დახურული შეხვედრის გამხელილი დეტალები – „რურუა რომ დაუყოვნებლივ გამოვიდეს, ხელს მოაწერთ დოკუმენტსო?“
ოპოზიციის მიერ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიმართ უნდობლობის გამოცხადების, ახალ პარლამენტში შესვლაზე ბოიკოტისა და რამდენიმე საპროტესტო აქციის შემდეგ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ევროსაბჭოს შუამავლობით პოლიტიკური დიალოგი დაიწყო. გაიმართა მოლაპარაკების ორი რაუნდი, თუმცა დოკუმენტს, რომელიც ევროპელმა პარტნიორებმა შესთავაზეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას, არცერთმა მხარემ ხელი არ მოაწერა. 30 მარტს ისტორიული შეთანხმება ვერ თუ არ შედგა.
საჯარო გამოსვლებში მხარეები ერთმანეთს აბრალებენ საქართველოს ინტერესებისთვის ამ წამგებიან შედეგს, თუმცა, როგორც ყოველთვის, ახლაც „ეშმაკი“ დეტალებშია და ეს დეტალები პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გაამხილა. მისი განცხადებით, მოლაპარაკება ოპოზიციამ ჩაშალა.
„ბოლო ჩამოსვლისას დანიელსონმა გვითხრა, რადგან მე მედიატორი ვარ, გეტყვით, რაც არის ევროკავშირის პირობა და ჩამოთვალა 5 პუნქტი. ამის შემდეგ, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, შემიძლია შვილებიც დავიფიცო, ამ დოკუმენტს 100%-ით ხელს აწერდა ვახო მეგრელიშვილი(„გირჩი“), ჩვენი პარტია, დაახლოებით 95%-ით მზად იყო ამ შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა „ქართულ ოცნებას“, ხოლო ოპოზიციის დიდი ნაწილი ამას 100%-ით არ აწერდა ხელს. ეს შეთანხმება ოპოზიციამ ჩაშალა, რადგან არ აწყობდათ, მაგალითად, ის, რომ არ ეწერა დოკუმენტში ვადამდელი არჩევნები“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებებში „ყველაზე დესტრუქციული“ იყო „ლელო“.
რაც შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს, მისი თქმით, კონკრეტულად იყო გაწერილი, თუ როგორ უნდა გათავისუფლებულიყვნენ გიორგი რურუა და ნიკა მელია.
„ძალიან კონკრეტული პოზიცია იყო რურუასთან და ნიკა მელიასთან დაკავშირებითაც, ძალიან ზუსტი პოზიცია იყო ნათქვამი, ვინ როგორ გამოვიდოდა, ითქვა, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი ორგანიზაცია გადაიხდიდა ნიკა მელიას გირაოს, ნიკა მელია გამოვიდოდა გირაოთი, ხოლო შემდეგ მოხდებოდა 20 ივნისის საქმეზე ამნისტია, მარტო მელიაზე კი არა, ყველაზე, ვისაც ბრალი ჰქონდა ამ საქმეზე წარდგენილი.
ამის შემდეგ იყო საუბარი, რომ ნოემბერში გიორგი რურუა გამოვიდოდა სამაჯურით, ამაზე იყო შემდეგ დიდი მსჯელობა, რომ დაუყოვნებლივ გამოსულიყო, ბოლოს იყო ასეთი რამ, მეც ვამბობდი, ვთქვი, რომ „ქართული ოცნების“ რეალური კომპრომისი იქნება, რურუაც დაუყოვნებლივ გამოუშვან, რახან ასეთი ამბავია, ხოლო ოპოზიციის კომპრომისი იქნება, ვადამდელს თავი დაანებეთ-მეთქი, რადგან არგუმენტი აღარ აქვს ვადამდელს და ეს ეწერა ევროკავშირის წინადადებაშიც, რომ „ოდირის“ დასკვნით, არც ისე გაყალბებულა, რომ შედეგზე მოეხდინა გავლენა. თალაკვაძემ თქვა, რურუა რომ დაუყოვნებლივ გამოვიდეს, ხელს მოაწერთ დოკუმენტსო? ვახო მეგრელიშვილის გარდა ყველამ თქვა, არ მოვაწერთო“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, ვადამდელი არჩევნების გამართვასა და საარჩევნო კანონმდებლობის და ადმინისტრაციის შეცვლასთან ერთად მოითხოვენ „პოლიტპატიმრების, ნიკა მელიას, გიორგი რურუას, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას“.
დაბოლოს კიდევ ერთი დეტალი: მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია „გარეჯის საქმის“ კარტოგრაფებს პოლიტპატიმრებად მიიჩნევს, ისინი ამ მოლაპარაკების ფიგურანტები ვერ გახდნენ.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები