SCHENGENVISAINFO – მოგზაურობისას სინოვაკით აცრას ევროკავშირისა და შენგენის ზონის შვიდი ქვეყანა აღიარებს
მოგზაურობისას სინოვაკით აცრას ევროკავშირისა და შენგენის ზონის შვიდი ქვეყანა აღიარებს. ამის შესახებ ინფორმაციას ვებპორტალი Schengenvisainfo ავრცელებს.
სინოვაკით აცრას აღიარებენ შემდეგი ქვეყნები: ავსტრია, ფინეთი, საბერძნეთი, ისლანდია, ნიდერლანდები, ესპანეთი და შვეიცარია.
ამჟამად ყველა ევროპული ქვეყანა აღიარებს ვაქცინაციის მოწმობას, თუ იმუნიზაცია ჩატარებულია ევროპის წამლის სააგენტოს მიერ დამტკიცებული ვაქცინით, ესენია: ასტრაზენეკა, ფაიზერი, მოდერნა და ჯონსონ ენდ ჯონსონი. რაც შეეხება იმ ვაქცინებს, რომლებიც აღიარებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, მაგრამ არ არის დამტკიცებული ევროპის წამლების სააგენტოს მიერ, ასეთ შემთხვევაში ქვეყნები გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებენ.
სინოვაკი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პირველ ივნისს დაამტკიცა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ვაქცინა აკმაყოფილებს უსაფრთხოების, ეფექტიანობის და წარმოების ყველა საერთაშორისო სტანდარტს.
მოგზაურობისთვის სინოვაკით ვაქცინაციას აღიარებს ევროპის კონტინენტის კიდევ ხუთი ქვეყანა – საქართველო, სომხეთი, ალბანეთი, სერბეთი და მაკედონია.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის ზრდის გამო ევროპის ქვეყნების ნაწილმა საქართველო „წითელ ზონაში“ შეიყვანა, რაც გულისხმობს, რომ საქართველოდან ჩასული პირები, მათ შორის, ვაქცინირებულებიც, ვალდებულები არიან, გაიარონ იზოლაცია.
1tv.ge
კომენტარები