საზოგადოებასაქართველო

ASTRAZENECA-ს ვაქცინის პირველი პარტია საქართველოში დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე შემოვიდა

ევროპის რეგიონში საქართველო მეოთხე ქვეყანა გახდა, რომელმაც COVAX-ის მეშვეობით ვაქცინა მიიღო

საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი 43 200 დოზა დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე, დღეს, 13 მარტს, დილით შემოვიდა. საქართველოში „კოვაქს“ პლატფორმის საშუალებით  შემოსული ვაქცინა AstraZeneca-SKBio-ს (კორეის რესპუბლიკა) მიერ არის დამზადებული.

საქართველოსთვის განკუთვნილი ვაქცინების გამოგზავნის პროცესს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე დაესწრო.

„ევროპის რეგიონში საქართველო მეოთხე ქვეყანა გახდება, რომელიც COVAX-ის მეშვეობით ვაქცინებს მიიღებს. ახლახან შევხვდი ევა კადილის, როდესაც UNICEF-ის მომარაგების განყოფილება საქართველოში გასაგზავნი ვაქცინის პარტიას ამზადებდა“, – განაცხადა ჰანს კლუგემ.

დღეის მონაცემებით, მსოფლიოში AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინირებულია ბრიტანეთის 11 მილიონი და ევროკავშირის 5 მილიონი მოქალაქე. ჯამში 16-მა მილიონმა ადამიანმა გაიკეთა ეს ვაქცინა, ვიდრე ჩვენამდე მოვიდოდა.

10 მარტის მონაცემებით, ევროპის ეკონომიკურ ზონაში „ასტრაზენეკათი“ აცრილ ხუთ მილიონამდე ვაქცინირებულზე თრომბოემბოლიური გართულების 30 ფაქტი დაფიქსირდა, მთ შორის, გარდაცვალების 5 შემთხვევაც. 

მიმდინარე კვირაში ავსტრიამ, ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, ლუქსემბურგმა, იტალიამ, დანიამ, ნორვეგიამ, რუმინეთმა, ბულგარეთმა, ტაილანდმა და ისლანდიამ შემთხვევების მოკვლევის დასრულებამდე დროებით შეაჩერეს  AstraZeneca-ს კონკრეტული პარტიების ვაქცინის გამოყენება, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიის ცნობით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ სისხლის შედედების პრობლემა, რომელიც ზოგიერთ ვაქცინირებულ პაციენტში გამოვლინდა, „ასტრაზენეკას“ ვაქცინას უკავშირდება.

გარდა ამისა, გარკვეულ შიშს იწვევს ლოკალური რეაქციები, რომლებიც ყველა ვაქცინას და, მათ შორის, კოვიდვაქცინასაც ახასიათებს.

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, „ეს ლოკალური რეაქცია ფიქსირდება ვაქცინირებული ადამიანების თითქმის 60-65%-ში. არის ადგილობრივი სიწითლე და ადგილობრივი შეშუპების განვითარება. შესაძლებელია იყოს სისუსტე და კუნთების ტკივილი. მარტივად რომ ვთქვათ, მსუბუქი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა. ეს სიმპტომები 24, 48 და 72 საათია მაქსიმუმ და შემდეგ უკვალოდ ქრება. კვლევებით, ტემპერატურა აღმოჩნდა 6,9%-ში, საშუალოდ, 100 ვაქცინირებულიდან 7-მა ადამიანმა სიცხით უპასუხა“, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, როცა ვაქცინა იმუნურ სისტემას ასე აღიზიანებს, უკეთეს მახსოვრობას ტოვებს. „მუშაობს წამალი – ასე ვამბობთ ხოლმე ხანდახან, თუმცა რასაკვრველია, ისეთი რეაქცია არ უნდა იყოს, რომ ადამიანი და ოჯახის წევრი შეაშინოს“, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.

საქართველოში დღეს დილით შემოსული ვაქცინის 43 200 დოზა რეგიონებში გადანაწილდება. ვაქცინაციის პროცესი, სავარაუდოდ, 15 მარტს დაიწყება და პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალი აიცრება.  

უახლოეს კვირებში საქართველომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 129 600 დოზა უნდა მიიღოს. მომდევნო ეტაპზე „ფაიზერ-ბიოენტექის“ ვაქცინის შემოტანაც იგეგმება.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close