ეკონომიკაიტალია

იტალია მაისის შუა რიცხვებიდან „მწვანე საშვს“ შემოიღებს რეგიონებს შორის გადაადგილებისთვის

მარიო დრაგი ქვეყანაში უცხოელ ტურისტებს ეპატიჟება

მაისის მეორე ნახევრიდან იტალიაში ამოქმედდება ე. წ. „მწვანე საშვი“, რომლის მეშვეობითაც რეგიონებს შორის მოგზაურობა იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ G20-ის (დიდი ოცეულის ქვეყნების) ტურიზმის მინისტრებთან შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას ANSA ავრცელებს.

„უნდა შევიმუშაოთ მკაფიო, მარტივი წესები, რათა უზრუნველვყოთ ჩვენთან ტურისტების უსაფრთხო ჩამოსვლა. ევროპული „მწვანე პასპორტი“ ივნისის მეორე ნახევრიდან იქნება მზად, ამასთან, იტალიის მთავრობამ შემოიღო „ნაციონალური მწვანე პასპორტი“, რომელიც მაისის მეორე ნახევრიდან შევა ძალაში“, – განაცხადა დრაგიმ.

მას არ დაუზუსტებია, დოკუმენტში მხოლოდ ვაქცინაციის შესახებ იქნება ინფორმაცია თუ გათვალისწინებულია, აგრეთვე, პისიარ-ტესტის უარყოფითი პასუხი ან გადატანილი კორონავირუსული ინფექციის შესახებ ცნობა.

„ჩვენი მთები, ჩვენი პლაჟები, ჩვენი ქალაქები ისევ იხსნება. ზოგიერთ სექტორს შემცირება უწერია, ზოგი – გაიზრდება და ეჭვი არ მეპარება, რომ იტალიაში ტურიზმი უფრო ძლიერ აღორძინდება, ვიდრე ადრე“, – განაცხადა იტალიის პრემიერმა.

მან უცხოელ ტურისტებს იტალიაში მოგზაურობისკენ მოუწოდა: „მოვიდა დრო, დაჯავშნოთ შვებულება. იტალიაში ჩვენ მოუთმელად ველოდებით შესაძლებლობას, რათა სტუმრებს ისევ ვუმასპინძლოთ“.

იტალია ეცდება, ამ ზაფხულს ტურისტები ისევ მიიზიდოს, ამავე დროს, როგორც ტურიზმის მინისტრმა მასიმიო გარავალიამ  განაცხადა, მიახლოებითი შეფასებით, იტალიას 2 წელი დასჭირდება, რათა ტურიზმის მხრივ 2019 წლის დონეს დაუბრუნდეს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close