მსოფლიოსაზოგადოება

გერმანიაში დაღუპულთა რაოდენობამ 130-ს გადააჭარბა, კიოლნთან ახლომდებარე ქალაქის ნაწილი მეწყერმა მიწის ქვეშ ჩაიტანა

გერმანიაში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 133-მდე გაიზარდა, 90-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა არვაილერის ოლქში (რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწა), რომელიც ყველაზე მეტად დაზარალებულ ზონად მიიჩნევა. 618-მა მოქალაქემ სხვადასხვა სახის ტრავმა და დაზიანება მიიღო. დაკარგულად ითვლება 1 300-მდე ადამიანი. ხელისუფლება აცხადებს, რომ მონაცემები საბოლოო არ არის და მუდმივად იცვლება. 

მეზობელი ფედერალური მიწის, ჩრდილოეთ-რაინ ვესტფალიის შს სამინისტროს ინფორმაციით, წყალდიდობისგან რეგიონში 25 ქალაქი და ოლქი დაზარალდა. დაღუპულია 43 ადამიანი, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება შიშობს, რომ ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, რადგან უკვე ორ დღეზე მეტია ათობით ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. ყველაზე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა კიოლნის სამხრეთით მდებარე ქალაქი ერფშტადტი (Erfstadt), სადაც ძლიერმა წყალდიდობამ უზარმაზარი მეწყერი გამოიწვია, რის შედეგადაც ქალაქის ნაწილი ჩამოინგრა – მიწის ქვეშ აღმოჩნდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ისტორიული კოშკის ნაწილი. რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰერბერტ როილმა განაცხადა, რომ მათი ვარაუდით, დაღუპულები დიდი ალბათობით კიდევ არიან, მაგრამ ზუსტი რაოდენობა უცნობია.

რეგიონში სიტუაციას ართულებს ისიც, რომ გარღვევის საფრთხის წინაშეა რამდენიმე წყალსაცავის ჯებირი. მდინარე რურზე ჯებირი დღეს გაირღვა, რის გამოც ადამიანთა მასობრივი ევაკუაცია დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ადგილზე სამაშველო სამსახურის ჯგუფები მუშაობენ. უკვე ევაკუირებულია ასობით ადამიანი.

„ტანჯვას საზღვარი არ აქვს“, – ასე აღწერა სიტუაცია რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრმა მალუ დრაიერმა ტელეარხ  ZDF-ს ეთერში გამოსვლისას. მისი თქმით, მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ფედერალურ მიწას მსგავსი არაფერი გადაუტანია.

გერმანიის ხელისუფლებამ ქვეყნის დასავლეთში სამხედრო კატასტროფის რეჟიმი გამოაცხადა.

კანცლერ მერკელის თქმით, ტრაგედიის საბოლოო მასშტაბებზე საუბარი მოგვიანებით იქნება შესაძლებელი. მან სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და პირობა დადო, რომ დაზარალებულ რაიონებს ხელისუფლება ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენს.

მიმდინარე კვირაში ციკლონ „ბერნდის“ გამო ძლიერი გადაუღებელი წვიმები თავს დაატყდა გერმანიის დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს. შედეგად მდინარე რაინის შენაკადები – არი და მოზელი ნაპირებიდან გადმოვიდა.

რთული სიტუაციაა მეზობელ ბელგიაშიც, სადაც დაღუპულთა რაოდენობა 20-ს შეადგენს, 20-მდე ადამიანს ეძებენ. ქვეყანაში 20 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ამასთან, ქალაქ ლიეჟში დატბორილი სახლებიდან მოსახლეობის გამოყვანას საფრანგეთიდან, იტალიიდან და ავსტრიიდან ჩასული მაშველები ცდილობენ.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close