ისტორიაქართველები უცხოეთში

შვილი იმპერატორისგან, ტრაგიკული ბედი და თვითმკვლელობა – ქართველი ქალი ცნობილი ნახატიდან

„ეს კაცი რომ ხელმწიფე არ ყოფილიყო, ვინატრებდი მასაც ძალიან მოვწონებოდი, რადგან თავდავიწყებამდე გამიტაცა…“ – რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე I-ის მისამართით ნათქვამი ეს სიტყვები ტრაგიკული ბედის ულამაზეს ქართველ ქალს, ბარბარე თურქესტანიშვილს, იგივე ვარია თურქესტანოვას ეკუთვნის.

ბარბარეს პაპა ბაადურ თურქესტანიშვილი ქართლის მეფის, ვახტანგ VI-ის მრჩეველი იყო და 1724 წელს რუსეთში გაჰყვა მას. იგი მონაწილეობდა რუსეთის იმპერატორ პეტრე პირველთან გამართულ მოლაპარაკებებში. ბარბარე 1775 წელს დაიბადა თელავში, რუსეთის არმიის გენერლის, ილია თურქესტანიშვილისა და მარია ეროპკინას ოჯახში. გენერლის ათი შვილიდან მორზდილობამდე მხოლოდ ბარბარემ და მისმა ორმა დამ მიაღწიეს. მშობლები ბარბარეს მალე გარდაეცვალა.

როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, ბარბარე არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ჭკვიანი და განათლებული ქალი იყო, რომელმაც სახელი ჟურნალისტური წერილებითაც გაითქვა. ცნობილია მისი მეგობრობა და მიმოწერა (ფრანგულ ენაზე) შვეიცარიის დიპლომატიურ წარმომადგენელ ფერდინანდ კრისტისთან. მიმოწერა გრძელდებოდა 1812-1819 წლებში და, როგორც ჩანს, იმდენად საინტერესო იყო, რომ მოგვიანებით ფრანგულ და რუსულ ენებზე დაიბეჭდა ჟურნალ „რუსკი არხივის“ 1883-1884 წლების ნომრებში. წერილები ერთგვარი მატიანეა სამამულო ომის შემდგომი მოვლენებისა და კარგად ჩანს, რომ ბარბარემ შესანიშნავად იცოდა ისტორია და მისი დროის პოლიტიკური ვითარება. პოპულარული იყო მისი „სამგზავრო წერილები“, სადაც აღწერილია მოგზაურობა ევროპაში (1818 წ.) და გადმოცემულია იმ ეპოქის იდეები და განწყობილებები. მართალია, თელავში არ უცხოვრია, მაგრამ მისი ინიციატივით მშობლიურ ქალაქში გახსნილა წმ. ნინოს სახელობის სასწავლებელი (პროგიმნაზია), რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა პეტერბურგიდან.

ბარბარე თურქესტანიშვილის პორტრეტი. მხატვარი – პიეტრო როსი

ბარბარე თურქესტანიშვილის ტრაგიკული ბედი მისი სიყვარულის ისტორიასთან არის დაკავშირებული. 1813 წელს, როდესაც იმპერატორის ალექსანდრე I-ის მთავარი ფავორიტი მარია ნარიშკინა საზღვარგარეთ გაემგზავრა, შესამჩნევი გახდა იმპერატორის დაინტერესება ბარბარეთი. იმპერატორი სულ უფრო მეტად ინტერესდებოდა ქართველი სეფექალით და სულ უფრო ხშირად უგზავნიდა ფაიფურის მინიატურებს საკუთარი პორტრეტითა და წარწერით „Celui que vous préférez. De la part de celui qui vous préfère“. „ის, ვისაც თქვენ ირჩევთ. მისგან, ვინც გირჩევთ თქვენ“.

ალექსანდრე პირველი (1777-1825), რუსეთის იმპერატორი (1801 წლის მარტიდან)

სასახლეში ყველა იმპერატორის ახალი ფავორიტის შესახებ ჩურჩულებდა, თუმცა 1817 წელს დაწყებული რომანი მალე ტრაგიკულად დასრულდა. ბარბარე თურქესტანიშვილს იმპერატორის ოფიციალურ ფავორიტობაზე პრეტენზია არ ჰქონია, ამიტომ ცდილობდა, იმპერატორთან მისი სასიყვარულო ურთიერთობა ყველასთვის დაფარული ყოფილიყო. 1918 წლის შემოდგომაზე იმპერატორის დედამ თავადის ქალი ევროპაში სამოგზაუროდ წაიყვანა. ავსტრიაში ყოფნისას ბარბარე შეუძლოდ გახდა, საგანგებოდ მოწვეულმა ექიმმა ფრეილინა გულდასმით გასინჯა და უთხრა, რომ ფეხმძიმედ იყო. ქალისთვის ეს თავზარდამცემი ცნობა აღმოჩნდა, თუმცა რუსეთში დაბრუნებამდე საიდუმლოს დამალვა მოახერხა.

