fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

თურქეთში კვლავ მძიმე ვითარებაა – საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს საელჩო თურქეთში მასშტაბურ ტყის ხანძრებთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს და თანამემამულეებს მიმართავს. 

„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

თურქეთის რესპუბლიკის მუღლასა და ანტალიის რეგიონები, ბოლო პერიოდში გავრცელებული ტყის ხანძრების გამო, გამოცხადებულია სტიქიური უბედურების ზონებად.

შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში აღნიშნულ რეგიონებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს მითითებულ ნომრებზე:

ქ. ანკარაში საქართველოს საელჩო: +90 312 491 80 30; +90 312 491 80 34; +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80“, – წერს საელჩო.

ცნობისთვის, თურქეთის სამხრეთით გავრცელებული მასშტაბური ხანძრის შედეგად, სულ ცოტა, 8 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთაგან შვიდი ადამიანი მანავგათის დასახლებაში დაიღუპა, ერთი კი – მარმარისში. 10 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული. ათეულობით ადამიანი დაშავდა.

გადამწვარი მანავგათი (ანტალიის პროვინცია). დრონით გადაღებული კადრი.

ქვეყანაში უკვე მეხუთე დღეა, სტიქიას ებრძვიან. ანტალიაში ცეცხლმა არაერთი სოფელი გაანადგურა. მშობლიური ადგილები ათასობით ადამიანმა დატოვა, ბევრმა მათგანმა ვერაფრის გადარჩენა ვერ შეძლო ცეცხლის უსწრაფესად გავრცელების გამო. მარმარისში ცეცხლი სასტუმროებს მიუახლოვდა და იქ მცხოვრებთა ევაკუაცია გახდა საჭირო.

თურქეთის ხელისუფლება დაზარალებულებს გადაუდებელ დახმარებას დაჰპირდა. პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ადგილზე ჩავიდა სიტუაციის გასაცნობად. „არ დავუშვებთ,, რომ ჩვენი მოსახლეობა იტანჯებოდეს, ჩვენ მათ მიყენებულ ზარალს ავუნაზღაურებთ, – განაცხადა ერდოღანმა. – დაღუპულებს ვერ დავაბრუნებთ, მაგრამ  შეგვიძლია აღვადგინოთ ყველაფერი, რაც ცეცხლმა გაანადგურა“.

ამჟამად ხანძრების უმეტესი ნაწილი ამ რაიონში კონტროლქვეშაა, თუმცა სხვაგან, რამდენიმე ადგილას მათ ისევ ებრძვიან.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close