ექვსი მიზეზი, რატომ არის კარტოფილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო
კარტოფილს არც ისე კარგი რეპუტაცია აქვს. ის, რაც ერთ დროს მრავალი ქვეყნის კვების რაციონში მთავარი იაფი პროდუქტი იყო, ბოლო წლებში „არაჯანსაღ“ პროდუქტად მონათლეს.
ნებისმიერი ტიპის საკვების დიდი ოდენობით ჭამა ჯანმრთელობისთვის კარგი არ არის და როგორც ზოგიერთი კვლევა მიუთითებს, კარტოფილის პროდუქტების ზედმეტად ჭამა შეიძლება დაკავშირებული იყოს სისხლის მაღალ წნევასთან, თუმცა უარყოფითი ეფექტები, ძირითადად, კარტოფილის მომზადებისა და მოხმარების გზებთან არის დაკავშირებული.
სინამდვილეში, კარტოფილი შეიცავს მრავალ ვიტამინს და ჯანმრთელობისთვის საჭირო სხვა საკვებ ნივთიერებებს. გთავაზობთ ექვს მიზეზს, თუ რატომ არის კარტოფილი თქვენთვის სასარგებლო.
1. ვიტამინი C
ვიტამინი C ჩვენთვის, ძირითადად, ფორთოხალსა და ციტრუსებთან ასოცირდება, თუმც ამ ვიტამინის მნიშვნელოვანი წყაროა კარტოფილიც. საშუალოდ, პატარა კარტოფილი (150 გრამი) C ვიტამინის დღიური ნორმის დაახლოებით 15 პროცენტს გვაძლევს.
ვიტამინი C მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმუნური სისტემის მხარდაჭერისა და ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო, არამედ ის გადამწყვეტ როლს თამაშობს შემაერთებელი ქსოვილების წარმოქმნაშიც, რომლებიც ჩვენს სახსრებს ფუნქციონირებაში ეხმარება და გვინარჩუნებს კბილებსაც. სწორედ ამიტომ არის C ვიტამინის ნაკლებობა დაკავშირებული კბილების ჩამოცვენასთან.
2. ვიტამინი B6
ვიტამინი B6 ორგანიზმისთვის საჭირო მნიშვნელოვანი მოლეკულაა, ასზე მეტ ფერმენტს სხეულის სწორად ფუნქციონირებაში ეხმარება და ცილების დაშლის საშუალებას აძლევს – ეს პროცესი საკვანძოა ნერვების კარგად ფუნქციონირებისთვის. სწორედ ამიტომ არის დაკავშირებული B6 კარგ მენტალურ ჯანმრთელობასთან.
პატარა კარტოფილი ზრდასრული ადამიანისათვის საჭირო B6-ის დღიური ნორმის დაახლოებით მეოთხედს შეიცავს.
3. კალიუმი
უჯრედებში კალიუმის არსებობა მნიშვნელოვანია კუნთებსა და ნერვებში ელექტრული სიგნალირებისთვის. შესაბამისად, თუ ორგანიზმში კალიუმის დონე ძალიან მაღალი ან დაბალია, შეიძლება გულმა ფუნქციონირება შეწყვიტოს.
შემწვარი კარტოფილი უფრო მეტ კალიუმს შეიცავს, ვიდრე მოხარშული. კანიანი კარტოფილი კალიუმის რეკომენდებული დღიური ნორმის დაახლოებით მესამედს შეიცავს. მოხარშვისას კარტოფილი კალიუმის ნახევარს კარგავს.
თირკმლის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის კი უმჯობესია, კარტოფილის მოხმარება შეზღუდონ, რადგან თირკმლებმა ორგანიზმიდან შეიძლება ვერ გამოდევნოს ჭარბი კალიუმი. თუ შემწვარი კარტოფილი გიყვართ, აკონტროლეთ ზეთის ოდენობა.
4. ქოლინი
ქოლინი პატარა ნაერთია, რომელიც ცხიმს ეკვრის და ფოსფოლიპიდებს აწარმოებს. ფოსფოლიპიდები უჯრედის კედლებისა და ნეიროტრანსმიტერ აცეტილქლოლინის (რომელიც გვეხმარება კუნთების შეკუმშვაში, აგანიერებს სისხლძარღვებს და ანელებს გულისცემას) სამშენებლო მასალაა. ცილებით მდიდარი საკვების, მაგალითად, ხორცისა და სოიას შემდეგ, კარტოფილი მეორე ადგილზეა ქოლინის შემცველობით.
