საბერძნეთი შეზღუდვების შერბილებისთვის ემზადება: რას გადაწყვეტენ ეპიდემიოლოგები?
დღეს, 31 მარტს იგეგმება ბერძენი ეპიდემიოლოგების თათბირი, რომელზეც კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შერბილება განიხილება.
ჯერჯერობით სპეციალისტებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ამდენად, შესაძლებელია ხუთშაბათს, პირველ აპრილს კიდევ ერთი თათბირის ჩატარება გახდეს საჭირო.
მთავარი საკითხი, რომელიც ეპიდემიოლოგებმა უნდა განიხილონ, საცალო ვაჭრობის ობიექტების გახსნას ეხება. სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მაღაზიები ე.წ. click away-ს პრინციპით უნდა ამუშავდნენ. ამავე დროს, ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ერთადერთი შეზღუდვა, რომელიც მაღაზიებში იქნება, ფართობის მიხედვით მომხმარებელთა რაოდენობას უნდა შეეხებოდეს.
მოსალოდნელია, რომ მცირე ზომის მაღაზიები მუშაობას 5 აპრილიდან განაახლებენ, ხოლო დიდი სავაჭრო ცენტრები მოგვიანებით გაიხსნება.
ბერძნული მედიის ვარაუდით, გაიხსნება სკოლებიც. კერძოდ, გიმნაზიები (მე-7 – მე-9 კლასები) და ლიცეუმები (მე-10 – მე-12 კლასები) მუშაობას 12 აპრილს განაახლებენ. არ არის გამორიცხული, სწავლა უფრო ადრე, 8 აპრილს განახლდეს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის ჩამოვა ქვეყანაში ე.წ. Self test-ები, რომელთა მეშვეობითაც მოქალაქეებს შეეძლებათ თავად გაიკეთონ ტესტი კორონავირუსზე.
Self test-ი სწრაფი ტესტის ანალოგიურია იმ განსხვავებით, რომ მის ჩასატარებლად სპეციალისტი საჭირო არ არის. ასეთი სახის ტესტები ხელმისაწვდომი იქნება აფთიაქებში და ნებისმიერ მოქალაქეს, სურვილისამებრ, მისი გაკეთება გარკვეული სიხშირით (კვირაში ერთხელ ანუ თვეში 4-ჯერ) უფასოდ შეეძლება.
მოსწავლეებისთვის ასეთი ტესტის ყოველკვირეული გაკეთება სავალდებულო იქნება.
ეპიდემიოლოგებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას კონრონავირუსით დაავადებულთა რიცხვის ზრდა უშლით. 30 მარტს საბერძნეთში დაავადების 4322 შემთხვევა გამოვლინდა, რაც აბსოლუტური რეკორდია. შემთხვევათა დიდი ნაწილი (2000) ატიკის ოლქში დაფიქსირდა. იმავე დღეს 72 პაციენტი გარდაიცვალა.
მიუხედავად ამისა, ეპიდემიოლოგები იმედოვნებენ, რომ პიკმა უკვე გადაიარა, რაც უახლოეს მომავალში გამოჩნდება.
გიორგი ჯანელიძე
მსგავს თემაზე: საბერძნეთში კოვიდ-19-ზე უფასო ტესტები აფთიაქებში ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება
კომენტარები