მსოფლიოკრიმინალი

რუსეთში დაკარგული ამერიკელი სტუდენტის გვამი იპოვეს – დაკავებულია მკვლელობაში ეჭვმიტანილი

რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში დაკარგული ახალგაზრდა ამერიკელი სტუდენტი ქალის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს. მათივე ინფორმაციით, მოკლულს ქეთრინ სიროუ ერქვა და 34 წლის იყო. რუსეთში საცხოვრებლად გადასვლამდე იგი აშშ-ის საზღვაო ქვეით ჯარში ირიცხებოდა სნაიპერად.

მოკლული ახალგაზრდა ქალი 2019 წლიდან ნიჟნი ნოვგოროდის ლობაჩევსკის სახელობის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურაზე სწავლობდა და ქალაქ ბორში ცხოვრობდა, სადაც ბინას ქირაობდა.

გამოძიების ინფორმაციით, იგი 4 დღის წინ, 15 ივნისს, 18:30  საათზე გამოვიდა თავისი სახლიდან, სამართალდამცველების მიერ ჯერჯერობით დაუდგენელ სატრანსპორტო საშუალებაში ჩაჯდა და ბორის რაიონის სოფელ რეკშინოსკენ გაემართა. ამის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა.

ახალგაზრდა ქალის დედამ, რომელიც მისისიპიში იმყოფება, ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკანასკნელად შვილთან კონტაქტი 15 ივნისს ჰქონდა, როდესაც მისგან შემდეგი შინაარსის ტექსტური შეტყობინება მიიღო: „უცხო ადამიანის მანქანაში ვზივარ. იმედი მაქვს, არ გამიტაცეს“.

ამერიკელი სტუდენტის ძებნაში სამართალდამცველებთან ერთად ადგილობრივი მაცხოვრებლებიც მონაწილეობდნენ – 100-მდე მოხალისე. იგი დღეს იპოვეს, მას შემდეგ, რაც ეჭვმიტანილი დააკავეს და მან გამომძიებლებს ახალგაზრდა ქალის ცხედრის ადგილმდებარეობა უთხრა. დაკავებული ბორის რაიონის მცხოვრები 1977 წელს დაბადებული მამაკაცია, რომელიც ადრე რამდენჯერმე იყო ნასამართლევი მძიმე და ძალიან მძიმე დანაშაულებებისთვის, მათ შორის, გაუპატიურებისთვის.

„გაზეტა.რუს“ ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა ახალგაზრდა ქალის მკვლელობის მიზეზი დაასახელა: მისი თქმით, ქეთრინ სიროუ დაემუქრა, რომ პოლიციაში სარჩელს შეიტანდა საღამოს წვეულებაზე მისი გაუპატიურების გამო. დაკავებული მამაკაცი კი ამტკიცებს, რომ ყველაფერი ორმხრივი თანხმობით მოხდა.

სამართალდამცველთა ინფორმაციით, ეჭვმიტანილი გამოძიებასთან თანამშრომლობს და დეტალების დაზუსტების შემდეგ მას ბრალს წაუყენებენ, სასამართლო კი აღკვეთის ღონისძიების შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close