fbpx
მსოფლიოკრიმინალი

დები ხაჩატურიანები, რომლებმაც მამა მოკლეს, დაზარალებულად ცნეს – რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის ახალი დეტალები

დები ხაჩატურიანები მამის მხრიდან ძალადობის საქმეში დაზარალებულად ცნეს – ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ი ავრცელებს.

დების უფლებადამცველები იმედოვნებენ, რომ დაზარალებულის სტატუსის მიღება მამის მხრიდან სექსუალური ძალადობისა და წამების საქმეზე, მათ საშუალებას მისცემს, მამის მკვლელობაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა თავიდან აიცილონ.

რუსეთის საგამოძიებო უწყების ოფიციალური განცხადებით, საქმე მიხეილ ხაჩატურიანის წინააღმდეგ აღიძრა, რაც ქალიშვილების მიმართ სექსუალურ ძალადობასა და წამებას გულისხმობს.

„ჩვენთვის ეს საქმე მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ გოგოები უკვე ოფიციალურად დაზარალებულების სტატუსს ყველა თანმხლები უფლებით ატარებენ“, – განაცხადა დების ადვოკატმა ალექსეი პარშინმა.

მისივე თქმით, ხაჩატურიანების საქმეზე სრულფასოვანი გამოძიება დაიწყება, „რომლის ფარგლებშიც გამოძიება მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის ჩადენის მტკიცებულებებს შეაგროვებს. გამოძიების დასრულებისთანავე საქმე სასამართლოს გადაეცემა“.

ადვოკატის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მამის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სასამართლოს გადაეცემა და სასამართლო მას ქალიშვილების მიმართ ჩადენილი ქმედებებისთვის დამნაშავედ ცნობს, დაცვის მხარე უდავო მტკიცებულებას მიიღებს იმის თაობაზე, რომ დები ხაჩატურიანები დანაშაულის ჩადენის დროს თავდაცვის მიზნით მოქმედებდნენ.

2020 წლის თებერვალში გამოძიებამ მიიღო გადაწყვეტილება, უარი ეთქვა მიხაილ ხაჩატურიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე. მოსკოვის ბასმანის სასამართლომ გამომძიებლის ქმედებები მიხეილ ხაჩატურიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ბრძანების გამოტანის თაობაზე უკანონოდ მიიჩნია.

ამ გარემოებებიდან გამომდინარე, 2019 წლის ივნისიდან 2020 წლის თებერვლამდე გამოძიებამ დამატებითი მოკვლევა განახორციელა. საქმეში მონაწილე მოწმეების ჩვენებებიდან ირკვევა, რომ 2014 წლის ნოემბრიდან, ასევე მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც დები დედის გარეშე ცხოვრობდნენ, მათ შორის მამის მკვლელობის დღესაც, მიხაილ ხაჩატურიანი ქალიშვილების მიმართ სასტიკ ქმედებებს სჩადიოდა, სისტემატურად ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და სექსუალური ქმედების განხორციელებას აიძულებდა, რის შედეგადაც დებ ხაჩატურიანებს „ბოროტად გამოყენების სინდრომი“ და „პოსტტრავმული სტრესული აშლილობა“ განუვითარდათ.

გახმაურებული მკვლელობა 2018 წლის ივლისში მოხდა – დებმა ხაჩატურიანებმა საკუთარი მამა სასტიკად მოკლეს. გამოძიების დროს დადგინდა, რომ მამა შვილებზე წლების განმავლობაში ძალადობდა, საუბარია სექსუალურ ძალადობაზე, სიკვდილის მუქარასა და ფიზიკური ძალის გამოყენებაზე. მკვლელობის მომენტში გოგონები 19, 18 და 17 წლისანი იყვნენ. მათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი მკვლელობა ედებათ ბრალად, რაც 8-იდან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ფარგლებში, 2018 წლის 27 ივლისს მოსკოვში, საკუთარ სახლში 57 წლის მიხაილ ხაჩატურიანის ცხედარი იპოვეს, მრავლობითი ჭრილობებით კისრისა და მკერდის არეში (სხვადასხვა მონაცემის მიხედვით, ჭრილობების რაოდენობა 36-დან 45-მდე იყო). პოლიციამ ბინიდან დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოიღო.

მეორე დღეს დააპატიმრეს მოკლულის სამი ქალიშვილი. დაკითხვისას მათ დანაშაული აღიარეს. კრისტინა, ანგელინა და მარია ხაჩატურიანებს ბრალი 57 წლის მამის მკვლელობაში ედებათ.

საქმეს რუსეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ოჯახში ძალადობის თემაზე მრავლობითი დისკუსია გამოიწვია.

rustavi2.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close