იტალიასაზოგადოება

კორონავირუსის ინდური შტამი იტალიაშიც გამოჩნდა – ინფიცირებულია მამა-შვილი

კორონავირუსის ე. წ. ინდური შტამით ინფიცირების 2 შემთხვევა დაფიქსირდა იტალიაში, ვენეტოს რეგიონში, სოფელ ბასანოში. ამის შესახებ რეგიონის პრეზიდენტმა ლუკა ძაიამ დღეს განაცხადა.

ინფიცირებულები არიან ინდოეთის მოქალაქეები, მამა და მისი ქალიშვილი, რომლებიც ცოტა ხნის წინათ დაბრუნდნენ ინდოეთიდან.

„ახლა ვირუსის ათასობით ვარიანტია და ადრე თუ გვიან ისინი ჩვენთანაც აღწევს. ეს ასპექტები დღითიდღე გადავლახოთ და წინ წავიდეთ“, – განაცხადა ლუკა ძაიამ.

25 აპრილს იტალიაში ინდოეთიდან შესვლა შეიზღუდა – იტალიაში არ შეუშვებენ უცხო ქვეყნების იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში ინდოეთში იმყოფებოდნენ, ხოლო ინდოეთიდან დაბრუნებულ იტალიის მოქალაქეებს ტესტის უარყოფით პასუხთან ერთად 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.

გასული 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 8444 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (დადებითობის მაჩვენებელია 5,8%), გარდაიცვალა 301 პაციენტი (გუშინ – 217).

პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში დაფიქსირებულია ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 3 971114 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 398 763 ადამიანი, გარდაიცვალა 119 539 პაციენტი. ამ დროისთვის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 452 812-ს უდრის, მათგან კრიტიკულად მძიმეა 2849 პაციენტი.

დღეიდან, 26 აპრილიდან იტალიაში მკაცრი კარანტინი მოიხსნა და რეგიონების უმეტესობა „ყვითელ ზონად“ გამოცხადდა, მათ შორის, კამპანიაც. დეკემბრიდან მოყოლებული, პირველად აღდგა რეგიონებს შორის თავისუფალი გადაადგილება ნებისმიერი საბაბით, მათ შორის, ტურისტულითაც. საუბარია მხოლოდ „ყვითელი ზონის“ რეგიონებს შორის თავისუფალ მიმოსვლაზე. ნარინჯისფერი და წითელი (სარდინია) ეპიდემიოლოგიური ფერის მქონე რეგიონებში მოგზაურობისთვის კი შეზღუდვა ისევ ძალაშია.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close