ტექნოლოგიები

მომავლის ტუალეტი – უნიკალური მოწყობილობა, რომელსაც წყალი და კანალიზაცია არ სჭირდება!

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი სულ უფრო მეტ დროს უთმობს თავის სამეცნიერო ფონდს, რომელიც სანიტარიის სფეროში ახალ ტექნოლოგიებზე მუშაობს. გეითსის ფონდის ინიციატივით, მეცნიერებისა და ინჟინრების ერთ-ერთი საინტერესო მიღწევა უნიკალური ტუალეტი გახლავთ, რომელსაც წყალი არ სჭირდება და, შესაბამისად, არც კანალიზაციასთან დაკავშირებაა საჭირო. 

ასეთი ტუალეტები, ძირითადად, განკუთვნილია ქვეყნებისთვის, რომლებსაც წყლის სიმცირის და სანიტარიის სერიოზული პრობლემები აქვთ (აფრიკისა და აზიის ზოგი ქვეყანა).

ახალი ტუალეტი ფეკალურ მასებს წყალთან ერთად მილით არსად აგზავნის და ყველაფერს სპეციალურ კაფსულაში ტოვებს. ამის შემდეგ იწყება დამუშავების პროცესი, რომელიც ქიმიური რეაგენტების გამოყენებით, ფეკალურ მასებს სოფლის მეურნეობისთვის სასარგებლო სასუქად აქცევს.

გეითსის ფონდის პროექტი, სახელწოდებით Reinvent the Toilet Challenge, ამჟამად მეორე რაუნდის ფაზაშია და მასზე მუშაობენ: Cranfield University (დიდი ბრიტანეთი); Eram Scientific Solutions Private Limited (ინდოეთი); RTI International (აშშ) და the University of Colorado Boulder (აშშ).

ბილ გეითსმა ამ რევოლუციური ტუალეტის შექმნა 70-იანი წლების ტექნოლოგიურ პროგრესს შეადარა, როდესაც ბაზარზე Microsoft-ი გამოჩნდა და საყოველთაო კომპიუტერიზაცია დაიწყო.

ბიზნესმენი დარწმუნებულია, რომ მომდევნო ათწლეულების განმავლობაში, ფეკალიების გადამუშავების მეთოდი მსოფლიოს ყველა ოჯახში დამკვიდრდება და საკანალიზაციო წყლების გამწმენდი უზარმაზარი სადგურები უსარგებლო გახდება.

ბილ და მელინდა გეითსების ფონდმა სამეცნიერო პროექტებში დაახლოებით 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ფონდის გლობალურ მიზნებს შორის ერთ-ერთია „წყალმომარაგება, სანიტარია და ჰიგიენა“ და პროექტების უმეტესობა ფეკალური მასების წყლად, საწვავად და სასუქად ქცევის შესაძლებლობებს შეისწავლის. ფონდის ექსპერტების ინფორმაციით, ცუდი სანიტარიული პირობების გამო ყოველწლიურად 5 წლამდე ასაკის 1,5 მილიონი ბავშვი იღუპება, ხოლო მსოფლიო ეკონომიკა წელიწადში 233 მილიარდი დოლარით ზარალდება.

funtime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close