ისტორია

„კონკიასა“ და „ფიფქია და შვიდი ჯუჯის“ გმირები რეალურად არსებობდნენ და ეს ამბავიც მართლა მოხდა, ოღონდ…

ესპანეთის უფლისწულის ტრაგიკული სიყვარული

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ესპანეთის იმპერატორმა კარლოს მეხუთემ და პრინცმა ფილიპმა გერმანული სამფლობელოების მონახულება განიზრახეს. როდესაც ერთ-ერთი ქალაქის ბურგომისტრმა გრაფინია ფონ ვალდეკს აცნობა, რომ მეფე და უფლისწული ესტუმრებოდნენ, გრაფინიას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. თუმცა ვერაფრით ურიგდებოდა იმას, რომ პრინცისათვის ყვავილების თაიგული მის გერს მარგარეტს უნდა მიერთმია. გრაფინია ფონ ვალდეკს სურდა, თავად შეესრულებინა ეს მისია და არა მის ულამაზეს გერს, მაგრამ ბურგომისტრმა მკაცრად გაფრთხილა, რომ წესი განუხრელად უნდა დაცულიყო და პრინცისთვის ყვავილები გასათხოვარ ქალიშვილს უნდა მიერთმია და არა ქვრივ ქალბატონს. 

გაბოროტებულმა გრაფინიამ მარგარეტი ძონძებში გამოაწყო, სახე მთლიანად დაუფარა თავსაბურავით და ხელში უშველებელი თაიგული დააჭერინა. მარგარეტი ცრემლებს ძლივს იკავებდა. მამის გარდაცვალების შემდეგ ის ისედაც სადა ტანსაცმლით დადიოდა, მაგრამ ძონძებში ჩაცმულს ხალხის წინაშე გამოჩენა ეთაკილებოდა.

დადგა მეფისა და უფლისწულის სტუმრობის დღეც. ტაძრის კარიბჭესთან მდგომი, გულზე უზარმაზარ თაიგულმიხუტებული მარგარეტი მალულად ათვალიერებდა პრინცს, რომელიც ძალიან გაღიზიანებული გახლდათ. ჯერ ერთი, ხანგრძლივ მგზავრობას დაეღალა და, მეორეც, ყმაწვილ უფლისწულს ამ უაზრო ხეტიალსა და „მეფური მოვალეობის“ შესრულებას მადრიდის სასახლეში მეგობრებთან ყოფნა ერჩივნა. ამიტომაც ერთი სული ჰქონდა, როდის გაეცლებოდა აქაურობას და ესპანეთში დაბრუნდებოდა.

როდესაც პრინცმა მის წინ მდგარ ძონძებში გახვეულ არსებას შეხედა, აღშფოთება ვერ დამალა. ფილიპემ გოგოს ყვავილები ისე უხეშად გამოგლიჯა, რომ ხელი მის თავსაფარზე მოუხვდა და… უფლისწულს ხელზე ხვეული კულულების ოქროსფერი ტალღა დაეღვარა. პრინცს ენით აუწერელი სილამაზის, შეშინებული გოგონა შეჰყურებდა. ფილიპი მოულოდნელობისგან გაშრა.

მეორე დღეს უფლისწულმა ისევ მოინდომა მარგარეტის ხილვა, მაგრამ მის ნაცვლად ბრწინვალე კაბაში გამოწყობილი გრაფინია შარლოტა ფონ ვალდეკი გამოეგება. საკუთარ სილამაზეში დარწმუნებულმა გრაფინიამ პრინცს გამომწვევი მზერა ესროლა. მაგრამ მან მარგარეტზე ჩამოუგდო სიტყვა. ქალმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო: ჩემი გერი ავადაა, საცოდავს გულყრა ემართება ხშირად, ახლაც შეტევა ჰქონდაო, უთხრა ცბიერმა დედინაცვალმა მას.

თუმცა ფილიპმა კარისკაცების დახმარებით მაინც მოახერხა რამდენჯერმე საიდუმლოდ შეხვედროდა მარგარეტს. ეს ამბავი ბოროტი დედინაცვლის ყურამდეც მივიდა და მანაც მარგარეტის თავიდან მოშორება განიზრახა. გრაფინიამ გოგონა შორს, მთებში გაგზავნა თავისი მეორე გერის, გრაფ ფონ ვალდეკის მამულში, რომელსაც მარგარეტის ციხე-კოშკში გამომწყვდევას სთხოვდა.

