fbpx
მოგზაურობამსოფლიო

ვის და რა პირობით შეუშვებენ შენგენის ზონაში? – ევროკავშირი საზღვრებს ხსნის

ევროკავშირის საბჭომ მესამე სამყაროს ქვეყნებიდან შენგენის ზონაში შესვლის შეზღუდვის შემსუბუქების შესახებ რეკომენდაცია დაამტკიცა. მოგზაურთათვის ერთგვარი საშვი იქნება ახალი კორონავირუსის ვაქცინა, თუმცა არა ყველა მათგანი. კონკრეტულად ვის და რა პირობებით შეუშვებენ შენგენის ზონაში, ამის გარკვევას Deutsche Welle შეეცადა.

ვის მისცემენ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის უფლებას და საჭიროა თუ არა აცრა?

ვინაიდან ვაქცინაცია ამცირებს არა მხოლოდ COVID-19-ით ინფიცირების, არამედ კორონავირუსით სხვების დაავადების ალბათობას, ევროკავშირსა და შენგენის ზონაში მესამე სამყაროს ქვეყნების სრულად აცრილ მოქალაქეებს შეუშვებენ. უფრო მეტიც, მათი მოგზაურობის მიზანი შეიძლება იყოს ნებისმიერი, მათ შორის – ტურისტული. სრულად აცრილი ნიშნავს, რომ ვაქცინის აუცილებელი ბოლო დოზის გაკეთებიდან, სულ ცოტა, 14 დღეა გასული. ამ ეტაპზე ევროკავშირის ქვეყნები მესამე სამყაროს ქვეყნების მოქალაქეებს უშვებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ცხოვრობენ შენგენის ზონაში ან მოგზაურობისთვის საპატიო მიზეზი აქვთ.

აცრის ძირითადი დამადასტურებელი დოკუმენტი იქნება ციფრული კოვიდ-სერტიფიკატი, ევროკავშირის „ციფრული მწვანე სერტიფიკატი“  და ასევე მათი ანალოგები მესამე სამყაროს ქვეყნებიდან. ამავდროულად, ეს დოკუმენტი ჯერ დამტკიცებული არ არის: ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს წარმომადგენლები მოლაპარაკებებს განაგრძობენ. იქამდე კი შენგენის ზონის ქვეყნებს შეეძლებათ მიიღონ სხვა ქვეყნების მიერ გაცემული სერტიფიკატები, თუ მათი ავთენტიკურობის შემოწმება შესაძლებელია. ამიტომაც ევროკავშირმა ვაქცინაციის სერტიფიკატების ორმხრივი აღიარების შესაძლებლობა უზრუნველყო. შესაბამისად, არის მოლოდინი, რომ ევროპული დოკუმენტის მიღება მესამე ქვეყნის მოქალაქეებსაც შეეძლებათ.

ბავშვები, რომლებიც ასაკის გამო ჯერჯერობით აცრილები არ იქნებიან, შენგენის ზონაში შესვლას ვაქცინირებულ მშობლებთან ერთად შეძლებენ, თუმცა მშობლებს მოუწევთ წარადგინონ ბავშვის PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, რომელიც გაკეთდა საზღვრის გადაკვეთამდე არაუადრეს 72 საათისა. როგორც ცნობილია, ევროკავშირის ქვეყნებში ვაქცინების უმეტესობა 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის არის დაშვებული. მხოლოდ BioNTech / Pfizer-ს აქვს უფრო დაბალი ბარიერი – ამ პრეპარატით აცრა 16 წლიდან არის დაშვებული. თუმცა ამ დროისთვის ევროკავშირი განიხილავს განაცხადს, რომ აღნიშნული ვაქცინა 12-იდან 15 წლამდე ბავშვებისთვის დაუშვას.

რომელი პრეპარატებით აცრილ პირებს შეუშვებენ ევროკავშირის ქვეყნებში?

დაიშვებიან ის პირები, რომლებიც ევროკავშირში რეგისტრირებული რომელიმე ვაქცინით იქნებიან აცრილი: BioNTech / Pfizer-ი, Moderna, AstraZeneca და Johnson & Johnson-ი. ეს ეხება სამხრეთკორეული წარმოების AstraZeneca-საც, რომელსაც იყენებენ, მაგალითად, უკრაინაში.

