fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

ისრაელში ნეთანიაჰუს ოპოზიცია ახალი მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდა

პრემიერ-მინისტრის პოსტს ყოფილი სპეცრაზმელი და მილიონერი დაიკავებს

ისრაელის ოპოზიცია ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდა. ამის შესახებ ოპოზიციური ცენტრისტული პარტია „იეშ ატიდის“ ლიდერმა იაირ ლაპიდმა პრეზიდენტ რეუვენ რივლინს მიცემული ვადის ამოწურვამდე 35 წუთით ადრე აცნობა, 2 ივნისის 23.25 სთ-ზე (ისრაელის დროით).

„პატივი მაქვს, გაცნობოთ, რომ მთავრობის ფომირებაში წარმატებას მივაღწიეთ“, – ნათქვამია პრეზიდენტისთვის ლაპიდის მიერ გაგზავნილ ელექტრონულ წერილში.

წარმოდგენილი კოალიცია ისრაელის პოლიტიკის მემარჯვენე, მემარცხენე და ცენტრისტულ ფრაქციებს აერთიანებს. მართალია, პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან განსხვავდებიან, თუმცა ისინი ერთმა საერთო სურვილმა გააერთიანა – დაესრულებინათ ნეთანიაჰუს მრავალწლიანი მმართველობა (ბენიამინ ნეთანიაჰუს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდხანს – 12 წლის განმავლობაში ეჭირა პრემიერ-მინისტრის პოსტი).

მიმდინარე წლის მარტის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ნეთანიაჰუს მცდელობა, კოალიცია შეექმნა, წარუმატებლად დასრულდა. ოპოზიციის ლიდერმა იაირ ლაპიდმა კი, პირიქით, სხვადასხვა პარტიიდან 56 დეპუტატის მხარდაჭერას მიაღწია და პრეზიდენტმა რეუვენ რივლინმა  5 მაისს მას უფლება მისცა, 28 დღის განმავლობაში ჩამოეყალიბებინა კოალიციური მთავრობა. ეს ვადა 2 ივნისს, 24:00 სთ-ზე იწურებოდა.

პროპორციული საარჩევნო სისტემის გამო ისრაელის აპარლამენტო არჩევნებში ერთ პარტიისთვის ძნელია საკმარისი მანდატების მოპოვება, რათა მთავრობის ფორმირება დამოუკიდებლად შეძლოს, კოალიციის გარეშე. მთავრობის ფორმირებისთვის ქნესეთში უმრავლესობის მოპოვება, მინიმუმ 61 მანდატია საჭირო (120-იდან).

ბოლო საპარლამენტო არჩევნებში იაირ ლაპიდის პარტია „იეშ ატიდმა“ (Yesh Atid ) მეორე ადგილი დაიკავა ნეთანიაჰუს „ლიკუდის“ შემდეგ.

ყოფილმა ფინანსთან მინისტრმა იაირ ლაპიდმა მოახერხა რამდენიმე პოლიტიკურ პარტიასთან შეთანხმება და როგორც მოსალოდნელია, ახალ კოალიციურ სამთავრობო კაბინეტში შევლენ საშუალო კლასის ინტერესების დამცველი „იეშ ატიდი“, ცენტრისტული ალიანსი „კაჰოლ ლავანი“ (ამ უკანასკნელის ლიდერმა ბენი განცმა გასული წლის მარტში ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად კოალიციური მთავრობა შექმნა და როტაციის პრინციპით, 2 წელი ნეთანიაჰუ უნდა ყოფილიყო პრემიერ-მინისტრი, მეორე ორი წელი კი – ბენი განცი, თუმცა მათმა კოალიციურმა მთავრობამ მხოლოდ გასული წლის დეკემბრამდე იარსება); მემარჯვენე ძალების კავშირი „ახალი მემარჯვენეები“ – „ჰა იამინ, ჰა ჰადაშ“ (მოკლედ „იამინა“, ლიდერი – ნაფტალი ბენეტი), მემარცხენე ცენტრისტული სოციალ-დემოკრატიული „ავოდა“, რუსულენოვანი ისრაელელების მემარჯვენე ნაციონალისტური პარტია „ჩვენი სახლი – ისრაელი“, მემერჯვენე „ახალი იმედი“, მემარცხენე სოციალ-დემოკრატები „მერეციდან“ და ისრაელის არაბთა პოლიტიკური პარტია „რაამი“ („გაერთიანებული არაბული სია“).

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი პროარაბული პარტია ისრაელის ისტორიაში პირველად შეიძლება გახდეს ქვეყნის სამთავრობო კაბინეტის ნაწილი. ასე რომ, ახალ მთავრობაში, როგორც მოსალოდნელია, წარმოდგენილი იქნება პოლიტიკური ძალების მთელი სპექტრი – მემარცხენეებიდან დაწყებული, ულტრამემარჯვენეებით და ისლამისტებით დამთავრებული.

ლაპიდის მთავარი პარტნიორი ნაციონალისტი ნაფტალი ბენეტია, რომლის პარტიამ „ახალი მემარჯვენეები“ არჩევნების შედეგად ქნესეთში სულ 7 ადგილი მოიპოვა, თუმცა მათი 7 მანდატი გახდა „ის გირი“, რომელსაც სასწორი ან ერთ, ან მეორე მხარეს უნდა გადაეწონა. სწორედ ბენეტი დაიკავებს მომდევნო ორი წლის განმავლობაში ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტს, როტაციის პრინციპით, შემდეგ კი, ისევ 2 წლით, მას იაირ ლაპიდი შეცვლის.

ნაფტალი ბენეტი. ფოტო: Reuters

ნაფტალი ბენეტი აშშ-იდან ემიგრირებული ებრაელების ოჯახშია დაბადებული. იგი ყოფილი სპეცრაზმელია. მილიონერ პოლიტიკოსს ხშირად ულტრანაციონალისტს უწოდებენ, თავად კი ამბობს, რომ მისი შეხედულებები უფრო მემარჯვენეა, ვიდრე ნეთანიაჰუსი.

კოალიციური მთავრობის შემადგენლობა ქნესეთმა უნდა დაამტკიცოს.

როგორც ცნობილია, ისრაელის პარლამენტმა გუშინ ახალი, მე-11 პრეზიდენტი აირჩია – იცხაკ ჰერცოგი, რომელიც მე-6 პრეზიდენტის, ხაიმ ჰერცოგის შვილია. ამჟამინდელ პრეზიდენტს რუვენ რივლინს უფლებამოსილების ვადა 9 ივლისს ეწურება.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close