ესპანელ კანიბალს საკუთარი დედის მკვლელობისა და შეჭმის მცდელობისთვის 15 წელი მიუსაჯეს
მადრიდის სასამართლომ 28 წლის ალბერტო სანჩეს გომესს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ‘Caníbal de Ventas’-დ მონათლული გომესი დამნაშავედ ცნეს საკუთარი დედის მკვლელობასა და სხეულის დანაწევრებაში, რომლის ნაწილები შემდეგ თავადაც შეჭამა და ძაღლსაც აჭამა.
ინფორმაციას El Pais-ი ავრცელებს.
ალბერტო გომესი 2019 წლის თებერვალში დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც პოლიციას ოჯახის მეგობარმა მიმართა და აცნობა, რომ შეშფოთებული იყო 60 წლის მარია სოლედად გომესის გაუჩინარებით, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდა.
სამართალდამცველებმა სახლის ჩხრეკისას ქალის სხეულის ნაწილები აღმოაჩინეს, რომელთაგან ზოგი პლასტიკის კონტეინერში იყო მოთავსებული.
როგორც გაირკვა, ახალგაზრდა მამაკაცმა დედა კამათის დროს დაახრჩო, შემდეგ სხეული საძინებელში გაიტანა და 15 დღის განმავლობაში ანაწევრებდა ხერხის და სამზარეულოს 2 დანის გამოყენებით, შემდეგ კი თავიდან მოცილების მიზნით ზოგი თვითონ შეჭამა, ზოგი კი თავის ძაღლს აჭამა.
სკანდალური საქმის დეტალები 2 წლის განმავლობაში ქვეყნის ყურადღების ცენტრში იყო.
გომესის წინააღმდეგ სასამართლო 2021 წლის აპრილში დაიწყო. სასამართლოზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ მკვლელობის მომენტში აფექტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ახალგაზრდა კაცის დამცველები (და თავად ისიც) ამტკიცებდნენ, რომ მას ფსიქიკური ჯანმრთლობის პრობლემები აქვს: თითქოს გომესს ესმოდა ხმები, რომლებიც არწმუნებდნენ, მოეკლა და შეეჭამა დედამისი, თუმცა ორმა ექსპერტმა განაცხადა, რომ მამაკაცს „ანტისოციალური პიროვნების რღვევა და პარანოია“ დაუდგინეს, რაც „გონებრივ შესაძლებლობებზე გავლენას არ ახდენს“, ამიტომ მისი საქციელის გამართლებად ვერ გამოდგება.
Mató a su madre, la descuartizó, la metió en envases de plástico en la nevera y la fue cocinando y comiéndosela. Alberto S.G., ha sido condenado por esos hechos a quince años de cárcelhttps://t.co/vjvSWibrgn
— NIUS (@NiusDiario) June 15, 2021
სასამართლოზე მოწმის სახით წარდგა დამნაშავის უფროსი ძმა, მიგელ გომესი, რომელიც ბოლო რამდენიმე ხნის განმავლობაში მშობლების სახლში უკვე აღარ ცხოვრობდა. მან გაიხსენა, რომ 2015 წელს ალბერტო გომესმა ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო, რის შემდეგაც რამდენჯერმე ფსიქიკური პრობლემები შეექმნა, თუმცა მაშინ მან მკურნალობაზე უარი თქვა.
9 მაისს სასამართლომ გომესი დამნაშავედ ცნო ორი მუხლით: მკვლელობა და გვამის წაბილწვა. 15 მაისს მადრიდის სასამართლომ მას 15 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აგრეთვე, უფროსი ძმის, მიგელისთვის 60 ათასი ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები