საზოგადოებაკრიმინალი

მართალია თუ არა, რომ პანდემიის პერიოდში პედოფილიის შემთხვევებმა იმატა – რა ხდება საქართველოში?

ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს ბავშვების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შემთხევევათა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის დასტურია ევროპის პოლიციის სააგენტოს (ევროპოლი) მონაცემები, რის შესახებაც დაწესებულების ხელმძღვანელმა კეტრინ დე ბოლმა ისაუბრა.

მისი განმარტებით, პანდემიის დასაწყისიდან პედოფილები განსაკუთრებით ინტერნეტში გააქტიურდნენ. „კრიმინალები ცდილობენ, უშუალო კონტაქტში შევიდნენ ბავშვებთან, რომლებიც პანდემის ფონზე ინტერნეტში გაცილებით მეტ დროს ატარებენ და ამას ხშირად მშობლების მეთვალყურეობის გარეშე აკეთებენ“, – განმარტავს დე ბოლი.

მართალია თუ არა, რომ პედოფილების უმეტესობა კაცია?

დიახ, პედოფილების უმეტესობა კაცია. მათი ყურადღების მიპყრობა შეუძლიათ როგორც ბიჭებს, ისე გოგოებს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში (2:1 თანაფარდობით) პედოფილებს  საპირისპირო სქესის ბავშვები იზიდავთ. სპეციალისტების განმარტებით, როგორც წესი, ბავშვი  პედოფილს იცნობს. ის შეიძლება იყოს მისი ოჯახის წევრი, ნათესავი, მეზობელი, მასწავლებელი, რეპეტიტორი და სხვ. პედოფილების ნაწილს იზიდავს მხოლოდ ის ბავშვი, რომელთანაც მას ოჯახური კავშირი აქვს (ინცესტი). შესაბამისად, ისინი მსხვერპლს ჯერ იჩვევენ, მის ნდობას მოიპოვებენ და მოქმედებას უკვე ამის შემდეგ იწყებენ.

თუმცა არიან აგრესიული პედოფილები, რომელთა უმეტესობაც სოციოპათია. მათ შეუძლიათ ძალა გამოიყენონ და ბავშვს უშუალოდ მისთვის ან მისთვის ძვირფასი ადამიანისთვის ფიზიკური ზიანის მიყენებით დაემუქრონ, თუკი ვინმეს რამეს ეტყვის.

პედოფილია ქრონიკული ხასიათისაა და ეს ადამიანები ხშირად ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს იღებენ. მათ ხშირად აღენიშნებათ წამალდამოკიდებულება და დეპრესია. როგორც წესი, პედოფილებს ხშირად  ცუდი ოჯახური გარემო აქვთ ან შესაძლოა წარსულში თავად იყვნენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

პედოფილების მონაცემთა საჯარო რეესტრი

პოლონეთში უკვე რამდენიმე წელია არსებობს პედოფილების მონაცემთა საჯარო რეესტრი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ პრაქტიკას ბევრი აკრიტიკებს პირადი მონაცემების დაცვის პრინციპების დარღვევის გამო, ამ ბაზაში თავმოყრილია პედოფილიისთვის მსჯავრდებული 768 ადამიანის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და მისამართი.

საჯარო რეესტრის პარალელურად არსებობს გაფართოებული ძებნის სისტემაც, რომელიც 2600 პირს ეხება. ისინი არასრულწლოვნებისადმი სექსუალური ხასიათის მქონე ნაკლებ მძიმე დანაშაულში იყვნენ ბრალდებულნი. ეს სია ხელმისაწვდომია სამართალდამცავი ორგანოებისთვის, სკოლების ხელმძღვანელობებისთვის, საბავშვო ბაღების წარმომადგენლებისთვის, დასასვენებელი ბანაკებისთვის და სხვ.

პოლონეთში პედოფილებს ქიმიურ კასტრაციასაც უკეთებენ.  არასრულწლოვნისადმი სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულს აქ 15-იდან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ბევრი პოლონელი მოქმედი კანონის გამკაცრებასაც ემხრობა. ეს ადამიანები ბავშვებზე მოძალადეების მიმართ სავალდებულო ქირურგიული კასტრაციის ამოქმედებას ითხოვენ.

როგორ სჯიან პედოფილებს აშშ-ში?

აშშ-ში პედოფილების ქიმიური კასტრაცია 1996 წლის კანონით ნებადართულია. პირველი შტატი, სადაც ბავშვებზე მოძალადეთა დასჯის მსგავსი მეთოდი ამოქმედდა, კალიფორნიაა. აქ მოქმედი კანონის თანახმად, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც 13 წლამდე მოზარდთან სექსუალური კავშირის დამყარებისთვის ხელმეორედ იქნება ბრალდებული, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ აუცილებელი ქიმიური კასტრაცია ჩაუტარდება. პედოფილების ნებაყოფლობითი ქირურგიული კასტრაცია ტექსასის შტატში 1997 წლიდან არის დაშვებული.

აშშ-ში პედოფილები პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით აღრიცხვაზე აჰყავთ. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად და როგორ ცხოვრობენ მსჯავრმოხდილი პედოფილები, მათ ფოტოებთან ერთად ინტერნეტში განთავსებულ ნაციონალურ ბაზაშია თავმოყრილი.

