fbpx
პოლიტიკასაქართველო

რა შეზღუდვები წესდება სადღესასწაულოდ და იმოქმედებს თუ არა კომენდანტის საათი აღდგომა ღამეს?

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, თუ რა წესები იმოქმედებს სადღესასწაულო დღეებში კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. 

3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს, სადღესასწაულო დღეებში კი სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება, – ეს გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა.

საბჭომ განიხილა ინფიცირების შემთხვევების ზრდის დინამიკა როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში. აღინიშნა, რომ ინფიცირების შემთხვევებთან ერთად მზარდია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა გეგმა, როგორც დამატებითი საწოლფონდის მობილიზების, ისე მედიკამენტების, ჟანგბადის თუ ტესტების მარაგების მართვის კუთხით და აღინიშნა, რომ ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც კი სისტემა მზად არის, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მთავრობა სრულად მართავს პროცესს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ჯგუფების ტესტირება მაისის განმავლობაშიც სახელმწიფო დაფინანსებით გაგრძელდება;

რაც შეეხება მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულს, საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად შეთანხმებულია, რომ სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება; მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი;

ამასთან, გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, იმოქმედებს 1-ლი მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე;

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება; ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები;

როგორც ცნობილია, 4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-იდან 12 მაისის ჩათვლით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა; პარალელურად, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, აქტიურად გაგრძელდება ვაქცინაციის პროცესი.

ამასთან, სააღდგომო დღეებში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება არ იზღუდება.

იმუნიზაციის მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით, მიმდინარე კვირიდან ვაქცინაციის პროცესში საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან; შესაბამისი უწყებები კვლავ გააგრძელებენ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრს კონტროლს;

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას განაგრძობს და შემდგომ გადაწყვეტილებებს ვითარების დეტალური ანალიზის შედეგად მიიღებს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close