იშვიათი დაავადების „შეძენის“ გამო ლევან ვასაძე არ გამორიცხავს, რომ მოწამლეს (ვიდეო)
ვასაძე მძიმე დაავადება დაუდგინდა, რომელიც მილიონში 2 ადამიანს ემართება
მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ („ერი“) ლიდერის, ლევან ვასაძის თქმით, მას მძიმე, იშვიათი დაავადება დაუდგინდა. საკუთარი დიაგნოზის შესახებ პოლიტიკოსმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო დრომდე სრულიად ჯანმრთელს, უიშვიათესი დაავადება აღმოაჩნდა, რომელიც მილიონ ადამიანში ორს ემართება.
„დამიდგინდა მძიმე ქრონიკული დაავადება, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი მსოფლიოში. მე მას განზრახ არ დავასახელებ, რათა ამ კერძო სივრცეში არ შევიჭრა. უცნაურია, როგორ შევიძინე მე ის, იმიტომ, რომ 50 წლის კაცი ვარ, სპორტსმენი, არ ვეწევი, არ ვსვამ, ვვარჯიშობ და თითქმის არ ვავადმყოფობ. სანამ პოლიტიკაში შემოვიდოდი, აპრილის ბოლოს ხველა მაწუხებდა გრიპის შემდეგ და მოსკოვის აკადემიკოს ლაბოვის სარეაბილიტაციო კლინიკაში გავიარე კომპლექსური შემოწმება, ყველაფერი მქონდა წესრიგში, გულის ჩათვლით. 6 მაისს, გიორგობა დღეს, შემოვედი პოლიტიკაში და აი, თვე-ნახევარში დამეტაკა ეს უიშვიათესი დაავადება, რომელიც ამ სახით, ანუ მარტო გულზე, და არა გენეტიკური, არამედ შეძენილი, ემართება მილიონ ადამიანში 2 კაცს. არსებობს თუ არა რაღაც სამხედრო თუ გასაიდუმლოებული ტექნოლოგიები, რომლებსაც შეუძლიათ დასხივების ან ინტოქსიკაციის შედეგად ამ დაავადების გამოწვევა, მე ვერ გავარკვევ, ალბათ, ვერც ვერავინ ვერ გაარკვევს.
უცნაურია, რომ რაც საქართველოდან წამოვედი, ჩემი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, თუმცა, სამწუხაროდ, დაავადება დამიდგინდა. ჩემი თვითშეგრძნება არის შეუდარებლად უკეთესი, რაც მე მანდ აღარ ვარ. გარდა ამისა, ძალიან მაინტერესებს, საიდან იცოდნენ ან როგორ გაიგო სამმა ულტრალიბერასტულმა ტელევიზიამ – „ფორმულამ“, „მთავარმა არხმა“ და „TV პირველმა“ ამის შესახებ და სამივემ რატომ გაუსვა ხაზი, რომ მე ვარ მოწამლული. რა ინფორმაცია ჰქონდათ მათ ამის შესახებ, კარგი იქნება თუ ვინმე ჰკითხავს“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.
ლევან ვასაძის თქმით, ის თავის გეგმების ცვლილებას არ აპირებს:
„არ ვაპირებ უკან დახევას, მათ შორის, რამდენადაც ჯანმრთელობა გამიშვებს, არც იმ გზაზე, რომელზეც შევდექი გულით, აი რითიც შევდექი, იმაში დამეტაკა სწორედ უხსენებელი“,– აღნიშნა ლევან ვასაძემ.
ლევან ვასაძე ულტრაკონსერვატული, ქსენოფობიური, ჰომოფობიური და პრორუსული განწყობებითაა ცნობილი. მის სახელს უკავშირდება რამდენიმე ჰომოფობიური აქციის ორგანიზება. ვარაუდობენ, რომ 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების უკანაც ულტრაკონსერვატორი პილიტიკოსი დგას.
ლევან ვასაძეს 2013 წლის ნოემბერში საქართველოს სამეფო ოჯახმა რაინდის წოდება მიანიჭა.
კომენტარები