fbpx
მედიცინა

„DEVONO FARE E BASTA!“ – რა რჩევას აძლევენ იტალიელი ექიმები მათ, ვისაც კოვიდის საწინააღმდეგო აცრის ეშინია

ცოტა ხნის წინ დედაჩემს ტელეფონით ვესაუბრე (დედა საქართველოშია, მე – იტალიაში და, რა თქმა უნდა, ხშირად ვეხმიანები), ამჯერადაც ვკითხე, აცრას როდის იკეთებ-მეთქი. დედა კატეგორიულ უარზეა, დაჟინებით გაიძახის, რომ არ სურს აცრის გაკეთება, რადგან „ამბობენ, რომ აცრები კლავს; ან ხალხის კონტროლი უნდათ; ან ქართული სისხლის და ჯიშის გაქრობა აქვთ ჩაფიქრებული; ან ჩიპებს უდგამენ სხეულში“ – ათასი ასეთი ჭორი მოვისმინე, რაც სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს სჯერა, საბოლოოდ კი, რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ხელს შეუშლის ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებას და კოვიდის ხანის დასრულებას.

ჩემთვის პირადად, ჩვეულებრივი მოკვდავისთვის, რომელსაც განსაკუთრებულ წყაროებზე ან ინფორმაციებზე ხელი არ მიუწვდება, ერთადერთი ლოგიკური სანდო წყარო არის მეცნიერთა და ექიმთა მოსაზრება, მათ შორის, იმ ექიმების, რომლებიც ყოველდღიურად საკუთარი ხელით აკეთებენ აცრებს, საკუთარ თანამოქალაქეებზე, საკუთარი ოჯახის წევრებზე, ახლობლებსა და მეზობლებზე ზრუნავენ, რომლებმაც გაცილებით მეტი იციან ჩვენზე და რომლებიც მხოლოდ გულწრფელ და უანგარო რჩევას იძლევიან.

ჩემი ახალი იტალიური ოჯახის წევრები ექიმები არიან, რომლებმაც ჯერ თავად გაიარეს აცრის ორივე ეტაპი და შემდეგ ჩაერთვნენ აცრის კამპანიაში, როგორც სპეციალისტები… თითოეულმა უკვე ათეულობით პაციენტი აცრა და თვალყურიც მიადევნა აცრის შემდგომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას, რათა სავარაუდო გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეღოთ და, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო რეაგირებაც მოეხდინათ.

როდესაც იტალიელ ექიმებთან – ალდო მაფეისა და ანალიზა პრეტისთან ინტერვიუს ჩაწერა გადავწყვიტე, არა მხოლოდ nostal.ge-ს მკითხველამდე მინდოდა ინფორმაციის მიტანა, არამედ ჩემი ოჯახის წევრებამდეც საიტის მეშვეობით და არა – კერძო საუბრით, რადგან მათ რატომღაც ფეისბუქის რამდენიმე ყალბი ვიდეოს და შეძახილების გამო შიში აქვთ ჩანერგილი და სჯერათ, როდესაც ზოგიერთი სასულიერო პირი მორწმუნეებს ურჩევს, არ გაიკეთონ აცრა. ეს ფაქტი მაშინებს და მაბრაზებს კიდეც, რადგან არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ექმნება.

ჩემმა რესპონდენტებმა, იტალიურ კუნძულ სარდინიაზე მცხოვრებმა და მოღვაწე ექიმებმა, ინტერვიუს ბოლოს კითხვაზე, თუ რას ურჩევდნენ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც ჯერ არ გაუკეთებია აცრა და ეშინია ამ ნაბიჯის გადადგმის, ძალიან მარტივად და გარკვევით მიპასუხეს: „Devono fare e basta!“ („უნდა გაიკეთონ და მორჩა (წერტილი)!“ – და იმიტომ კი არა, რომ ეს მათი ახირებაა, არამედ იმიტომ, რომ პანდემიის დასრულების და ნორმალურ ცხოვრებაზე დაბრუნების სხვა გზა არ არსებობს და ვაქცინების სარგებელი ამ მხრივ ეჭვს არ იწვევს. ამას ადასტურებს იმ ქვეყნებში არსებული მკვეთრად გაუმჯობესებული ეპიდსიტუაცია, სადაც ვაქცინაციის მაღალ მაჩვენებლებს მიაღწიეს.

აი, რას ამბობენ იტალიელი ექიმები, ცოლ-ქმარი – ალდო მაფეი და ანალიზა პრეტი, რომლებიც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, უშუალოდ არიან ჩართულები იტალიის ერთ-ერთ რეგიონში – სარდინიაზე მიმდინარე ვაქცინაციის კამპანიაში.

დიდი მადლობა, რომ ჩვენთან საუბრის დრო გამონახეთ. უპირველესად გკითხავთ, კორონავირუსული ინფექცია თუ გაქვთ გადატანილი?

ალდო მაფეი, ოჯახის ექიმი, დერმატოლოგი: კოვიდის გავრცელების პირველივე პერიოდიდან მე და ანალიზა განსაკუთრებულ სიფრთხილეს ვიჩენდით, საკუთარი და პაციენტების უსაფრთხოებისათვის მუდამ ვიყენებდით პირბადეს, სათვალეს და ხელთათმანებს, შესაბამისად, კოვიდით დაიფიცირების რისკიც მცირდებოდა. საბედნიეროდ, არცერთს არ გადაგვიტანია კორონავირუსული ინფექცია.

