fbpx
საზოგადოებასაქართველო

2020 წელს საქართველოში შობადობა 3.7 პროცენტით შემცირდა, სიკვდილიანობა კი 8.3 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 46 520 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 24 289 ბიჭია, 22 231 – გოგო. ეს მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით 3.7 პროცენტი შემცირდა.

2020 წელს ყველაზე მეტი ბავშვი  თბილისში დაიბადა – 15 271 ბავშვი, ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში – 259 ბავშვი.

2020 წელს დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 30 პროცენტიდან 28.4 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის ქალების წილი 66.1 პროცენტიდან 67.2 პროცენტამდე გაიზარდა. ზრდა შეინიშნება, აგრეთვე, 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში – მათი წილი 3.8 პროცენტიდან 4.4 პროცენტამდე გაიზარდა. 2020 წელს დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 25.8 წლით განისაზღვრა.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს 50 537 ადამიანი გარდაიცვალა, რაც, 2019 წელთან შედარებით, 8.3 პროცენტით მეტია. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა – 13 878 ადამიანი, ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში – 764 კაცი.

2020 წელს საქართველოში ბუნებრივი მატების მაჩვენებელი უარყოფითია –  გარდაიცვალა 4017-ით მეტი ადამიანი, ვიდრე დაიბადა.

2020 წელს 16 359 ქორწინება დარეგისტრირდა, რაც 29.7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. აგრეთვე, შემცირდა განქორწინებების რიცხვი – 2020 წელს 7 643 განქორწინება დარეგისტრირდა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 31.8 პროცენტით ნაკლებია.

ნინო ხოშტარია

შენიშვნა: საქსტატის მონაცემები არ მოიცავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს.

დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.geostat.ge/

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის პირველი იანვრის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3 716 858-ს შეადგენს, მათგან 48,2% მამაკაცია, 51,8% კი – ქალი.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close