fbpx
მედიცინარჩევები

მედიკამენტები და პროდუქტები, რომელთა ერთად მიღება არ შეიძლება

ყველამ ვიცით, რომ წამლის მიღებას თავისი მკაცრად განსაზღვრული წესები აქვს. ეს შეეხება როგორც დოზირებასა და მიღების სისტემას, ისე კვების რაციონს მკურნალობის პერიოდში.

ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე პრეპარატისა და პროდუქტის ჩამონათვალს, რომელთა ერთად მიღება რეკომენდებული არ არის და ზოგ შემთხვევაში კატეგორიულად აკრძალულიცაა.

გახსოვდეთ: ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე უწყინარი პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ადამიანის ორგანიზმი უნიკალურია და ამიტომ მკურნალობის მეთოდიც შესაძლოა ინდივიდუალური დაგჭირდეთ, ამიტომაც ვერცერთი ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევა, რომელიც ზოგად ხასიათს ატარებს, ვერ შეგიცვლით ექიმის კონსულტაციას.

პრეპარატები ბრონქების სპაზმისთვის

ინიშნება ასთმის, ბრონქიტისა და ფილტვების სხვა დაავადებებისას.

პრეპარატები: თეოფილინი, ალბუტეროლი
უნდა შეიზღუდოს: კოფეინის შემცველი სასმელები და პროდუქტები

ორივე პრეპარატი ნერვული სისტემის მასტიმულირებელია. ამიტომ ნევროზული და გაღიზიანებული მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად, მკურნალობის პერიოდში აუცილებელია კოფეინის რაოდენობის შემცირება. განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს თეოფილინის მიღებისას, ვინაიდან კოფეინი პრეპარატის ტოქსიკურობას აძლიერებს.

ამ დროს რაციონიდან უნდა ამოიღოთ ცხიმიანი საკვებიც, ვინაიდან ის თეოფილინის ბიოწვდომას, ანუ ორგანიზმის მიერ მის შეწოვას ზრდის, რამაც შესაძლოა დოზის გადაჭარბება გამოიწვიოს.

არტერიული წნევის დასაწევი პრეპარატები

ინიშნება გულისა და თირკმელების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.

პრეპარატები: კაპტოპრილი, ენალაპრილი, რამიპრილი.
უნდა შეიზღუდოს: კალიუმით მდიდარი საკვები.

ამ ჯგუფის წამლები სისხლში კალიუმის რაოდენობას ზრდის, რომლის ჭარბმა დოზამ შესაძლოა გულის რიტმის დარღვევა და ჰაერის უკმარისობა გამოიწვიოს, ამიტომ მკურნალობის პერიოდში რაციონიდან უნდა ამოვიღოთ: ბანანი, კარტოფილი, სოია, ავოკადო, ჭარხლის ფოთოლი, ლობიო, ოსპი და ისპანახი.

არითმიის სამკურნალო პრეპარატები

ინიშნება გულის უკმარისობის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

პრეპარატი: დიგოქსინი.
უნდა შეიზღუდოს: ძირტკბილა

ძირტკბილა შეიცავს გლიცირინიზებულ მჟავას, რომელმაც დიგოქსინთან კონტაქტისას შესაძლოა გულისცემის დარღვევა და გულის შეტევაც კი გამოიწვიოს. აღსანიშნავია, რომ ეს ნივთიერება ასევე შედის კანფეტებში, ტორტებსა და სხვა საკონდიტრო ნაწარმში, ასევე, ბურახსა და ლუდში.

საკვები ბოჭკო, მაგალითად, ქატო ამცირებს დიგოქსინის ეფექტიანობას, ამიტომ თუ მაინცდამაინც ქატოს მიირთმევსთ, წამალი ჭამამდე ორი საათით ადრე, ან ორი საათის შემდეგ დალიეთ.

დიგოქსინის მოქმედებას აუარესებს ისეთი ბალახეულიც, როგორიცაა კრაზანა (зверобой).

„ცუდი“ ქოლესტერინის დამწევი პრეპარატები

ინიშნება სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ.

  • პრეპარატები: ატორვასტატინი, ფლუვასტატინი, ლოვასტატინი, სიმვასტატინი, როზუვასტატინი, პრავასტატინი.
  • უნდა შეიზღუდოს: გრეიპფრუტი.

