მსოფლიო

როგორ ახერხებს ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ნებისმიერი სკანდალიდან თავის დაღწევას?

ბუკინგემის სასახლე მორიგ სკანდალს განიცდის. პრინც ჰარის მეუღლემ მეგან მარკლმა ოპრა უინფრისთან ინტერვიუში თქვა, რომ სამეფო ოჯახის ზოგიერთ წევრი მისი მომავალი შვილის კანის ფერზე წუხდა, ამავდროულად, მას დეპრესიის დროს სპეციალისტთან ვიზიტის საშუალება არ მისცეს (თითქოს ეს სამეფო ოჯახის რეპუტაციას დააზარალებდა).

ოჯახური წყვილის გულახდილობამ, რომელმაც 2020 წელს სამეფო ტიტულებსა და პასუხისმგებლობებზე საჯაროდ თქვა უარი და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა, ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია. სხვადასხვა მიმომხილველის აზრით, მეგანმა და ჰარიმ სამეფო ოჯახის იმიჯს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს და ამასთან გამკლავებას დედოფალი ვეღარ შეძლებს. დიდი ალბათობით, ბებიის რეპუტაციის დაცვა გაუჭირდება პრინც უილიამსაც კი, თავისი იდეალური ოჯახით.

სკანდალები რეგულარულად ხდება, მაგრამ ეს დედოფლის რეიტინგზე არანაირად არ მოქმედებს. როგორ არის აწყობილი კომუნიკაცია ბუკინგემის სასახლის პრესსამსახურსა და ბრიტანულ მედიას შორის, რომელიც სამეფო ოჯახს ყოველი, ერთი შეხედვით, გამოუვალი სიტუაციიდან გამოძრომაში ეხმარება?

რას საქმიანობს სამეფო ოჯახის პრესსამსახური?

იმის გასაგებად, თუ რამდენ სკანდალთან, მოულოდნელ სიახლესა თუ იმედგაცრუებასთან გამკლავება უწევს ბუკინგემის სასახლის პრესმდივანს, საკმარისია ელისაბედ II-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანაშემწის, მაიკლ შის ბიოგრაფიას  გადავხედოთ. მან ამ თანამდებობაზე ათ წელზე ნაკლები იმუშავა, თუმცა ამ ხნის მანძილზე თითქმის ყოველ წელს სერიოზული მედიასკანდალი იყო. 1979 წელს გაირკვა, რომ სამეფო ოჯახის სამხატვრო კურატორი სერ ენტონი ბლანტი ჯაშუში იყო და საბჭოთა დაზვერვასთან თანამშრომლობდა. 1982 წელს ცხოვრებაზე გაბრაზებული მაიკლ ფეგანი დედოფლის საძინებელში შეიპარა  და დამხმარე ძალის მოსვლამდე ელისაბედ მეორეს მასთან მარტო გამკლავება მოუწია.

დიპლომატიური საქმიანობის გამოცდილების მქონე მაიკლ ში, სამეფო ოჯახის მოქმედი პრესმდივნის, სიტყვაძუნწი სამხედრო რიჩარდ კოლვილისგან განსხვავებით, ძალიან მომხიბვლელი და კომუნიკაბელური ადამიანი იყო. შესაბამისად, ჟურნალისტებთან საერთო ენა მან სწრაფად გამონახა. სწორედ მისი ძალისხმევით, ბევრმა პოტენციურმა სკანდალმა ნაციონალური გაზეთების პირველ გვერდებამდე ვერც მიაღწია, ნაწილმა კი ისე ჩაიარა, რომ ბუკინგემის სასახლის იმიჯისთვის სერიოზული ზიანი არ მიუყენებია.

მაიკლ ში თანამდებობიდან კონკრეტული სკანდალის შემდეგ გადადგა. მაშინ პრესაში პრემიერ-მინისტრ მარგარეტ ტეტჩერსა და დედოფალს შორის პოლიტიკური უთანხმოების შესახებ ჭორებმა გაჟონა. როგორც ამბობდნენ, აღნიშნული ინფორმაციის წყარო თავად მაიკლ ში იყო. 1987 წელს სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, მან, როგორც წარუმატებელმა პოეტმა, მედიასთან ურთიერთობის გამოცდილება პოლიტიკური თრილერების სერიად და პიარისა და პოლიტტექნოლოგიების სახელმძღვანელოდ წარმატებით გარდაქმნა.

მორიგი და, როგორც მაშინ ჩანდა, გამოუსწორებელი პიარკრიზისის გადაწყვეტა ბუკინგემის სასახლის მომდევნო პრესმდივანს, ჩარლზ ენსონს  მოუწია. ის დედოფალთან მუშაობდა ურთულეს პერიოდში – 1990-დან 1997 წლამდე. სწორედ მაშინ მსოფლიო პრინც ჩარლზის, პრინცესა დიანასა და კამილა პარკერ-ბოულსის სასიყვარულო სამკუთხედს ადევნებდა თვალს. ენსონი, რომელიც ამ თანამდებობიდან დიდი ხნის წინ გადადგა, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ახალ სკანდალში დედოფლისადმი მხარდაჭერა გამოხატა. მან BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბუკინგემის სასახელში რასისტები არ არიან და მეგანისადმი სამეფო ოჯახი ყოველთის სითბოთი და გულითადად იყო განწყობილი.

