fbpx
საბერძნეთისაგამოცდო თემები

საბერძნეთის გეოგრაფია: მთები – მიმოხილვები საბერძნეთის მოქალაქეობის მოპოვების მსურველთა გამოცდისთვის მოსამზადებლად

ჩვენი საიტის მკითხველთათვის უკვე ცნობილია, რომ 16 მაისს ჩატარდება პირველი ეროვნული გამოცდები ნატურალიზაციის გზით საბერძნეთის მოქალაქეობის მოპოვების მსურველთათვის. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კანდიდატები მიიღებენ სერტიფიკატს (Πιστοποιητικό Επάρκειας Γνώσεων Πολιτογράφησης), რის შემდეგაც შეძლებენ საბერძნეთის მოქალაქეობაზე განაცხადის შეტანას.

საგამოცდო საკითხები მოიცავს ხუთ სფეროს: გეოგრაფია (70 საკითხი), ისტორია (80 საკითხი), პოლიტიკური ინსტიტუციები (80 საკითხი), კულტურა (70 საკითხი) და ბერძნული ენა (წერა, მოსმენილის გაგება და საუბარი – ჯამში 250 საკითხი).

რამდენადაც საგამოცდო საკითხები შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოცდამდე ცოტა ხნით ადრე აიტვირთა და სწორი პასუხებიც მითითებული არ არის, კანდიდატებს საკმაოდ გაუჭირდებათ სათანადოდ მომზადება. ამდენად, გადავწყვიტეთ გავაკეთოთ პატარა მიმოხილვები, რომლებიც საგამოცდო საკითხებს შეეხება. ვიმედოვნებთ, რომ ეს დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც საბერძნეთის მოქალაქეობის მიღებას აპირებენ.

გეოგრაფიაში ერთ-ერთი საგამოცდო თემა საბერძნეთის მთებს ეხება. სწორედ ამ თემაზეა ჩვენი დღევანდელი ტექსტიც:

საბერძნეთი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მთიანი ქვეყანაა. მისი ტერიტორიის 80% მთებს უჭირავს. პინდოსი (Πίνδος) საბერძნეთის ყველაზე დიდი ქედია. მასზე მდებარეობს ბერძნული მითოლოგიიდან კარგად ცნობილი ოლიმპოს მთა (Όλυμπος), რომლის სიმაღლე 2918 მეტრია. ოლიმპო ქვეყნის ყველაზე მაღალი მთაა.

ანტიკური მითოლოგიის თანახმად, ოლიმპოზე 12 ღმერთი ცხოვრობდა. 1938 წელს საბერძნეთმა ოლიმპოს მთა ეროვნულ პარკად გამოაცხადა.

სიმაღლით მეორე ადგილზეა მთა ზმოლიკასი (Σμόλικας), რომლის სიმაღლე 2637 მეტრია.

მესამეა მთა ვორასი (Βόρας), რომელიც მცირედით ჩამოუვარდება ზმოლიკასს – მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 2524 მეტრს შეადგენს.

მეოთხე ადგილზეა მთა გრამოსი (Γράμμος)2520 მეტრი.

საბერძნეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის ასევე კარგად არის ცნობილი მთები: პარნასი (Παρνασσός), ტაიგეტოსი (Ταΰγετος; ათენში სწორედ ტაიგეტოსის ქუჩაზე მდებარეობდა ბოლო დრომდე საქართველოს საელჩოს შენობა) და პარნითა (Πάρνηθα), რომელიც ათენის ჩრდილოეთით მდებარეობს და განთქმულია მის მწვერვალზე არსებული კაზინოთი.

გიორგი ჯანელიძე

მსურველებს  საგამოცდო საკითხების ნახვა შეუძლიათ შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე, შემდეგ მისამართზე: https://exetaseis-ithageneia.ypes.gr/#topics

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close