მსოფლიოპოლიტიკა

ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ! – ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრები მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. შესაბამისი განცხადება საელჩოს Facebook-ზე გამოქვეყნდა.

„დაბეჯითებით ვაფრთხილებთ ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, მიმდინარე წლის 10 მაისს ღაზას სექტორიდან, ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

დაიცავით უსაფრთხოების ზომები, თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან! მოიკითხეთ რაკეტსაწინააღმდეგო თავშესაფარი თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. არ გახვიდეთ აივანზე და მოერიდეთ ფანჯარასთან ყოფნას“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაბეჯითებით ვაფრთხილებთ ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ❗❗

მიმდინარე წლის 10 მაისს ღაზას სექტორიდან, ისრაელის…

Posted by Georgia in Israel საქართველო ისრაელში on ორშაბათი, 10 მაისი, 2021

დღეს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 45 რაკეტა გაუშვეს.

მანამდე „ჰამასმა“ განცხადება გაავრცელა, რომ სარაკეტო დარტყმებს განახორციელებდა, თუ ისრაელი უსაფრთხოების ძალებს იერუსალიმიდან არ გაიყვანდა.

დღეს იერუსალიმში პალესტინელ აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები განახლდა. ისრაელის პოლიციას ტაძრის მთის ტერიტორიაზე შესვლა და სპეციალური საშუალებების გამოყენება მოუწია.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი უმკაცრესად უპასუხებს ღაზის სექტორიდან განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„ჩვენ ვერ შევეგუებით თავდასხმებს ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენს დედაქალაქში, ჩვენს მოქალაქეებსა და სამხედროებზე“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ. იგი ამბობს, რომ „ჰამასმა“ იერუსალიმზე იერიშით „წითელი ხაზი გადაკვეთა“. „ჩვენზე თავდასხმა ძვირად დაუჯდებათ“, – იმუქრება ნეთანიაჰუ.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში „ჰამასის“ სამხედრო ობიექტების დაბომბვა დაიწყო. ისრაელმა ღაზის სექტორის მიმართულებით დამატებითი ძალები გაგზავნა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ პასუხი იქნება მწვავე, რომელიც დღეების განმავლობაში გაგრძელდება. სააგენტო „ალ ქუდსის“ ინფორმაციით ღაზის სექტორის დაბომბვას ცხრა ადამიანი, მათ შორის, სამი ბავშვი ემსხვერპლა.

ისრაელი ინციდენტში მონაწილეობას უარყოფს და აცხადებს, რომ მსხვერპლი თავად პალესტინელების მიერ გაშვებულ რაკეტას მოჰყვა, რომელმაც მიმართულება შეიცვალა. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდირების შესახებ.

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ღაზის სექტორის წინააღმდეგ მასშტაბური საჰაერო ოპერაციის განხორციელებას მხარი დაუჭირა, თუმცა სახმელეთო შეჭრაზე აქცენტი არ გაკეთებულა. მანამდე ისრაელის მედია წერდა, რომ „ჰამასმა“ იერუსალიმისა და ბეით შემეშის მიმართულებით შვიდი რაკეტა ისროლა. მათგან ერთი რაკეტა სისტემა „რკინის გუმბათმა“ დაიჭირა.

პარალელურად პალესტინური დაჯგუფება, „ისლამური ჯიჰადი“ ადგილობრივი დროით 09:00 საათიდან სარაკეტო იერიშების განახლებას გეგმავს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close