საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატამ, სენატმა მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად უფრო მკაცრი ზომების გატარებას ითვალისწინებს.
ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა 199-მა სენატორმა, 123 კი წინააღმდეგ წავიდა. ახალი ზომები სამედიცინო სფეროს მუშაკების სავალდებულო ვაქცინაციას და ე.წ. სანიტარიული საშვების გაცემას ითვალისწინებს.
ახალი წესების მიხედვით, რესტორნებში, თეატრებში, მუზეუმებსა და კინოთეატრებში შესვლის, ასევე, საქალაქთაშორისო მატარებლებში ჩასხდომის უფლება მხოლოდ „სანიტარიული საშვების“ მფლობელ და ვირუსზე უარყოფითი პასუხის მქონე პირებს ექნებათ.
„სანიტარიული საშვების“ მიღებას მხოლოდ ისინი შეძლებენ, ვისაც კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზა აქვს გაკეთებული ან არაუგვიანეს 72 საათის წინ გაკეთებული ტესტის უარყოფით პასუხს ფლობს. სავალდებულო ტესტირებისგან მხოლოდ არასრულწლოვნები გათავისუფლდებიან. გამკაცრებული ზომები საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობის პირობებში იმოქმედებს, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლომდე გახანგრძლივდა.
გუშინ გამკაცრებული ზომების გასაპროტესტებლად 160 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში. დემონსტრანტებსა და პოლიცის შორის შეტაკებაც მოხდა. პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
1tv.ge
კომენტარები