fbpx
მიგრაციადასაქმება

ისრაელში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმებისთვის რეგისტრაცია იწყება

ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელში დასაქმებას შეძლებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია ისრაელის ელჩს საქართველოში რან გიდორს შეხვდა.

მხარეებმა ისრაელში ლეგალურად დასაქმების საკითხზე დეტალურად ისაუბრეს.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 12 აპრილიდან იწყება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას ჯანდაცვის სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე (https://workabroad.moh.gov.ge) გაივლის.

ისრაელის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება ერთი წლით შეეძლებათ. დასაქმება ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზეა შესაძლებელი.

„დღეს პატივი მქონდა, შევხვედროდი მინისტრის მოადგილეს, ორმხრივი შეთანხმების განხორციელების ფაზაში გადასვლის მიზნით. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა 1 000-მდე ქართველისთვის ჩამოვიდეს და იმუშაოს ისრაელში. აღნიშნული წარმოადგენს ისრაელში საქმიანობის შედარებით ახალ მიმართულებას და ჩვენ განსაკუთრებულად დიდი სიფრთხილით მივუდექით იმ საკითხს, თუ რომელი ქვეყნებისთვის, რომელი მთავრობებისთვის მიგვემართა. ამ ეტაპისთვის შერჩეულია მხოლოდ ორი ქვეყანა, მათ შორის ერთ-ერთი არის საქართველო“, – განაცხადა საქართველოში ისრაელის ელჩმა რან გიდორმა.

ელჩის თქმით, ისინი მაღალ შეფასებას აძლევენ იმ საკვალიფიკაციო და პროფესიონალურ მომზადებას, რომელსაც აღნიშნული სპეციალისტები საქართველოში გადიან.

„დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა, რათა საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში ჰქონდეთ ლეგალურად მუშაობის შესაძლებლობა და საშუალება. ჩვენ ისრაელთან ხელმოწერილი ხელშეკრულების განხორციელებას ვიწყებთ ორშაბათიდან, რომლის ფარგლებშიც შინ მოვლის სპეციალისტებს ექნებათ საშუალება, ისრაელში დასაქმდნენ ერთი წლის განმავლობაში შესაბამისი ანაზღაურებით“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ.

მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ საზღვარგარეთ დასაქმების სურვილი, ჰქონდეთ შესაძლებლობა, ლეგალურად დასაქმდნენ, არ დარჩნენ არალეგალურად და მათი შრომითი უფლებები დაცული იყოს იმ ქვეყანაში, სადაც მუშაობენ.

ამასთან, როგორც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში აცხადებენ, სამუშაოს ხანგრძლივობა იქნება სრული განაკვეთი. კერძოდ, კვირაში ექვსი სამუშაო დღე, კვირაში 42 საათი. თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42-საათიანი სამუშაო გრაფიკით – 5 300 შეკელი (2021 წლის მარტის კურსის შესაბამისად, არის 1 600 აშშ დოლარის ექვივალენტი). ისრაელში ჩასული დასაქმებულები მიიღებენ ვიზას, რომელიც ძალაში იქნება ერთი წლის განმავლობაში, მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მაქსიმუმ 63 თვემდე; სამუშაო ადგილების კვოტა – იგეგმება 1000 საქართველოს მოქალაქის დასაქმება წლის ბოლომდე;

სააგენტოს ინფორმაციით, დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • განათლება: საშუალო სკოლა დამთავრებული; სახელმწიფოს მიერ აღიარებული, სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი;
  • ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე 25-იდან 45 წლამდე; სიმაღლე: არანაკლებ 1.5 მეტრი. წონა: არანაკლებ 45 კგ; ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი;
  • ნასამართლეობის არმქონე;
  • ისრაელში მუშაობის ისტორიის არმქონე; არასდროს უცხოვრია ისრაელში უნებართვოდ; დასაქმების კანდიდატის მშობლები, მეუღლე, შვილები არ უნდა მუშაობდნენ ან ცხოვრობდნენ ისრაელში;
  • კანდიდატმა უნდა განაცხადოს თანხმობა, რომ ისრაელში შესვლამდე, საქართველოში გაიაროს კოვიდ-19-ის ტესტი;
  • კანდიდატი თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ კოვიდ-19-ის ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად (აღნიშნული მოიცავს კოვიდ-19-ის ვაქცინაციის ორი დოზის ჩატარებას, სამი კვირის შუალედით).

სამუშაოს მაძიებლისთვის დასაქმებასთან დაკავშირებული მომსახურება სრულიად უფასოა.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ან დაუკავშირდით ცხელ ხაზს – 1505.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close