კოვიდ-19-ის პანდემიის გამო ინდოეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მკვეთრი გამწვავების ფონზე გავრცელებული ძალიან საშიში დაავადება – მუკორმიკოზი ერთი რეგიონის პრობლემა არ არის. ამ დაავადების ერთეული შემთხვევები სხვადასხვა ქვეყანაშია დაფიქსირებული, მათ შორის, ცოტა ხნის წინ რუსეთშიც გამოვლინდა. ამის შესახებ გამოცემა „იზვესტია“ იუწყება.
COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებში მუკორმიკოზი, ჩვეულებრივ, შაქრიანი დიაბეტის და გლუკოკორტიკოსტეროიდების კატეგორიის პრეპარატების დიდი დოზით მიღების ფონზე ვითარდება. ინდოეთში უამრავი პაციენტია ცუდად კონტროლირებადი დიაბეტით, ამიტომ იქ მუკორმიკოზის ბევრი შემთხვევა ფიქსირდება, აცხადებენ რუსი სპეციალისტები. მათი ოპტიმისტური ვარაუდით, რუსეთში „შავი სოკოს“ ინფექციის ერთეული შემთხვევები იქნება.
რაც შეეხება ინდოეთს, „ბიბისის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ქვეყანაში უკვე გამოვლენილია „მუკორმიკოზის“ 8 800 შემთხვევა.
„მუკორმიკოზი“ იშვიათი ინფექციაა, რომელსაც მიკროსკოპული სოკოები – მუკორმიკოციტები იწვევენ. ეს სოკო ყველგანაა გავრცელებული. ისინი ნიადაგში ცხოვრობენ და მათ ხშირად გამოყოფენ დამპალი მცენარეების და ბოსტნეულის ზედაპირზე. მუკორმიკოზი ცხვირხახას, თვალებს და ფილტვებს აზიანებს. ის განსაკუთრებით საშიშია დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც იმუნური სისტემის პრობლემები აქვს.
არსებული ინფორმაციით, ეს დაავადება ძალიან მაღალი ლეტალობით ხასიათდება – მკურნალობის შემთხვევაში დაავადებულთა მხოლოდ 50%-ის გადარჩენა ხერხდება.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები