მედიცინამსოფლიო

გერმანიამ ASTRAZENECA-ს პრეპარატით ვაქცინაცია შეაჩერა

გერმანიაში შვედურ-ბრიტანული კომპანიის, AstraZeneca-ს და ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინით აცრა დროებით შეჩერდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

პაულ-ერიხის ინსტიტუტის (Paul-Ehrlich-Instituts) სპეციალისტების რეკომენდაციაა, დროებით არ გამოიყენონ აღნიშნული ვაქცინა აცრილთა შორის თრომბოზით დაავადების შემთხვევების შესახებ ცნობების გამო.

გფრ-ის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა იენს შპანმა (Jens Spahn) განმარტა, რომ დროებით შეჩერდა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის როგორც პირველი, ისე მეორე დოზის გაკეთება. ამასთან, მისი თქმით, დაავადებების შემთხვევები, რომლებიც შეშფოთებას იწვევს, „ძალზე იშვითად“ გვხვდება – ამ დრომდე გერმანიაში მხოლოდ 7 ასეთი შემთხვევის შესახებ არის ცნობილი, მაშინ როდესაც AstraZeneca-ს პრეპარატით ქვეყნის 1,6 მლნ-ზე მეტი მცხოვრები აიცრა.

ჯანმო და ევროპის რეგულატორი EMA შემოწმებას აწარმოებენ

აცრის შემდეგ სისხლის შედედებასთან დაკავშირებით გამოვლენილი პრობლემების გამო AstraZeneca-ს ვაქცინით აცრა გერმანიაზე ადრე დროებით შეაჩერეს ნიდერლანდებმა, ირლანდიამ, დანიამ, ნორვეგიამ და ისლანდიამ. ავსტრიამ, ესტონეთმა და იტალიამ ვაქცინის ერთი კონკრეტული პარტიის გამოყენება დაბლოკეს. კერძოდ, ავსტრიაში 49 წლის მედდა სისხლის შედედების პრობლემის გამო აცრიდან 10 დღის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო მის 35 წლის კოლეგას ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია განუვითარდა და მკურნალობა მოუწია.

თავის მხრივ, AstraZeneca ირწმუნება, რომ არ არსებობს თრომბების წარმოქმნის გაზრდილი რისკი მისი ვაქცინის გამოყენების შემდეგ. კონცერნს არგუმენტად მოყავს ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის 17 მლნ მცხოვრების მონაცემთა კვლევების შედეგები.

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) განაცხადა, რომ ამოწმებს ცნობებს შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ, რამაც ზოგიერთ ქვეყანაში შეშფოთება გამოიწვია. ამავე დროს, ორგანიზაციის წარმომადგენელმა კრისტიან ლინდმერმა (Christian Lindmeier) Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აღნიშნული შემთხვევების დადასტურებული პირდაპირი კავშირი ვაქცინაციასთან ამ დროისთვის არ არსებობს.

მოკვლევას აწარმოებს წამლის ევროპული სააგენტოც (EMA).

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close