კინო/ფილმებიარტისტი

გამოიცანით, ვინ არიან ეს 90 წლის მამაკაცი და 89 წლის ქალი

დიახ, ფოტოზე გამოსახული მსახიობები ცნობილი ფრანგი კინოვარსკვლავები არიან – 90 წლის ჟან-ლუი ტრენტინიანი და ანუკ ემე, რომელსაც 89 წელი 27 აპრილს შეუსრულდა  – დაუვიწყარი, უბერებელი წყვილი კინოფილმიდან „ქალი და მამაკაცი“.

ფრანგული მელოდრამატული ჟანრის ფილმი, რომელიც რეჟისორმა კლოდ ლელუშმა გადაიღო, 1966 წელს გამოვიდა ეკრანებზე. კანის კინოფესტივალზე ამ ფილმმა მთავარი პრიზი – „ოქროს პალმის რტო“ (Palme d’Or) დაიმსახურა და ორი „ოსკარი“ მიენიჭა საუკეთესო ორიგინალური სცენარისა და საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციებში.

ამ საოცარ ფილმზე ბევრი დაწერილა, ყველას თავისი „ქალი და მამაკაცი“ ჰყავს, მაგრამ დიპლომატის და ხელოვანის, ლელა ანჯაფარიძის „შესრულებით“ ეს პოსტი ნამდვილი „ფილმია“ ფილმის შესახებ. ყველა, ვინც ლელას ჩანაწერებს კითხულობდა, მოუთმენლად ელოდა მის ყოველ პოსტს, რომელიც ყოველთვის ასე იწყებოდა – „ძალიან დილა მშვიდობისა“.

„ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს დილიდან მიყვარს ყველა და ყველაფერი… დავბორიალობ „შხამსა და ხანჯალს გადარჩენილი“ ჯულიეტასავით აივანზე და გულში ვღიღინებ ფრანსის ლეის განუმეორებელ მელოდიას, დარწმუნებული ვარ, ყველასთვის საყვარელი ფილმიდან „ქალი და მამაკაცი“, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს ზუსტად ამ დღეს, 1932 წლის 27 აპრილს დაბადებული მშვენიერი და ფრანგულად ელეგანტური ანუკ ემე…

აქვე მინდა გაცნობოთ, რომ ჟურნალ Empire-ის ვერსიით, ანუკ ემე შედის კინემატოგრაფიის ისტორიაში ყველაზე სექსუალური მსახიობი ქალბატონების ასეულში; მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ფრანგი მსახიობი ქალების 30 საუკეთესოს შორის კი იკავებს მე-3 ადგილს კატრინ დენევისა და მიშელ მერსიეს შემდეგ და უკან იტოვებს ბრიჯიტ ბარდოს, მარინა ვლადის, სიმონა სინიორეს, იზაბელ აჯანის და სხვა არანაკლებ დასაფასებელ კონკურენტებს… სხვათა შორის, თავად ანუკ ემე ამბობს: „მე საკუთარი თავი არასდროს მიმაჩნდა თანამედროვე ქალად, არასდროს ვყოფილვარ მოდური“… არ ვიცი, რამდენად გულწრფელია ანუკ ემე, მაგრამ ერთი კი კარგად მახსოვს – „ქალი და მამაკაცის“ პრემიერის შემდეგ თბილისში ძალიან დიდხანს იყო მოდაში ისეთი „დუბლიონკა“, როგორიც ანუკ ემეს გმირს ეცვა…

ანუკ ემე (ნამდვილი სახელი – ფრანსუაზა იუდით სორია დრეიფუსი) პირველად ფილმში 14 წლის ასაკში გადაიღეს, მაგრამ ის ცნობილი გახდა მხოლოდ 12 წლის შემდეგ, როდესაც ჟერარ ფილიპთან დუეტში ითამაშა მოდილიანის საყვარელი ქალის ჟანა ებიუტერნის როლი ფილმში „მონპარნას 19“.

ამბობენ, რომ სწორედ მაშინ შეამჩნია ის დიდმა ფელინიმ და მიიწვია თავის ორ ყველაზე ცნობილ ფილმში „ტკბილი ცხოვრება“ და „რვა-ნახევარი“, სადაც მას პარტნიორობას უწევდა შესანიშნავი მარჩელო მასტროიანი. ფილმების ტრიუმფის შემდეგ ფელინიმ განაცხადა, რომ ანუკ ემე იყო მსოფლიოში ყველაზე გენიალური მსახიობი ქალი… მერე კი ღიმილით დაამატა: „რა თქმა უნდა, ჯულიეტა მაზინას შემდეგ“.

