მიგრაციამსოფლიო

მიგრანტების უპრეცედენტო მოზღვავება ესპანეთის ქალაქში – მადრიდი ათასობით არალეგალს უკან აბრუნებს (ვიდეო)

ქალაქ სეუტაში (ესპანეთის ავტონომიური ქალაქი ჩრდილოეთ აფრიკაში, ნახევარანკლავი მაროკოს მოსაზღვრედ, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, გიბრალტარის სრუტის აღმოსავლეთ ნაწილში) გასულ ორშაბათს 8 ათასზე მეტი არალეგალი ჩავიდა მაროკოდან, მათგან ათასზე მეტი – არასრულწლოვანი. ადამიანები ესპანურ ნახევარანკლავამდე ცურვით, გასაბერი ნავებით ან ფეხით მიდიოდნენ ზღვის მიქცევის დროს.

ზოგიერთი ამბობს, რომ სეუტაში 2012 წლიდან მუშაობდა, მაგრამ სამუშაოს დატოვება მოუწიათ, როცა პანდემიის გამო ყველაფერი დაიკეტა. მათი თქმით, ვერ იშოვეს სამუშაო თეტუანში (ქალაქი მაროკოს ჩრდილოეთში) და არჩევანის საშუალება არ ჰქონდათ.

ჩასული მიგრანტების ნაწილი ესპანეთმა უკან უკვე გააბრუნა. გარე საზღვრის კონტროლისთვის მადრიდმა სეუტაში სამხედრო დანაყოფები გაგზავნა. მიგრანტების წინააღმდეგობის შემთხვევაში ჯარისკაცებს და პოლიციელებს ძალის გამოყენება უწევდათ. მათ ხელკეტები და ცრემლმდენი გაზიც გამოიყენეს.

ორშაბათს სეუტაში ჩავიდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი. სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ თავის, როგორც პრემიერ-მინისტრის, პირველ ამოცანად მაროკოსთან საზღვრის კონტროლის აღდგენა მიაჩნია. მისი განცხადებით, ქალაქებს – სეუტას და მელილიას ყველა აუცილებელი საშუალება მიეწოდება მიგრანტების ჩასვლის გამო შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის გადასაჭრელად, ხოლო არალეგალების დაუყოვნებლივ უკან დაბრუნება გაგრძელდება.

მიგრანტები ადრეც ცდილობდნენ ევროპაში მოხვედრას ესპანური ანკლავების საშუალებით, თუმცა არალეგალების ასეთ უპრეცედენტო მოზღვავებას სეუტა პირველად შეეჯახა. საუბრობენ, თითქოს მადრიდთან დიპლომატიური უთანხმოების მიზეზით მაროკოელი მესაზღვრეები შეგნებულად არ აკონტროლებდნენ საზღვარს და ათასობით არალეგალს საშუალება მისცეს, დაუბრკოლებლად გადაეკვეთათ.

საქმე ის არის, რომ ამ დროისთვის ესპანეთში სამკურნალოდ იმყოფება სეპარატისტული მოძრაობის ლიდერი, რომელიც დასავლეთ საჰარის რეგიონის დამოუკიდებლობას ითხოვს (ეს ტერიტორია ამჟამად მაროკოს კონტროლქვეშაა). როგორც ჩანს, მაროკოს ხელისუფლებას ეს არ მოეწონა და მადრიდს „შედეგებით“ დაემუქრა.

ოთხშაბათს, 19 მაისს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. მან განაცხადა, რომ ესპანეთს ამ საკითხში ევროკავშირის უპირობო მხარდაჭერა აქვს. „ჩვენ შევახსენებთ, რომ საზღვარი სეუტაში – ეს მაროკოსთან მარტო ესპანეთის საზღვარი კი არ არის, არამედ  ევროკავშირის საზღვარიცაა და მაროკოელმა მესაზღვრეებმა უპატივცემულობა მარტო ესპანეთის კი არა, არამედ მთელი ევროკავშირის მიმართ გამოხატეს“. სამშაბათს ევროკომისიამ მოუწოდა რაბატს, შეაჩეროს არალეგალ მიგრანტთა ნაკადი სეუტასა და მელილიაში.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close