ეკონომიკასაქართველო

შვილის შეძენის შემთხვევაში რამდენი პროცენტით დააფინანსებს სახელმწიფო ბინის შესაძენად აღებულ სესხს

მთავრობა გეგმავს, რომ ბიუჯეტის ფულით იმ ოჯახებს, რომლებსაც ახალშობილები ეყოლებათ, სესხის პროცენტი დაუფაროს. რამდენიმე დღის წინ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გაჟღერებული პროგრამის დეტალებზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ეკონომიკის 10-წლიანი გეგმის“ წარდგენის დროს ისაუბრა.

თურნავას თქმით, სახელმწიფო გეგმავს, ოჯახებს პირველი ან მეორე შვილის გაჩენის შემთხვევაში სესხის სრული პროცენტიდან 6 პროცენტი დაუფინანსოს, მესამე ან ყოველი შემდეგი შვილის შემთხვევაში კი – 8 პროცენტი.

„პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ იწყებს საკმაოდ სოლიდური დოზით იპოთეკური სესხის თანადაფინანსებას იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც ეყოლებათ ახალშეძენილი შვილი და მოინდომებენ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ახალი ბინის შეძენას… პრაქტიკულად, პროცენტის უდიდესი ნაწილი სახელმწიფოს მიერ იქნება გაღებული“, – განაცხადა თურნავამ.

მან პრეზენტაციის დროს ხაზი გაუსვა, რომ ეს პროგრამა პრემიერის ჩართულობით შემუშავდა:

„კიდევ ერთი პროგრამა, რომელიც მოვამზადეთ და აქტუალური არის, უშუალოდ პრემიერის ჩართულობით, ეს არის პროგრამა ოჯახების საცხოვრებელი ბინების შეძენის მიმართულებით“.

მინისტრს პროგრამის ამოქმედების ვადებზე არ უსაუბრია.

ამ პროგრამის შესახებ პრემიერმა ღარიბაშვილმა პირველად პარლამენტში მთავრობის ანგარიშის წარდგენის დროს ისაუბრა.

„აღნიშნული ინიციატივების უზრუნველსაყოფად მიმდინარე და 2022 წლების პერიოდში მოხდება დამატებით 300 მილიონ ლარზე მეტი რესურსის მობილიზება“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მთავრობა გეგმავს მოქალაქეთა გადასახადებით იპოთეკური სესხის პროცენტი დაუფინანსოს მოქალაქეებს. ერთი წლის წინ იპოთეკური სესხების სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც. 2020 წელს სახელმწიფომ ამ პროგრამისთვის 70 მილიონი ლარი გამოყო: პროგრამა სესხის სრული პროცენტიდან 4 პროცენტის სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებას გულისხმობდა კრედიტის აღებიდან მომდევნო 5 წლის განმავლობაში.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close