აშშ-ის 14 შტატში პედოფილებს ეკრძალებათ სკოლების, სასკოლო ავტობუსების გაჩერებების, ბაღებისა და საბავშვო მოედნების მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლება. არსებობს სპეციალური საფოსტო გზავნილები, რომელთა მიხედვითაც ამერიკელ მშობლებს შეუძლიათ გაიგონ, ცხოვრობს თუ არა ახლომახლო პედოფილი.

გერმანულ კანონმდებლობაში რა ხდება?

გერმანიაში, სხვადასხვა მონაცემით, 50 000-დან 250 000-მდე პედოფილი ცხოვრობს, თუმცა ყველა მათგანი არ ითვლება საზოგადოებისთვის საშიშად და ყველას არ ჩაუდენია დანაშაული. სტატისტიკის თანახმად, გერმანიაში სექსუალურად ყოველწლიურად დაახლოებით 15 000 ბავშვს ავიწროებენ, მაგრამ ეს მხოლოდ ის შემთხვევებია, რომელთა შესახებაც პოლიციაში განაცხადეს.

არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სექსუალური დანაშაული გერმანიაში 6 თვიდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გერმანიაში სასჯელის უმაღლეს ზომად სამუდამო პატიმრობაა გათვალისწინებული, თუ არასრულწლოვნის გაუპატიურება ლეტალური შედეგით დასრულდა. ნაკლებ მძიმე დანაშაულისთვის, როგორიცაა ბავშვებზე სექსუალური ძალადობა, პატიმრობის ვადაც ნაკლებია. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს სასამართლო გამოუსწორებელ პედოფილად აღიარებს. ამ დროს მოსამართლე ხშირ შემთხვევაში განსასჯელს სამუდამო პატიმრობას უსჯის.

გარდა ამისა, გერმანიაში პედოფილია ფსიქიკურ დაავადებად განიხილება. საზოგადოებისთვის საშიშად მიჩნეული პედოფილებისთვის აუცილებელია იძულებითი მედიკამენტოზური მკურნალობა. სხვა შემთხვევაში სამედიცინო ზომები ნებაყოფლობით მიიღება. გარდა ამისა, გერმანია ერთ-ერთია იმ რამდენიმე ევროპულ ქვეყანას შორის, სადაც 1969 წლიდან კანონით დაშვებულია ნებაყოფლობითი ქირურგიული კასტრაცია, როგორც მკურნალობის მეთოდი იმ პირებისთვის, რომლებმაც სექსუალური ხასიათის დანაშაული ჩაიდინეს. ეს ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც მოძალადეს მძიმე ფსიქიკური დარღვევები აქვს, რაც ავადმყოფური სექსუალური აღგზნებადობის ფონზე წარმოიშობა. ოპერაციის მთავარი წინაპირობაა პაციენტის ასაკი. ის 25 წელზე ნაკლების არ უნდა იყოს. აუცილებელია იმის გარანტიაც, რომ კასტრაცია ადამიანს მორალურად ან ფიზიკურად არ დააზიანებს.

რა ხდება საქართველოში?

საქართველოში ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, 14 წელს მიუღწეველი პირის გაუპატიურება დამამძიმებელ გარემოებად ითვლება და 15-იდან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა ქვეყნის მთავრობის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის პირველი მოსმენაც პარლამენტში 11 ივნისს გაიმართა, ასაკობრივი ზღვრის გაზრდას გულისხმობს. ამ კანონპროექტის მიხედვით, 18 წელს მიუღწეველი პირის გაუპატიურება თავისუფლების უვადო აღკვეთასაც ითვალისწინებს.

როგორც საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში აცხადებენ, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი სასჯელის ქვედა ზღვრის გაზრდასაც ითვალისწინებს. კერძოდ, თუ მოქმედი კანონმდებლობით, პედოფილს, სულ ცოტა, 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება, ცვლილებათა პაკეტის თანახმად, მინიმალური სასჯელი 9 წელი გახდება. რაც შეეხება ქიმიურ კასტრაციას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განმარტავენ, რომ სასჯელის ეს ფორმა არცერთი საკანონმდებლო პროექტით არ განიხილება, რადგან ის ქვეყნის კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პედოფილიისთვის მსჯავრდებულ პირთა რეესტრის შექმნასაც ითვალისწინებს. პერსონალური მონაცემების ერთიან ელექტრონულ ბაზას შინაგან საქმეთა სამინისტრო დაამუშავებს. კანონპროექტის მიხედვით, არასრულწლოვნის გაუპატიურების ან  მასზე სექსუალური ძალადობის შემთხვევაში დამნაშავეს ეკრძალება ნებისმიერი საფეხურის საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობა. მას არ ექნება უფლება მსგავსი დანიშნულების ორგანიზაციის ტერიტორიას 30 მეტრის რადიუსში მიუახლოვდეს. პედოფილებს სოციალური და სამედიცინო საქმიანობაც აეკრძალებათ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტში აცხადებენ, რომ ცვლილებათა პაკეტის მეორე მოსმენა ჯერჯერობით ჩანიშული არ არის.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close