როგორც ვიცი, აცრა უკვე გაიკეთეთ – როდის და რომელი ვაქცინით?

 ანალიზა პრეტი, ოჯახის ექიმი: ორივე აცრილები ვართ, ორივეჯერ, გავიკეთეთ „ფაიზერის“ პრეპარატით აცრა, არანაირი სერიოზული გვერდითი რეაქცია არ გვქონია, მე მხოლოდ მხარი მტკიოდა მსუბუქად ერთი დღის განმავლობაში.

ალდო მაფეი: მეორე აცრის შემდეგ ცოტა შემამცივნა და ძვლებში მტვრევის შეგრძნება მქონდა, თუმცა მალე გამიარა. სხვა – არაფერი. პირველი აცრა (პირველი დოზა) ორი თვის წინ გავიკეთეთ, 7 იანვარს, მეორე – 28 იანვარს.

შემდეგ უკვე, 30 მარტიდან მე ჩავერთე აცრის კამპანიაში, როგორც ექიმი, პირველი აპრილიდან კი – ანალიზაც.

თუ გრძნობთ თავს დაცულად აცრის შემდეგ და რა შეიცვალა თქვენს ყოველდღიურ რუტინაში?

ანალიზა პრეტი: როცა ტესტებს ან  აცრებს ვუკეთებთ პაციენტებს, მართალია, ყოველთვის ფრთხილად ვართ, ფანჯრები გვაქვს გახსნილი, პირბადე  და ხელთათმანები გვიკეთია, მაგრამ აცრის შემდეგ მაინც უფრო დაცულად, მშვიდად და კარგად ვგრძნობთ თავს, რა თქმა უნდა.

თქვენ რომელი კატეგორიის მოსახლეობას ცრით?

ალდო მაფეი:  უმეტესად 80 წელს გადაცილებულებს, თუმცა არიან 80 წელზე ნაკლები ასაკის ადამიანებიც, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ და რისკის ჯგუფს წარმოადგენენ, ამიტომ დროულად უნდა აცრილიყვნენ.

რამდენად სანდოდ მიგაჩნიათ ასტრაზენეკას“ ვაქცინა, რომელზეც ამდენი მითქმა-მოთქმაა?

ალდო მაფეი: „ასტრაზენეკაზე“ ბევრი უარყოფითი ინფორმაცია ვრცელდება, მაღალი სიცხეები, ტკივილები 4-5 დღის მანძილზე, თრომბოზის შემთხვევები, მაგრამ ჩვენს ქალაქში (სასარი – სარდინიის სიდიდით მეორე ქალაქი) კონკრეტულად არავის შექმნია სერიოზული პრობლემა ამ პრეპარატით აცრის შემდეგ.

გავრცელებული ინფორმაციით, მადალენაზე (მადალენას არქიპელაგი, სარდინია) აცრის შემდეგ ერთი 58 წლის მამაკაცი დაიღუპა, თუმცა ჯერჯერობით ზუსტი მიზეზი დაუდგენელია, უკავშირდება თუ არა ეს შემთხვევა აცრას. ამჟამად მიმდინარეობს ფაქტის მოკვლევა-გამოძიება.

 კოვიდის საწინააღმდეგო რამდენი ტიპის ვაქცინა გამოიყენება სარდინიაზე?

ანალიზა პრეტი: სარდინიაზე, ისევე როგორც მთელ იტალიაში, სამი ტიპის ვაქცინა გამოიყენება: „ფაიზერი“, „მოდერნა“, „ასტრაზენეკა“ და ახლა მეოთხე ტიპის ვაქცინაც შემოვიდა – კომპანია Johnson & Johnson-ის. ჩვენ მხოლოდ „ფაიზერს“ ვიყენებთ. როგორც ექიმებს, გვაქვს საშუალება, სხვა ტიპის ვაქცინაც გამოვიყენოთ, თუმცა ამ ეტაპზე საკმარისი რაოდენობა არ არის სარდინიაზე, ასე რომ, სხვა ვაქცინები ჯერჯერობით ჩვენამდე არ მოსულა.

ზოგადად, როგორია სარდინიაზე ადამიანების დამოკიდებულება აცრის მიმართ?

ალდო მაფეი:ასტრაზენეკაზე“ გავრცელებულმა უარყოფითმა ინფორმაციამ ხალხში შიში გამოიწვია, შესაბამისად, არიან უარყოფითად განწყობილებიც, მაგრამ ძალიან ბევრი, ზედმეტი პრობლემების გარეშე, მაინც იკეთებს აცრას.

საბოლოოდ კორონავირუსის მიმართ უფრო ძლიერია შიში, ვიდრე რომელიმე ვაქცინის მიმართ. რეალობა კი ისაა, რომ ადამიანთა უმეტესობას ერთი სული აქვს, როდის აიცრება და როდის დასრულდება ეს ყველაფერი, როდის დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას.

რა რჩევას მისცემდით მათ, ვინც ჯერ ელოდება თავის რიგს, ჯერ კიდევ შიშობს და ვერ ბედავს აცრას?

ერთადერთი რჩევაა: „უნდა გაიკეთონ აცრა და წერტილი (ე ბასტა)!“

ციცი ხაბელაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close