ქოლინის საკმარისი ოდენობით მოხმარება გადამწყვეტია თავის ტვინის, ნერვებისა და კუნთების ჯანმრთელობისთვის. გენებში არსებულ მცირე სხვაობათა გამო, ზოგიერთი ჩვენგანი შეიძლება ბუნებრივად იყოს მიდრეკილი ქოლინის დეფიციტისკენ.
კანიანი კარტოფილი ადამიანისთვის საჭირო ქოლინის დღიური ნორმის დაახლოებით 10 პროცენტს შეიცავს. ქოლინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფეხმძიმობისას, რადგან მუცლადმყოფი ბავშვის ორგანიზმში აქტიურად წარმოიქმნება ახალი უჯრედები და ორგანოები.
5. კარგია საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის
კარტოფილის მომზადება და გაციება რეზისტენტულ სახამებელს წარმოქმნის. ეს ჯანსაღი სახამებელია, რომელიც ჩვენს სხეულს მრავალმხრივ ეხმარება, მათ შორის, მოქმედებს პრებიოტიკის სახითაც.
გაციებისას დამუშავებული სახამებელი იშლება. მართალია, ამ დროს ის უფრო ძნელად მოსანელებელია, მაგრამ ჩვენს მსხვილ ნაწლავში არსებული ბაქტერიები ახდენენ მის ფერმენტირებას, წარმოქმნიან ძმრის მსგავს ნივთიერებებს, რომლებსაც მოკლეჯაჭვიან ცხიმოვან მჟავებს უწოდებენ. ეს ცხიმოვანი მჟავები ჩვენს ნაწლავებს კვებავს და ჯანმრთელობას უნარჩუნებს.
მოკლეჯაჭვიანმა ცხიმოვანმა მჟავებმა კარგი მიმართულებით შეიძლება შეცვალოს ჩვენი მეტაბოლიზმიც, შეამციროს სისხლში ცხიმისა და შაქრის დონე. შედეგად, თუ გავითვალისწინებთ წყლის მაღალ და ცხიმების დაბალ შემცველობასაც, მოხარშული ან ორთქლით დამუშავებული კარტოფილი დაბალკალორიულია, არის საკვები ნივთიერებებით მდიდარი და შემავსებელი საკვები.
6. არ შეიცავს გლუტენს
კარტოფილი ბუნებრივად არ შეიცავს გლუტენს, შესაბამისად, დიდებული არჩევანია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მუცლის ღრუსთან დაკავშირებული დაავადებები აქვთ და გლუტენის მიღებისგან თავშეკავება მართებთ.
კარტოფილი ჩვენს თეფშზე
ზოგი ადამიანი კარტოფილის ჭამისგან თავს წონაში მომატების შიშით იკავებს, თუმცა საშუალო ზომის მოხარშული კარტოფილი მხოლოდ 130 კალორიას შეიცავს, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ამავე ზომის ბანანში არსებული კალორიები. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, როგორ მოვამზადებთ და რასთან ერთად შევჭამთ კარტოფილს.
მოხარშვა ან ორთქლზე დამუშავება საუკეთესო გზაა, რათა შევამციროთ კალორიების რაოდენობა თითოეულ გრამზე. კალორიების ოდენობას ზრდის გამოცხობა ან კარაქთან ერთად მოხარშვა. კარტოფილის ყველაზე ნაკლებად ჯანსაღი ფორმაა ჩიფსები, რომლებიც ცხიმით ისეა გაჟღენთილი, როგორც ღრუბელი.
ასევე თავი შეიკავეთ მწვანე კარტოფილისგან. კარტოფილი მაშინ მწვანდება, როდესაც სინათლეში ინახება და წარმოიქმნება ტოქსინი, რომელსაც ჩვენი ნაწლავების გაღიზიანება შეუძლია.
სიჯანსაღის გარდა კარტოფილს აქვს გარემოსდაცვითი უპირატესობებიც – მოყვანისას მოითხოვს უფრო ნაკლებ წყალს, ვიდრე ბრინჯი და გამოყოფს უფრო ნაკლებ სათბურის აირებს, ვიდრე ბრინჯი და ხორბალი.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.
კომენტარები