fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

საფრანგეთში მარტოხელა ქალებსა და ლესბოსურ წყვილებს ხელოვნური განაყოფიერების უფლება მიეცათ

საფრანგეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინება 2013 წელს გახდა ლეგალური, ახალი კანონი მათ ბავშვის შვილად აყვანის უფლებას ანიჭებდა, თუმცა ხელოვნურ განაყოფიერებას უკრძალავდა.

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ – ეროვნულმა კრებამ საბოლოო მოსმენით დაამტკიცა კანონი ბიოეთიკის შესახებ, რომელიც მარტოხელა ქალებსა და ლესბოსურ წყვილებს ხელოვნური (ექსტრაკორპორალური) განაყოფიერების უფლებას ანიჭებს, იუწყება Deutsche Welle.

გამოცემის ცნობით, ბიოეთიკის შესახებ კანონს ეროვნული კრების 326-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 115 კი წინააღმდეგი იყო.

მანამდე საფრანგეთში ხელოვნური განაყოფიერების უფლება მხოლოდ იმ ჰეტეროსექსუალურ წყვილებს ჰქონდათ, რომლებიც შვილის ყოლის პრობლემას აწყდებოდნენ. ამასთან ქვეყანაში აკრძალულია სუროგატული დედობა.

ლგბტ თემის უფლებების დამცველი აქტივისტები რეპროდუქციული მედიცინის პროგრამაში ლესბოსური წყვილების ჩართვისთვის 2013 წლიდან იბრძოდნენ, როდესაც საფრანგეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინება ლეგალური გახდა. ახალი კანონი ერთნაირსქესიან მეუღლეებს ბავშვის შვილად აყვანის უფლებასაც ანიჭებდა.

ამ ნაბიჯს ეწინააღმდეგებოდნენ კონსერვატორები და საეკლესიო ჯგუფები, რომლებმაც არაერთხელ გააპროტესტეს ხელისუფლების გადაწყვეტილება. მათი აზრით, ეს საფრთხეს უქმნის ტრადიციულ ოჯახურ ფასეულობებს.

როგორც გამოცემა წერს, მარტოხელა ქალებისა და ლესბოსური წყვილებისთვის ხელოვნური განაყოფიერების უფლების მიცემა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

ამასთან, სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ხელოვნური განაყოფიერების პროგრამის გაფართოებას რესპონდენტთა ორი მესამედი უჭერდა მხარს. მანამდე ამისთვის მარტოხელა ქალებსა და ლესბოსურ წყვილებს დონორული სპერმით ბავშვის ჩასახვის მიზნით უცხოეთის ქვეყნებში უწევდათ წასვლა.

sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close