დედა და ახალშობილი კორონავირუსის გამო დაიღუპნენ, ბოკერიას კლინიკა განმარტებას აკეთებს
ბოკერიას კლინიკის სამედიცინო დირექტორი ალექსი ვაჩაძე კოვიდინფიცირებული 34 წლის ქალისა და მისი ახალშობილი შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.
ვაჩაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ ორსული ქალი კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით, სუნთქვის უკმარისობით, კლინიკაში 19 აპრილს შეიყვანეს. როგორც ექიმი განმარტავს, ვირუსი მას 13 აპრილს ჰქონდა დადასტურებული და უმჯობესი იყო, პაციენტს კლინიკისთვის უფრო ადრე მიემართა.
ექიმის განმარტებითვე, მდგომარეობის გართულების შემდეგ ორსული ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს და ნაყოფზე დაკვირვების შემდეგ, 24 აპრილს საკეისრო კვეთის გაკეთება გახდა საჭირო, თუმცა ახალშობილი დაიღუპა. ბავშვის დედა კი 6 მაისს, ნაშუადღევს გარდაიცვალა.
კითხვაზე, პაციენტის მდგომარეობას, კორონავირუსის დადასტურებიდან კლინიკაში მოხვედრამდე, ბინაზე, ოჯახის ექიმი აკონტროლებდა თუ არა, ალექსი ვაჩაძემ განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
ამ საკითხზე კომენტარს არც ჯანდაცვის სამინისტროში აკეთებენ და აცხადებენ, რომ საკითხის შესწავლა დაწყებულია.
კომენტარები