მსოფლიოსაზოგადოება

ისრაელი: „შაბაკის“ მეთაური მოქალაქეებს ქვეყანაში მოსალოდნელი ძალადობის შესახებ აფრთხილებს

ისრაელის საერთო შიდა უსაფრთხოების სამსახურის („შინ ბეთი“, „შაბაკი“) ხელმძღვანელმა შაბათს, 5 ივლისს ექსტრაორდინარული განცხადება გააკეთა: ნადავ არგამანის თქმით, სიძულვილისა და წაქეზების გრადუსმა საზოგადოებრივ დისკურსში, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში, უკიდურესად სახიფათო ნიშნულს მიაღწია და ეს შეიძლება პოლიტიკურ ნიადაგზე ადამიანებზე თავდასხმებამდეც მივიდეს. 

„ისრაელის სახელმწიფომ თავის დროშებზე გამოსახა სიტყვის თავისუფლების პრინციპი. ეს მნიშვნელოვანი და აუცილებელი პრინციპია დემოკრატიულ სახელმწიფოში, მაგრამ, ამასთან ერთად, ბოლო დროს საზოგადოებრივ დისკურსში ვხედავთ სახიფათო რადიკალიზაციას, ძალადობის და წაქეზების გამოხატვას და ფიზიკურ ძალადობასაც კი… როგორც ორგანიზაციის მეთაური, რომელიც საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი, გაფრთხილებას ვიძლევი, რომ ასეთი დისკურსი გარკვეულმა ჯგუფებმა და ინდივიდებმა შესაძლოა გაიგონ, როგორც ნებართვა უკანონო და ძალადობრივი მოქმედებების განხორციელებაზე და საქმე შესაძლოა ადამიანებზე თავდასხმამდეც მივიდეს“, – განაცხადა არგამანმა.

„შაბაკის“ („შინ ბეთი“) მეთაურმა მოუწოდა საზოგადოებრივ მოღვაწეებს და ყველა მოქალაქეს, ზოგადად, შეარბილონ პოლიტიკური ბატალიების ტონი. „პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენგანს აკისრია“, – განაცხადა არგამანმა.

ბოლო დღეებში „შაბაკს“ და პოლიციას არ განუხორციელებიათ დაპატიმრებები სოციალურ ქსელებში წამქეზებლური  მოწოდებების გამო. არგამანის უჩვეულო განცხადება გადაითარგმნა, როგორც მინიშნება იმის თაობაზე, რომ „შაბაკი“ ფლობს ინფორმაციას დაგეგმილ პოლიტიკურ ტერაქტებთან დაკავშირებით.

ორგანიზაციაში ეს ვარაუდი უარყვეს და განმარტეს, რომ სპეციფიკური ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა სიტყვიერი ძალადობის საერთო გრადუსი ისე გაიზარდა, რომ ეს უკვე სახიფათო ხდება.

თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა განაცხადა, რომ „განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ საზოგადოებრივ ლიდერებს“ და მოუწოდა ყველა ლიდერს, „საჯაროდ და აქტიურად გამოვიდეს ნებისმიერი, მათ შორის, პოლიტიკური ძალადობის წინააღმდეგ“.

დაძაბულობის ზრდა ისრაელში მთავრობის შესაძლო ცვლილებას უკავშირდება. როგორც ცნობილია, მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოპოზიციამ ახალი სამთავრობო კოალიციის შექმნა მოახერხა. ახალი მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოსაცხადებლად ქნესეთი (ისრაელის პარლამენტი) სხდომას მომავალ კვირაში გამართავს.

თუ ქნესეთი ოპოზიციის კოალიციურ მთავრობას მხარს დაუჭერს, მაშინ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, 12-წლიანი პრემიერობის შემდეგ, თანამდებობის დატოვება მოუწევს. მისი შემცვლელი „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი ნაფტალი ბენეტი იქნება პირველი 2 წლის გამავლობაში, როტაციის პრინციპით, შემდეგი ორი წლის განმავლობაში კი – „იეშ ატიდის“ ლიდერი იაირ ლაპიდი.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის ოპოზიციის მიერ ჩამოყალიბებული ახალი სამთავრობო კოალიცია პოლიტიკური თვალსაზრისით უკიდურესად „ჭრელია“: მასში წარმოდგენილია პოლიტიკური ძალების მთელი სპექტრი – მემარცხენეებიდან დაწყებული, ულტრამემარჯვენეებით და ისლამისტებით დამთავრებული. ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ახალი კოალიციური მთავრობა „ისრაელს საფრთხეს უქმნის“.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close