ევროპაში მოგზაურობა 1818 წლის ბოლოს დასრულდა. ბარბარეს ფეხმძიმობა უაღრესად გასაიდუმლოებულ ვითარებაში მიმდინარეობდა. თავად ბარბარემ ისეთი ნებისყოფა გამოიჩინა, რომ ახერხებდა კიდეც უცხო თვალის მოტყუებას. იმპერატორმა ჯერ სიმართლე არ იცოდა, მაგრამ ქალის ავადმყოფობამ ცოტა არ იყოს ააფორიაქა. თვითმკვლელობამდე კრისტინისადმი მიწერილ უკანსკნელ წერილში ბარბარე თავის ტკივილებს უჩიოდა და დასძენდა: „დიდ ბატონს სურს, რომ  განსაკუთრებით ვიზრუნო ჩემს ჯანმრთელობაზე! თითქოს, ეს შესაძლებელი იყოს  ჩვენი კეთილი დიასახლისის ხელში“.

ალექსანდრე პირველის სასახლის ერთ-ერთი დარბაზი

1819 წლის 20 მარტს მას გოგონა შეეძინა, რომელსაც მარია (მიმი) დაარქვეს. ბავშვის დაბადებიდან სულ მალე ბარბარემ საწამლავი დალია და რამდენიმეკვირიანი ტანჯვის შემდეგ, 1819 წლის 20 მაისს გარდაიცვალა. იმპერატორის დედა თავის სეფექალს ბოლო წუთამდე არ მოშორებია და ლოგინში უგონოდ მწოლიარეს ლოცვებს უკითხავდა.

ფრეილინას ეყო ძალა, რომ საიდუმლო სამარეში წაეღო და იმპერატორის ღირსებისთვის ჩრდილი არ მიყენებინა, ამიტომ საიმპერატორო კარმა სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად ქოლერა დაასახელა. ბარბარე ალექსანდრე ნეველის ტაძარში დაკრძალეს.

თავადი ვლ. გოლიცინი

იმ დღეებში მთელი პეტერბურგი მხოლოდ ამ იდუმალებით მოცულ გარდაცვალებაზე საუბრობდა. ვრცელდებოდა ხმები, რომ 42 წლის ბარბარემ, იმპერატორის პარალელურად, 24 წლის თავად ვლადიმერ გოლიცინთან გააბა რომანი. ერთი ვერსიით, გოლიცინმა სანაძლეო დადო, რომ თურქესტანოვას აცდუნებდა, მეორე ვერსიით კი, ღამით იმპერატორის საძინებელში რომ არ შეესწრო, თავადი ბარბარეზე დაქორწინებას აპირებდა. რუსმა წარჩინებულებმა თურქესტანოვას სიკვდილში თავადი გოლიცინი დაადანაშაულეს, თუმცა, კიდევ ერთი ვერსიით, გოლიცინისათვის ბარბარე მიუწვდომელი იდეალი იყო, ამიტომაც ახალშობილის მამობა აღიარა და ობლად დარჩენილი გოგონა გაზარდა. მარია (მიმი) ნაადრევად, 24 წლის ასაკში გარდაიცვალა, დარჩა შვილი, რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავდა იმპერატორ პაპას.

1883 წელს მხატვარმა ივან კრამსკოიმ დახატა „უცნობი ქალის“ პორტრეტი, რომელსაც უცხოეთში  „რუსულ ჯოკონდასაც“ უწოდებენ. მხატვრის შთაგონების წყარო იმპერატორ ალექსანდრე I-ის შეკვეთით დამზადებული ძვირადღირებული კამეა გახდა, რომელზეც გამოსახული იყო ვარვარა თურქესტანოვა წარწერით –  „მას, ვინც ჩემი რჩეულია, მისგან, ვინც მისი რჩეულია“. კამეიდან მომზირალი თავისუფალი, ლაღი ქართველი ქალი კრამსკოის ტილოზე უკვე გაუმხელელი დარდით გაუცხოებული, თვალებდახრილი, სევდიანი ქალბატონია.

kvira.ge

p. s. nostal.ge-სგან: როდესაც ბარბარეს მშობლები გარდაეცვალა, მარტო და უსახსროდ დარჩენილი გოგონა ნათესავმა – გენერალ-მაიორმა ვასილი დმიტრის ძე არსენიევმა თავის სახლში შეიფარა. მოგვიანებით არაერთ წერილში ბარბარე დიდი სითბოთი იხსენებდა არსენიევებს.