ესოდენ დიდი წარმატებისა და მაღალი შეფასების მიუხედავად ანუკ ემეს ყველაზე ცნობილი როლი გახდა ანა გოტიე, კლოდ ლელუშის ფილმში „ქალი და მამაკაცი“, სადაც მისი პარტნიორია ჟან-ლუი ტრენტინიანი… აღსანიშნავია, რომ ფილმის 28 წლის რეჟისორი იმდენად უცნობი და თანაც მორიდებული იყო, რომ თავად ვერ შესთავაზა როლი ანუკ ემეს და მის ნაცვლად მოსალაპარაკებლად ტრენტინიანი გაუშვა. ანუკ ემე დათანხმდა, მაგრამ გადაღებების პირველივე დღიდან დაიწყო დაუსრულებელი კონფლიქტი მასა და რეჟისორს შორის. ფილმის გადასაღებად განსაზღვრული ისედაც მცირე ბიუჯეტის ნახევარი დაიხარჯა ანუკ ემეს უმაღლესი კლასის პარიკიმახერზე, ვიზაჟისტსა და ტუალეტებზე. ამბობენ, რომ სწორედ ამის გამოც გადაწყდა ფერადი ვერსიის ნაცვლად შავ-თეთრი ფილმის გადაღება…

მსახიობი სულ ახალ და ახალ პრეტენზიებს აყენებდა. ერთხელ მათ სერიოზულად იჩხუბეს, როდესაც ანუკ ემემ განაცხადა, რომ კატარღის ეშინია და არ ავა მასზე ერთ-ერთი სცენის გადასაღებად… თანაც ფელინის ყურადღებით განებივრებულმა მსახიობმა რეჟისორს მიაძახა: „ცალკე მე გადამიღეთ, ცალკე კატარღა და მერე დაამონტაჟეთ, ფელინი ასე აკეთებდაო“ – და სასტუმროში დაბრუნდა. არადა, თუ გახსოვთ ფილმი, კატარღის სცენა ერთ-ერთი უძლიერესია და ძალიან დიდი ემოციური დატვირთვა აქვს… ლელუში სერიოზულად გაბრაზდა. ღამით მან ჩამოურეკა ყველა მეგობარ მსახიობ ქალს და ფილმში მონაწილეობაზე დაითანხმა ანი ჟირარდო… ოღონდ მას უთქვამს, 2 საათში გადმოგირეკავ და ზუსტ პასუხს გეტყვიო… ანი ჟირარდოს ლელუშისთვის აღარ დაურეკავს, სამაგიეროდ დაურეკა ანუკ ემემ და უთხრა: „ჯანდაბას, მზად ვარ შენს კატარღაზე ასასვლელადო“… ამის შემდეგ ისინი დამეგობრდნენ… არაპუნქტუალური ანი ჟირარდო კი შემდგომში, სავარაუდოდ, ნანობდა…

ფილმის ეკრანებზე გასვლის შემდეგ ყველას აინტერესებდა, ჰქონდათ თუ არა რომანი ფილმის მთავარ გმირებს ცხოვრებაში? ვინც არ იცით, იმედი უნდა გაგიცრუოთ – არ ჰქონიათ… სამაგიეროდ ანუკ ემე კლოდ ლელუშს შეუყვარდა, მაგრამ როდესაც სიყვარული აუხსნა, აღმოჩნდა, რომ ანუკ ემეს უკვე გაცხარებული რომანი ჰქონდა მისი გმირის კასკადიორი ქმრის როლის შემსრულებელ პიერ ბარუხთან, რომელსაც ცოლად გაჰყვა კიდეც გადაღებების დასრულების შემდეგ.

ანუკ ემე ოთხჯერ იყო გათხოვილი, მაგრამ ბოლოს მაინც მარტო ყოფნა არჩია. იქნებ დაუჯერა კლოდ ლელუშის სიტყვებს, რომელიც მან უკვე საკმაოდ სოლიდურ ასაკში უთხრა: „ყველაზე მშვენიერია ის სასიყვარულო ისტორიები, რომლის გასავლელადაც ადამიანს ცხოვრება აღარ ჰყოფნის“…

ლამაზი ნათქვამია, მაგრამ პირადად ჩემთვის – საკამათო…

გისურვებთ ბედნიერ და სიყვარულით სავსე დღეს!!!“ – წერდა ლელა ანჯაფარიძე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close