fbpx
საზოგადოებასაქართველო

წუხელ ყველა ამ კადრებს უყურებდა, მაგრამ ეს ვერავინ შეამჩნია – რა მოხდა პრეზიდენტის რეზიდენციაში

ჟურნალისტის და ქარტიის წევრის, მანუჩარ პირველის თქმით, მაგიდა, რომელიც გუშინ მთელი ერთი საათის განმავლობაში ჩანდა ქვეყნის ყველა ეთერში, მისი სურათებით აჭრელდა დღევანდელი ევროპის პრესა – წინა თაობის ლევილში გადახვეწილი ემიგრაციის თვალსაჩინო წევრის, მთელი 17 წლის განმავლობაში საფრანგეთში ქართული სათვისტომოს თავკაცის, ლევან ზურაბიშვილის, დღევანდელი პრეზიდენტის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მამის საწერი მაგიდაა.

მისივე თქმით, ეს ხელმოწერები ბევრ ვალდებულებასთანაა დაკავშირებული.

„ამ სურათზე თქვენს ყურადღებას მხოლოდ მაგიდაზე მივიპყრობ! ჩვენს ქვეყანაში და ტელევიზიებში ისე უყვართ ირანულ მამლებზე დაუსრულებლად ჭორაობა, ვფიქრობ, ეს მაგიდაც იმსახურებს ყურადღებას, თუმცა ეს თემა არავის გაუშუქებია – არ აწყობდათ! ეს მაგიდა საოცრად ამაღელვებელს ხდის ამ სურათს ჩემთვის.

გუშინდელი დღის მნიშვნელობაზე არ შეიძლება დღეს ვწერო – ისტორია თავის ადგილს მიუჩენს 19 აპრილს. ახლა, რაც არ უნდა დავწერო, ისეთი მრავალფეროვანია და ჭრელი ჩვენი პოლიტიკური შეგნება, თეთრზეც კი შეიძლება დამისაბუთონ, რომ შავია. ამიტომ, ამას მე არ ვაპირებ!

უბრალოდ, ვინც იცის ჩემი კოლექციონორობის, სიმბოლიზმისა თუ სენსიტიურობის ამბავი, ის მიმიხვდება, რატომ მეტირება დღეს.

როცა პარიზიდან საქართველოში ბრუნდებოდა წინა მთავრობის ემიგრაციის შვილი, ჩვენი დღევანდელი პრეზიდენტი, ლევილის ქართულ სასაფლაოზე მისულა, მამამისის საფლავზე გაჩერებულა და ხმამაღლა ჩაუძახებია მის განსასვენარში:

„ხომ გინდოდათ ქართულად გავზრდილიყავი? ახლა თქვენი ჯერია, მიმფარველეთ, ჩემზე იზრუნეთ და დამეხმარეთ ისე, როგორც ზეციური სამყაროდან ეხმარებიან ხოლმე დაბლა მყოფს, ხსნის მაძიებელს“.

გუშინ ამ მაგიდაზე ხელი მოეწერა უიშვიათესი ერთობის მხოლოდ საწყისს, რომელიც სწორებას და დიდი ნაბიჯებით სვლას ზუსტად იმ ევროპისკენ იწყებს, სადაც წინა თაობის პოლიტიკური ემიგრაცია მიილტვოდა.

რა თქმა უნდა, ადამიანი აღებულ სიტყვას, ხელმოწერით დადასტურებულს, ხომ უნდა ასრულებდეს, მაგრამ აქ სხვა ვალდებულებებიცაა, – მორალური ვალდებულებები.

ეს მაგიდა, რომელიც გუშინ მთელი ერთი საათის განმავლობაში ჩანდა ქვეყნის ყველა ეთერში, მისი სურათებით აჭრელდა დღევანდელი ევროპის პრესა – წინა თაობის ლევილში გადახვეწილი ემიგრაციის თვალსაჩინო წევრის, მთელი 17 წლის განმავლობაში საფრანგეთში ქართული სათვისტომოს თავკაცის, ლევან ზურაბიშვილის, – დღევანდელი პრეზიდენტის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მამის – საწერი მაგიდაა.

ამ მაგიდაზე დაიწერა საქართველოს ისტორია ფრანგულად – მთავარი სახელმძღვანელო წიგნი, რომლითაც, აი, ახლა რომ ევროპას და საფრანგეთს ველტვით, გაგვიცნო საფრანგეთმა. ამ მაგიდაზე იწერებოდა ის წერილები, ის ნაშრომები, რომლითაც საზრდოობდა ქართული ემიგრაცია და რომლებსაც დღესაც დაუსრულებლად ვსწავლობთ მკვლევარები – „თავისუფლების ტრიბუნის“, „ქართული აზრის“, „გუშაგის“, „გზის“ – არქივებში.

მამის არქივი, ფურცელ-ფურცელ, უკლებლივ, ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცეს შვილებმა, ხოლო ეს საწერი მაგიდა ორბელიანების ეროვნულ სასახლეს უსახსოვრეს.

ასე მგონია, კი არადა, დარწმუნებული ვარ, წუხელ დარბაზში ამ დოკუმენტზე ხელმოწერას ესწრებოდა ლევან ზურაბიშვილის და მასთან ერთად ჩვენი დიდი ემიგრაციის თითოეული წევრის სული, – რომელთაც საფლავში ჩაჰყვათ ოცნება საქართველოს დამოუკიდებლობასა და ევროპულ ოჯახში დაბრუნებაზე. ამიტომ, ეს ხელმოწერები ბევრ რამეს გვავალებს!“ – წერს მანუჩარ პირველი.

primetime.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close