როგორ დახვდნენ ნიკოლოზ შერაზადიშვილს ესპანეთში (ვიდეო)
10 ივნისს ესპანეთის სახელით მოჭიდავე ქართველი ძიუდოისტი ნიკოლოზ შერაზადიშვილი ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ის უკვე ორგზის მსოფლიო ჩემპიონია.
ნიკო შერამ, როგორც მას ხშირად ეძახიან ესპანეთში, 2018 წელს ისტორიულ წარმატებას მიაღწია. ის გახდა პირველი ესპანელი ძიუდოისტი, რომელმაც ვაჟებში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. დაფასების და აღიარების ნიშნად ქალაქ ბრუნეტეში, სადაც იგი ცხოვრობს და ვარჯიშობს, ერთ-ერთ ქუჩას ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელი მიენიჭება და მას „Niko Shera“ ეწოდება.
ქართველი სპორტსმენი უკვე წლებია ესპანეთის სახელით ასპარეზობს. 10 წლის წინათ, როცა 14 წლის იყო, მის მშობლებს საქართველოდან ესპანეთში ემიგრირება მოუხდათ. 2014 წელს ნიკომ ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო და მაშინ დაიწყო მისი საერთაშორისო კარიერა ძიუდოში.
25 წლის სპორტსმენი გამართულად საუბრობს ქართულ და ესპანურ ენებზე, ჰყავს დედა, ძმა. სამწუხაროდ, მამა, ცნობილი ძიუდოისტი ზაზა შერაზადიშვილი რამდენიმე წლის წინათ სიმსივნით გარდაიცვალა.
ნიკო ხშირად ჩამოდის საქართველოში ნათესავების მოსანახულებლად. როგორც „ჭორიკანა“ სოცქსელიდან გავარკვიეთ, ნიკო და მომღერალი ნინი ბადურაშვილი ნათესავები არიან.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები