პოლიტიკასაქართველო

საქართველო: კოვიდპასპორტი საკოორდინაციო საბჭოს უახლოეს პერიოდში წარედგინება დასამტკიცებლად

დღეს, 4 მაისს მთავრობის ადმინისტრაციაში  გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უძღვებოდა, იმსჯელეს ე. წ. მწვანე პასპორტების შესახებ, რომელიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა. აღნიშნულ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და ე. წ. კოვიდპასპორტი უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს უახლოეს პერიოდში წარედგინება დასამტკიცებლად; ამ სერტიფიკატის მფლობელ პირებზე სხვადასხვა სახის შეღავათები გავრცელდება (თუმცა ჯერჯერობით არ კონკრეტდება, რა სახის შეღავათებზეა საუბარი; არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა ეს იყოს გარე სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებისგან გათავისუფლება, კომენდანტის საათის რეჟიმით გათვალისწინებული ღამის გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა და სხვ. – რედ.), – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე კვირიდან ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან.

„ვაქცინაციის პროცესში მიმდინარე კვირიდან მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფებად განისაზღვრებიან ტურიზმის და, ზოგადად, მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, კონტროლიორები. საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, იმსჯელეს ე.წ. მწვანე პასპორტების შესახებ, რომელიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა. აღნიშნულ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და ის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, დასამტკიცებლად, უახლოეს პერიოდში წარედგინება. გარდა ამისა, საბჭოს ფორმატში განიხილება სხვადასხვა ტიპის შეღავათების დაწესება იმ პირებისთვის, რომლებსაც ჩატარებული ექნებათ ვაქცინაციის სრული კურსი.

სხდომაზე საუბარი იყო ინფიცირების შემთხვევების ზრდის დინამიკაზე როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. აღინიშნა, რომ ჯანდაცვის სისტემა მზად არის ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც კი და მთავრობა სრულად მართავს პროცესს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს ვითარების დეტალური ანალიზის შედეგად მიიღებს.

რაც შეეხება სტატისტიკას: საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე ლაბორატორიულად დადასტურებულია ინფიცირების 313 742 შემთხვევა (788 – ბოლო 24 საათში, დადებითობის მაჩვენებელი – 8,05%), საიდანაც 295 458 პირი გამოჯანმრთელდა (1206 – ბოლო 24 საათში), გარდაცვლილია 4 183 ადამიანი (20 პაციენტი გასულ ერთ დღე-ღამეში გარდაიცვალა). ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 89 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 788 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 4209 პირი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close