მსოფლიოკრიმინალი

ინდოეთში ათასობით ადამიანი კოვიდვაქცინის ნაცვლად მარილიანი წყლით აცრეს

ინდოეთში ათასობით ადამიანი კოვიდვაქცინის ნაცვლად მარილიანი წყლით აცრეს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ხელისუფლების განცხადებით, ათასობით ადამიანი ფართომასშტაბიანი თაღლითობის მსხვერპლი გახდა, რომელშიც ექიმები და სამედიცინო პერსონალი მონაწილეობდა. საქმე ეხება ყალბი ვაქცინების დამზადებას და გაყიდვას.

მუმბაის პოლიციის უფროსის, ვიშალ თხაკურას თქმით, მუმბაისა და მის მიმდებარე რეგიონებში ყალბი ვაქცინით იმუნიზაციის, სულ მცირე, 12 კამპანია ჩატარდა. მისი თქმით, კამპანიის ორგანიზატორები მარილიანი წყლით ცრიდნენ ადამიანებს.

მისივე ინფორმაციით, სულ მცირე, 2 500 ადამიანს გაუკეთდა ყალბი ვაქცინა, რომლითაც ორგანიზატორებმა 28 000 აშშ დოლარი გამოიმუშავეს.

პოლიციამ გამოძიება მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე დაიწყო, რომლებმაც იმუნიზაციის დამადასტურებელ სერტიფიკატებში ეჭვი შეიტანეს. ექიმები, რომლებიც ყალბი ვაქცინის, სერტიფიკატების და შპრიცების დასამზადებლად ადგილობრივ საავადმყოფოებს იყენებდნენ, უკვე დააკავეს.

პოლიციის ინფორმაციით, ამ დროისთვის 14 ადამიანია დაკავებული, რომლებსაც ბრალი თაღლითობის მუხლით წარედგინათ. საგამოძიებო უწყების ცნობით, თაღლითობის სქემაში მონაწილეთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

მიმდინარე წლის აპრილიდან, კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღის გამო, ინდოეთი საგრძნობლად დაზარალდა. სამი თვის განმავლობაში ვირუსმა ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მილიონობით ადამიანი დაინფიცირდა. მაისის ბოლოს, ინფიცირების შემთხვევების კლების გამო, სამედიცინო სისტემის დატვირთვა შემსუბუქდა, რამაც მთავრობას იმუნიზაციის მასობრივი პროცესის დაწყების საშუალება მისცა.

ხელისუფლების მონაცემებით, ამ დროისთვის ინდოეთის მოსახლეობის 4,5 პროცენტი – 62 მილიონი ადამიანია ორივე დოზით აცრილი.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close