წესით, პრობლემები არ უნდა შეექმნათ მათაც, ვინც Covishield-ითა (AstraZeneca- ს ინდური ანალოგი) და ჩინური კომპანია Sinopharm-ის მიერ წარმოებული პრეპარატით აიცრა. ეს ორივე ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ არის რეკომენდებული საგანგებო სიტუაციაში გამოსაყენებლად. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ამ გაერთიანებაში შემავალ თითოეულ სახელმწიფოს „ასევე შეუძლია“ შეუშვას ის პირები, რომლებიც ზემოხსენებული პრეპარატებით სრულად არიან აცრილები.

ევროკავშირი საზღვრებს  ხსნის. რომელი ქვეყნებია სიაში?

შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ტალღა იმოქმედებს მათზე, ვინც ჯერ კიდევ არ არის აცრილი, მაგრამ ახალი კორონავირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებლის მქონე  ქვეყნებში ცხოვრობს. ამ ეტაპზე იმ სახელმწიფოთა ჩამონათვალში, რომელთათვისაც შენგენის საზღვრები გახსნილია, შვიდი ქვეყანა შედის: ავსტრალია, ახალი ზელანდია, რუანდა, სინგაპური, ტაილანდი, სამხრეთ კორეა და ჩინეთი.

ამასთან, ევროკავშირის საბჭომ ამ ჩამონათვალში ქვეყნების დამატების ძირითადი კრიტერიუმი შეცვალა: ამა თუ იმ სახელმწიფოში, ბოლო 14 დღის განმავლობაში, 100 ათას მოსახლეზე 75 ახალ შემთხვევაზე მეტი არ უნდა ფიქსირდებოდეს. აქამდე ეს ბარიერი 25 ახალ შემთხვევას მოიცავდა.

ამავდროულად, ჩამონათვალში დამატების სხვა კრიტერიუმები უცვლელი დარჩა. კერძოდ, ახალი დაავადებების რაოდენობის კლების ტენდენცია უნდა იყოს სტაბილური, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ ქვეყნის მიერ მოწოდებული მონაცემები კი – სანდო. მხედველობაში მიიღება COVID-19-ზე გაკეთებული ტესტების რაოდენობაც და დადებითი პასუხების წილი 4%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

ევროკავშირის საბჭომ შეიმუშავა „ავარიული მუხრუჭის“ შესაძლებლობაც. ეს გულისხმობს შესაძლებლობას, რომ სასწრაფოდ აიკრძალოს ყველა გასვლითი რეისი იმ ქვეყნებიდან, სადაც ახალი კორონავირუსის პოტენციურად საშიში მუტაცია დაფიქსირდება.

რატომ უნდა ევროკავშირს შენგენის ზონაში შესვლასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქება?

პირველ რიგში, ისმის კითხვა: რატომ არის ეს მხოლოდ რეკომენდაცია? შენგენის ზონაში ხომ პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების დაცვით თავისუფლად შეგიძლიათ გადაადგილდეთ. საქმე ისაა, რომ თითოეულ სახელმწიფოს აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება, თავად გადაწყვიტოს,  ვის მისცემს თავისი საზღვრის გადალახვის უფლებას. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის დონეზე შესაძლებელია მხოლოდ რეკომენდაციის დამტკიცება, თუმცა მას თითოეული ქვეყანა საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენებს. მაგალითად, საბერძნეთმა მაისის შუა რიცხვებში მთელი რიგი ქვეყნის ტურისტებისთვის საზღვრები გახსნა. ამასთანავე, რადგან ევროკავშირის საბჭო ნაციონალური მთავრობების წარმომადგენლებისგან შედგება, მის რეკომენდაციებს უმეტესწილად ითვალისწინებენ.

ეს გადაწყვეტილება შენგენის ზონასა და მასთან დაკავშირებულ ქვეყნებზე ვრცელდება. საუბარია ევროკავშირის 25 ქვეყანაზე, ირლანდიისა (რომელიც შენგენის ზონაში არ შედის) და დანიის გარდა, თუმცა მათაც შეუძლიათ გადაწყვიტონ, რომ ეს რეკომენდაცია მათზეც გავრცელდება. აღნიშნული რეკომენდაცია მოიცავს ისლანდიას, ლიხტენშტაინს, ნორვეგიასა და შვეიცარიას, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, მაგრამ შენგენის ზონაში შედიან.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close