ამჟამინდელი პრესსამსახურიც შეეცადა საკითხის შემსუბუქებას: ბუკინგემის სასახლის ოფიციალურ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ სამეფო ოჯახი შეწუხებულია წყვილის მძიმე ცხოვრებაზე მოყოლილი ამბით, წუხს რასისტულ განცხადებებთან დაკავშირებით და, რაც მთავარია, აგრძელებს ჰარის, მეგანისა და პატარა არჩის სიყვარულს. კრიტიკოსების აზრით, დედოფალმა შეძლო ის, რომ ბოლო სიტყვა მან თქვა და კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია აღკვეთა, თუმცა პასუხის მოსაფიქრებლად სამეფო ოჯახს 24 საათზე მეტი დასჭირდა.

რას აღწევენ ამით ტაბლოიდები?

ჰარიმ და მეგანმა ინტერვიუს დროს ოპრას უთხრეს, რომ ბუკინგემის სასახლესა და ტაბლოიდებს შორის ერთგვარი სიმბიოტიკური ურთიერთობაა. მხარეებს აქვთ უხილავი შეთანხმება: მონარქები ჟურნალისტებს შესაძლებლობას  აძლევენ, მათ ცხოვრებას თვალი ადევნონ, უზრუნველყოფენ მათ აკრედიტაციებითა და სამეფო ქორწილებში, პანაშვიდებსა თუ სხვა სპეციალურ ღონისძიებებზე ფოტოგრაფებისთვის მოსახერხებელი ადგილებით, მედია კი მადლობის ნიშნად ცდილობს, ისინი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოს.

ამავდროულად, ყოველთვის არსებობს რისკი, რომ აუდიტორიის ძიებისას ტაბლოიდები ამ დაუწერელ წესებს დაარღვევენ. საკმარისია გავიხსენოთ გაზეთ News of the World-ის (ბრიტანეთის წამყვანი ტაბლოიდი ცნობილი მედიამაგნატის, რუპერტ მერდოკის ხელმძღვანელობით) გახმაურებული საქმე. ჟურნალისტებს ცნობილი ადამიანების – პოლიტიკოსების, სპორტსმენების, შოუბიზნესის წარმომადგენლებისა და სამეფო ოჯახის წევრების მობილური ტელეფონების უკანონო მოსმენებში ადანაშაულებდნენ. უდიდესი სკანდალის შემდეგ News of the World-ი 2011 წელს სამუდამოდ დაიხურა.

The Guardian-ის მიმომხილველი და მედიაკრიტიკოსი ნიკ დევისი თავის წიგნში აღნიშნავს, რომ ბრიტანულ ტაბლოიდებს ადვილად შეუძლიათ როგორც ადამიანის იმიჯის შექმნა, ისე მისი განადგურება. მეგანის შემთხვევაშიც დაახლოებით ასე მოხდა. წყვილის პირველი გამოჩენის შემდეგ ბრიტანული პრესა თავდაპირველად თავის განცხადებებში კორექტული და ფრთხილი იყო, თუმცა როგორც კი სასექსის ჰერცოგინიამ სამეფო პროტოკოლი დაარღვია, გაზეთების პირველი გვერდები შემდეგი ტიპის სათაურებით აჭრელდა: „მეგანმა უილიამისა და ჰარის მეგობრობა გაანადგურა“, „მეგანმა კემბრიჯის ჰერცოგინია ცრემლებამდე მიიყვანა“, „მეგანი მამასა და ნახევარ დასთან ურთიერთობას თავს არიდებს“. მეგანს მედია ნეგატიურად წარმოაჩენდა და საზოგადოებას ამპარტავანი ამერიკელისადმი უარყოფითად განაწყობდა, თუმცა აქებდნენ ბრიტანელ ქეთრინს თავისი თავმდაბლობის, გულისხმიერებისა და ოპტიმიზმის გამო.

საბოლოო შედეგი დღეისათვის კი ასეთია: დედოფლისადმი მედიის ლოიალურობამ ისევ იმუშავა. YouGov-ს გამოკითხვის თანახმად, ბრიტანელი მაყურებლის 47%-მა მეგანისა და ჰარის ინტერვიუ უადგილოდ მიიჩნია, 21%-მა დროულად ჩათვალა, 31% კი ვერ ჩამოყალიბდა. ამავდროულად, გამოკითხულთა 36% სამეფო ოჯახს თანაუგრძნობს.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close