იტალიის რეგიონების დიდი ნაწილი ორშაბათიდან, 26 აპრილიდან „ყვითელ ზონაში“ გადავა, მხოლოდ 5 რეგიონი რჩება ნარინჯისფერი – ბაზილიკატა, კალაბრია, აპულია, სიცილია და ვალე დ’აოსტა, ერთადერთი – სარდინია იქნება „წითელ ზონაში“ (შეგახსენებთ, რომ დაახლოებით თვე-ნახევრის წინათ სარდინია ერთადერთი „თეთრი ზონა“ იყო ინფექციის გავრცელების მინიმალური საფრთხით, ამჟამად კი ამ კუნძულზე ინფექციის ტრანსმისიის ინდექსი Rt 1,38-ს უდრის და 1,25 ნიშნულს, რომლის ზემოთაც უკვე ტერიტორიას „წითელი ზონის“ სტატუსი ენიჭება, საკმაოდ აჭარბებს).
აბრუცო, კამპანია, ემილია რომანია, ფრიული ვენეცია ჯულია, ლაციო, ლიგურია, ლომბარდია, მოლიზე, მარკე, პიემონტი, ტოსკანა, უმბრია, ვენეტო და ბოლცანოს და ტრენტოს ავტონომიური პროვინციები „ყვითელი ზონის“ ეპიდემიოლოგიურ სტატუსს მიიღებენ, სადაც რესტორნები და ბარები საღამოს საათებშიც იმუშავებენ; გაიხსნება კინოთეატრები და თეატრები და „ყვითელი ზონის“ სტატუსის მქონე რეგიონებს შორის თავისუფალი გადაადგილება აღდგება.
ეს განსაზღვრულია დადგენილებით, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი რობერტო სპერანცა უახლოეს საათებში მოაწერს ხელს. ახალი დადგენილება 26 აპრილიდან შევა ძალაში.
ამასთან, კომენდანტის საათი (22:00 – 05:00) ისევ ძალაში რჩება.
მთელ იტალიაში, საშუალოდ, ინფიცირების ინდექსი RT 0,81-ს უდრის (12-იდან 18 აპრილამდე პერიოდის მონაცემების მონიტორინგის თანახმად) და მცირედ შემცირებულია წინა კვირის 0,86-თან შედარებით.
ბოლო კვირაში (12-18 აპრილის პერიოდი) ისევ შეინიშნება Covid-19-ით დაავადების შემთხვევების რაოდენობის მცირედ შემცირება, რომელიც იტალიის მასშტაბით 157,4 ახალ შემთხვევას უდრის 7 დღის განმავლობაში, 100 000 მოსახლეზე გაანგარიშებით; ერთი კვირით ადრე იგივე მაჩვენებელი 160,5-ს უდრიდა. მთლიანობაში დაავადების მაჩვენებელი მაღალი რჩება და საკმაოდ შორს არის იმ დონისგან (50 შემთხვევა 7 დღეში, 100 000 მოსახლეზე), რომელიც შესაბამის სამსახურებს საშუალებას მისცემდა, ბოლომდე გამოეკვლიათ ახალი ინფიცირებულების კონტაქტები.
ნინო ხოშტარია
კომენტარები