1808 წელს, 33 წლის ბარბარე იმპერატრიცა მარია ფიოდოროვნას ფრეილინა და იმპერატორის კარის ნამდვილი მშვენება გახდა. იგი ლამაზმანი არ ყოფილა, თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა გამორჩეული ხიბლით, კეთილგანწყობით და სათნო ხასიათით. იგი იმპერატორის კარზე დიდად გამოირჩეოდა ჭკუით და მრავალმხრივი განათლებით. გრაფი ფიოდორ ტოლსტოი, როდესაც პეტერბურგში თავის ცხოვრებას აღწერდა, „კნიაჟნა“ თურქესტანოვაზე წერდა:

„ძალზე ხშირად იყო ბიძაჩემთან [თავადი პიოტრ ტოლსტოი – nostal.ge] საღამოს წვეულებებზე და სადილზე თავადის ასული თურქესტანოვა, ორივე და გოლიცინის ყველაზე ახლო მეგობარი, მარია ალექსეევნას და მისი ქმრისთვის გამორჩეულად საყვარელი, არცთუ ნორჩი ქალიშვილი, ძალიან ჭკვიანი, ეშმაკი, მოხერხებული, მხიარული და ფრიად სასიამოვნო სალონური მოსაუბრე. დიდად პატივცემული ბიძაჩემი, როგორც ვხედავდი, მას თავს ევლებოდა და ისიც მალევე, მისი თხოვნით, სამეფო კარის ფეილინა გახდა“.

ვარვარა თურქესტანოვა 1819 წლის 20 მაისს გარდაიცვალა. თავადი პიოტრ ვიაზემსკი ალექსანდრ ტურგენევს (რუსი ისტორიკოსი, ჩინოვნიკი) წერდა:

„გუშინ თავადის ასული თურქესტანოვა გარდაიცვალა. რაც უნდა თქვან, იგი კეთილიც იყო, თავაზიანიც და არაჩვეულებრივად ჭკვიანი ქალიც. ბევრს ეხმარებოდა, მიუხედავად თავისი არასაკმარისი ქონებისა და აურაცხელ ნაცნობს სასიამოვნო მოგონებები დაუტოვა“.

რუსი დიპლომატი კონსტანტინ ბულგაკოვი მოსკოვიდან თავის ძმას სწერდა:

„ყველა წერილში პეტერბურგიდან მხოლოდ თავადის ასულ თურქესტანოვას სიკვდილზე მწერენ, ყველას ენენება იგი. იმპერატრიცა პავლოვსკიდან სპეციალურად ჩამოვიდა, რათა იგი ენახა და მასთან უკანასკნელი საათები გაატარა“.

სამეფო კარზე მითქმა-მოთქმაში ამ დრამაში თავად გოლიცინს ადანაშაულებდნენ, რათა „ხელმწიფის წმინდა პიროვნება“ დაეცვათ. დიდი რუსი მწერალი ალექსანდრ პუშკინიც თავის დღიურში გაკეთებულ ჩანაწერში სწორედ გოლიცინს მიიჩნევდა დამნაშავედ თურქესტანოვას დაფეხმძიმებაში.

„თავადის ქალი თურქესტანოვა, ფრეილინა, საიდუმლო კავშირში იყო ხელმწიფესთანაც და თავად ვლადიმირ გოლიცინთანაც, რომელმაც იგი დააფეხმძიმა. თავადის ასულმა ხელმწიფესთან ეს აღიარა. სათანადო ზომები იქნა მიღებული და მან სასახლეში იმშობიარა ისე, რომ არავის არაფერი უეჭვია. იმპერატრიცა მარია ფიოდოროვნა მასთან მიდიოდა და ბიბლიას უკითხავდა მაშინ, როდესაც იგი უგონოდ იწვა საწოლში. იგი სხვა ოთახებში გადაიყვანეს – და გარდაიცვალა. დედოფალი გაბრაზდა, როცა ყველაფერი შეიტყო; ვლ. გოლიცინმა ყველაფერი დაფქვა მთელ ქალაქში“.

წყარო: ru.wikipedia.org

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close