გარდა ამისა, გრაფინია შარლოტა ფონ ვალდეკმა ესპანეთის იმპერატორსაც აცნობა მისი ვაჟის, ფილიპის გატაცების თაობაზე და მეფის მსტოვრებმაც პრინცისთვის თვალყურის დევნება გააძლიერეს.

საბოლოოდ ავმა გრაფინიამ თავისი გაიტანა და შეყვარებულები ერთმანეთს დააშორა, მაგრამ მარგარეტს მშველელად თავისი ძმა მოევლინა, ვისთანაც გაგზავნა მშვენიერი გერი დედინაცვალმა ციხე-კოშკში გამოსამწყვდევად. გრაფი დას დახმარებას დაჰპირდა – ისეთ ხალხს დავავალებ შენი წერილის პრინცამდე მიტანას, რომლებიც იქაც კი შედიან, სადაც ჩიტიც ვერ შეფრინდებაო.

და გრაფმა ჯუჯებს უხმო. როდესაც მარგარეტს გაჭაღარავებული, კუზიანი და მელოტი კაცუნები შემოეხვივნენ გარს, ქალს გული შეუწუხდა, მაგრამ ძმამ დაამშვიდა, ამათ შეუძლიათ შენი სიყვარულის ხსნაო.

სწორედ ჯუჯების დახმარებით აღდგა მიწერ-მოწერა ფილიპსა და მარგარეტს შორის, მაგრამ სასახლის ორი გამცემი მცველის წყალობით დედინაცვალმა ესეც შეიტყო და გადაწყვიტა ისე მოეწყო საქმე, რომ გრაფის ასულს მისთვის ხელი ვეღარ შეეშალა.

გრაფინიამ ტომარა ვაშლებით გაავსო და გერისკენ გაეშურა. გრაფი ვალდეკი დედინაცვალს ძალიან ცივად შეხვდა. ორიოდე წუთში მას რაღაც საქმე გამოუჩნდა და დედინაცვალს გაეცალა. ისიც მარგარეტის ოთახში შევიდა, გერს ტკბილად მოეფერა, მიესიყვარულა და ვაშლები მიაწოდა – პრინცმა ფილიპმა დამავალა შენი მონახულება და ეს ულამაზესი ვაშლებიც იმან გამოგიგზავნაო. გულუბრყვილო და უბოროტო გოგონა დედინაცვალს ენდო, შეთავაზებული ვაშლი ჩაკბიჩა და…

როდესაც გრაფი დაბრუნდა, ოთახში დის უსულო სხეული დახვდა. გიჟივით გავარდა გარეთ. შარლოტა ფონ ვალდეკს წასვლა ვერ მოესწრო, გამწარებულმა კაცმა დედინაცვალი შეიპყრო და სასტიკი წამებით ამოხადა სული, მაგრამ ამით, რაღა თქმა უნდა, დას ვერაფერი უშველა.

1556 წელს კარლოს მეხუთემ სამეფო გვირგვინი ფილიპს გადასცა, რომელიც ტახტზე ფილიპ მეორის სახელით ავიდა. გადმოცემის თანახმად, ფილიპის გამეფების პირველსავე ღამეს, მისი ბრძანებით, ის ორი გამცემი მცველი ჩამოახრჩეს, რომელთა დასმენის გამოც მოწამლა შარლოტამ მარგარეტი.

ამის მერე კი ფილიპ მეორემ აკრძალა ცერემონია, რა დროსაც გოგონებს მეფისთვის (უფლისწულისთვის) ყვავილების თაიგული უნდა მიერთმიათ.

ამბობენ, მარგარეტის სიკვდილის შემდეგ ფილიპი საერთოდ ვეღარ იტანდა ყვავილებს, განსაკუთრებით, თეთრ და წითელ ვარდებსო, რომლებსაც ოდესღაც თავად ჩუქნიდა ხოლმე ულამაზეს სატრფოს..

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close