გრეიპფრუტი ძალიან ზრდის პრეპარატების შეწოვის უნარს, რაც დოზის გადაჭარბებისა და გვერდითი ეფექტების გამოვლენის რისკს ამაღლებს. მაგალითად, ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან ნებისმიერის ერთი აბის ეფექტი, თუ მას გრეიპფრუტის წვენს დააყოლებთ, უდრის ჩვეულებრივი წყლით დალეული 20 აბის ეფექტს. ანალოგიური ქმედება ახასიათებს: თურინჯს (помело), ლაიმსა და სევილიურ ფორთოხალს.

სისხლის გამათხიერებელი პრეპარატები

ინიშნება თრომბების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

პრეპარატი: ვარფარინი.
უნდა შეიზღუდოს: სისხლის წებოვნების შემამცირებელი და К ვიტამინით მდიდარი პროდუქტები.

ვარფარინის მიღებისას რაციონიდან უნდა ამოიღოთ ან მნიშვნელოვნად შეამციროთ: ნიორი, კენკროვნები, ჯანჯაფილი, დარიჩინი, კურკუმა, წითელი წიწაკა. ეს პროდუქტები სისხლს ათხელებს და, შესაბამისად, აძლიერებს ვარფარინის ეფექტს, რასაც შესაძლოა სისხლდენაც მოჰყვეს.

რაც შეეხება К ვიტამინს, ის დიდი რაოდენობით შედის შემდეგ პროდუქტებში: ისპანახი, თალგამი, თეთრი კომბოსტო, ბროკოლი, კარტოფილი, სოია, ავოკადო, ჭარხლის ფოთოლი, ლობიო, ოსპი.

ტირეოდული ჰორმონები

ინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლისას.

პრეპარატი: ლევოტიროქსინი.
უნდა შეიზღუდოს: სოია, ნიგოზი, ცელულოზის შემცველი პროდუქტები.

მათ, ვისაც სამკურნალოდ ლევოთიროქსინს ან მის ანალოგებს (ეუთიროქსი, ბაგოთიროქსი, L-თიროქსინი) უნიშნავენ, აუცილებლად უნდა შეზღუდონ ზემოთ ჩამოთვლილი და ასევე სოიისგან დამზადებული პროდუქტები, ვინაიდან ისინი ლევოტთიროქსინის შეწოვას ბლოკავენ.

ანტიბიოტიკები

ინიშნება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.

პრეპარატები: ტეტრაციკლინი (და ამ რიგის სხვა პრეპარატები), ციპროფლოქსაცინი, პენიცილინი.
უნდა შეიზღუდოს: რძის პროდუქტები.

აღნიშნული პრეპარატები კალციუმთან (რომლითაც რძის პროდუქტებია მდიდარი) ურთიერთქმედებისას ძნელად გამოსადევნ შენაერთებს წარმოქმნიან, რაც პრეპარატის აქტიურობას მკვეთრად ამცირებს.

ტკივილგამაყუჩებლები

ინიშნება ანთებების, კუნთებისა და თავის ტკივილისას.

  • პრეპარატი: იბუპროფენი
  • უნდა შეიზღუდოს: ტკბილი, გაზირებული სასმელები.

იბუპროფენი (ნუროფენი, ადვილი, ბონიფენი) არათავსებადია ტკბილ გაზირებულ წყლებთან. ნახშირმჟავა გაზი და მჟავა, რომლებიც გაზიან სასმელებში შედის, აძლიერებს შეწოვას და ზრდის პრეპარატის კონცენტრაციას სისხლში. ასეთ შემთხვევაში შეუძლებელი ხდება დოზის გაკონტროლება და დგება ტოქსიკური მოწამვლის საფრთხე, რაც, პირველ რიგში, თირკმელებზე მოქმედებს.

ანტიდეპრესანტები

ინიშნება ძლიერი დეპრესიისას.

პრეპარატები: მონოამინოქსიდაზების ინჰიბიტორთა ჯგუფის ყველა პრეპარატი (ტრანილციპრომინი, ფენელზინი, ნიალამიდი).
უნდა შეიზღუდოს: ტირამინით მდიდარი პროდუქტები.

დეპრესიის სწინააღმდეგო პრეპარატები მონოამინოქსიდაზების ინჰიბიტორებს შეიცავს, რომელიც ტირამინთან რეაქციაში შედის და შეუძლია წნევა კრიტიკულ ნიშნულამდე გაზარდოს.
ტირამინი – ეს ამინომჟავაა, რომელიც ცილებით მდიდარ დაძველებულ პროდუქტებში წარმოიქმნება. ეს ნივთიერება ასევე დიდი რაოდენობით შედის დაძველებულ ყველში, გამოყვანილ ხორცსა და თევზში, გამომშრალ ძეხვეულში, ხორცისა და თევზის კონსერვებში.

sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close