„რომას“ აკადემიის ქართველი მწვრთნელი, მსოფლიო კინოს ვარსკვლავებთან ერთად, ცნობილ სერიალში მონაწილეობს
ქართველმა მწვრთნელმა ზურაბ მჭედლიძემ საქართველოს პირველ არხთან გაიხსენა, როგორ მიიწვიეს ცნობილი სერიალის, „ახალგაზრდა პაპის“ გადაღებაზე, რომელშიც მსოფლიო კინოს ვარსკვლავები მონაწილეობენ – ჯუდ ლოუ, ჯონ მალკოვიჩი, დაიან კიტონი, სილვიო ორლანდო, ლუდივინ სანიე, ხავიერ კამარა.
39 წლის ქართველი სპეციალისტი იტალიური ფეხბურთის გრანდის, „რომას“ აკადემიის მწვრთნელი და იტალიის მწვრთნელთა ასოციაციის წევრია. ზურაბ მჭედლიძემ კინოში გადადგმული პირველი ნაბიჯები გაიხსენა.
„სანამ მწვრთნელობას დავიწყებდი, მოყვარულთა გუნდში მეკარედ ვთამაშობდი. მითხრეს, კინოში ახალი სახეები გვჭირდებაო და ფოტოს გადაღება მთხოვეს. წინააღმდეგი რატომ ვიქნებოდი?! ეს სერიოზულად არ მიმიღია, მაგრამ დრო რომ გავიდა, დამიკავშირდნენ, კასტინგზე მიმიწვიეს, მივხვდი, საქმე სერიოზულად იყო“, – იხსენებს საქართველოს პირველ არხთან ზურაბ მჭედლიძე.
მან კინოში გადადგმულ პირველ ნაბიჯებზე ისაუბრა:
„სულ ხუთ ფილმში გადამიღეს. ჯერ მხოლოდ 2 მათგანია გამოსული, დანარჩენების პრეზენტაცია პანდემიის გამო გადადებულია, მაგრამ მაყურებელი მათ მალე იხილავს. ერთი ფილმი ძალიან ცნობილია – „ახალგაზრდა პაპი“, სადაც რომის პაპების როლს ჯუდ ლოუ და ჯონ მალკოვიჩი თამაშობენ, მე კი მათი პირადი მცველი ვარ. მეორე ფილმი კი „საუკეთესო წლებია“. ივნისის ბოლოს თბილისში ჩამოვედი და გამიკვირდა, რომ როლი შემომთავაზეს – ლილიკო ნემსაძემ ახალ კლიპში გადამიღო. ვერც წარმოვიდგენდი, ჩემს ცხოვრებაში მოვლენები ასეთი მიმართულებით რომ განვითარდებოდა“.
კომენტარები