newsიტალია

იტალიაში ერთბაშად ორი ვულკანის ამოფრქვევა დაიწყო (ვიდეო)

სტრომბოლის აქტიურობას ეტნამაც „აუბა მხარი“

ტირენის ზღვაში, სიცილიის ჩრდილოეთით ვულკანურ კუნძულ სტრომბოლიზე მოქმედი ვულკანის ახალი ძლიერი ამოფრქვევა დაიწყო კვამლის მაღალი სვეტით და ლავის ნაკადით. ამოფრქვევის შედეგად კრატერიდან ძლიერად ამოიტყორცნება სხვადასხვა სახის ვულკანური ნივთიერება. ლავის ნაკადმა, რომელიც sciara del fuoco-ს გასწვრივ ზღვისკენ დაეშვა, კუნძულის უდაბურ ნაწილში, მეწყერი გამოიწვია.

სტრომბოლის აქტიურობას, რომლის ინტენსივობა უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება, Ingv-ის (გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი) და სამოქალაქო დაცვის სამსახურის ვულკანოლოგები აკვირდებიან.

ნგრევისა და დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სტრომბოლის ამოფრქვევის სიხშირე უპრეცედენტო ხდება.

კუნძულზე ბოლო დღეებში ტურისტების სიმრავლე იგრძნობა, რომელთაც სანახაობა იზიდავს.

სტრომბოლის ეტნამაც „აუბა მხარი“ ლავის შედრევნით და ფერფლის ამოფრქვევით. სიცილიის აღმოსავლეთ სანაპიროზე, კატანიის ახლოს მდებარე ვულკანზე პაროქსიზმი 19 მაისს, ღამით, დაახლოებით 2:40 სთ-ზე დაიწყო სტრომბოლური აქტივობით და რამდენიმე საათს გაგრძელდა, შედეგად სამხრეთ-აღმოსავლეთ კრატერიდან ლავა ამოიფრქვა.

გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ეტნის ობსერვატორიის (კატანია) დაკვირვებით, ლავის შადრევნის აქტიურობა დილის 7:12 სთ-ზე შეწყდა და ნაკადი, რომელიც სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით გაიშალა, ძლიერად აღარ ივსებოდა. ევროპის ყველაზე მაღალი ვულკანის – ეტნის ამოფრქვევის ახალ ფაზას კატანიის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობისთვის ხელი არ შეუშლია.

იტალიაში მდებარე მოქმედი ვულკანები – სტრომბოლი და ეტნა რეგულარულად იფრქვევა და ეს შემთხვევები ტურისტებს ძალიან იზიდავს. ეტნის წინა ამოფრქვევა მიმდინარე წლის თებერვალში მოხდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close