებას ამახვილებს თაგვებზე, როგორც ჩანს, ჩვილებს შეუძლიათ, დაბადებიდანვე ამოიცნონ საგნები და მოძრაობები. ეს ადამიანებში მსგავსი ფენომენის არსებობაზე მიუთითებს.
„ეს ტვინის სქემები დაბადებისთანავე თვითორგანიზებულია და ზოგიერთი ადრეული სწავლება უკვე დასრულებულია. შეიძლება ითქვას, რომ ეს სიზმარს ჰგავს, რომელსაც თვალის გახელამდე ვხედავთ“, – აღნიშნავს კრეირი.
marketer.ge
კომენტარები