საზოგადოება

ბათუმში რამდენიმე პატარძალი საკუთარ ქორწილში დაინფიცირდა – ინფიცირებულთა შორის არიან ორსულებიც

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება, ინფიცირებულთა შორის არიან ორსულებიც, მათგან ოთხი კი საკუთარ ქორწილში დაინფიცირდა.

როგორც „პრაიმტაიმს“ ბათუმის სამშობიარო სახლში განუცხადეს, 6 აგვისტოს მონაცემებით მათთან 31 ორსული ქალი გადის მკურნალობას.

„31 პაციენტიდან 16 ქალს აქვს სხეულის მაღალი ტემპერატურა, ხოლო 15-ს ჟანგბადის მიწოდებაც სჭირდება. თითოეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ოთხი ადამიანი კი საკუთარ ქორწილში დაინფიცირდა“, – გვითხრეს კლინიკაში.

primetime.ge

პ. ს.  საქართველოში ბოლო 24 საათში ინფიცირების 4 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის, თბილისში – 1 889 შემთხვევა, აჭარაში – 620, იმერეთში – 464, ქვემო ქართლში – 217, შიდა ქართლში – 195, გურიაში – 92, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 265, კახეთში – 273, მცხეთა-მთიანეთში -106, სამცხე-ჯავახეთში – 66, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 29.

გასულ ერთ დღეში გარდაიცვალა 38 პაციენტი კოვიდ-19-ის დიაგნოზით. გამოჯანმრთელდა კიდევ 1735 ინფიცირებული.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,3%, ბოლო 14 დღის – 8,33%, ბოლო შვიდი დღის – 9,25%.

სულ აცრილია – 606 988 ადამიანი (სულ ცოტა, ერთი დოზით), დღიურად აცრილია 23 231.

პირველი პაციენტის გამოვლენიდან დღემდე საქართველოში დადასტურებულია ინფიცირების 444 569 შემთხვევა; გარდაცვლილთა რიცხვმა გუშინ 6000-ს გადააჭარბა და დღეისათვის 6054-ს შეადგენს. 397 240 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში კოვიდის გართულებით 23 წლის პაციენტი გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი კლინიკა „ბაუში“ 24 ივლისს შეიყვანეს. პირველ დღეს გაკეთებული ტესტით კორნავირუსი არ დაუდგინდა, შემდეგ დღეებში კი ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. კლინიკის პრესსამსახურის ცნობით, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო და ის 6 აგვისტოს გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ვაქცინირებული არ იყო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close