ბიძინა ივანიშვილი BLOOMBERG-ის მილიარდერთა რეიტინგში ისევ გამოჩნდა
რამდენიმე დღის წინ კი იგი სიაში აღარ იყო
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გამოცემა Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში, 500 უმდიდრეს ადამიანს შორის ბოლო – მე-500 ადგილს იკავებს 5.92 მლნ აშშ დოლარის ქონებით.
ორი დღის წინ იგი „ბლუმბერგის“ 500 უმდიდრესი ადამიანის სიაში აღარ იძებნებოდა, თუმცა ქონების 250 მლნ დოლარით ზრდის შემდეგ ისევ გამოჩნდა.
„ბლუმბერგის“ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის მონაცემები ნიუ-იორკის ყოველი სავაჭრო დღის ბოლოს ახლდება.
„ფორბსის“ მილიარდერთა სიაში კი ივანიშვილი ამ მომენტისთვის 630-ე ადგილს იკავებს $4.8-მილიარდიანი ქონებით („ფორბსის“ შეფასებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ქონება 1,12 მლრდ-ით ნაკლებია, ვიდრე „ბლუმბერგის“ შეფასებით).
ბიძინა ივანიშვილმა 2021 წლის იანვარში განაცხადა, რომ მხოლოდ 200 მილიონ დოლარს დაიტოვებდა, აქტივების უმრავლესობას კი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადასცემდა.
საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 2012 წლის აპრილში შექმნა. იმავე წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა და ხელისუფლებაში მოვიდა.
ბიძინა ივანიშვილი 2012-2013 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო, 2013 ნოემბერში კი განაცხადა, რომ სამოქალაქო სექტორში მიდიოდა. ამის მიუხედავად მუდმივად იყო საუბარი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შესახებ. 2018 წელს იგი პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა და პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გახდა. 2021 წელს კი ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკა საბოლოოდ დატოვა.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები